კალათბურთი

17:40 | 7.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

“მგზავრებმა” “კაკტუსს” მოუგო და “ბათუმი” სუპერლიგაში დარჩა

სუპერლიგის მე-16 ტური დასრულდა. ბოლო მატჩი საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა. ერთმანეთს სუპერლიგაში დასარჩენად მებრძოლი “კაკტუსი” და გათამაშების ერთ-ერთი ლიდერი “მგზავრები” შეხვდნენ. თამაშის ბედი ბოლო წუთებზე გაირკვა, მანამდე კი ბრძოლა მოდიოდა და სასწორზე საკმაოდ ღირებული რამ იდო.

განსაკუთრებით “კაკტუსისთვის” ჰქონდა ამ მატჩის შედეგს მნიშვნელობა: არჩილ ჟღენტის გუნდს აუცილებლად მოგება სჭირდებოდა, რათა სუპერილაში დასარჩენ ბრძლაში დარჩენილიყო. მართალია, კაკტუსელებსკიდევ დარჩათ თეორიული შანსი, გადათამაშებაში მოსახვედრ მე-9 ადგილს აერიდნონ, თუმცა რეალურად ამის განხორციელება ურთულესი იქნება და აი, რატომ: დარჩენილი 2 მატჩიდან კაკტუსელებმა ორივე უნდა მოიგონ – აქედან ცხრილში მათზე ერთი საფეხურით წინ მყოფ “ტიტებს” მინიმუმ 17 ქულით სძლიონ, ხოლო “ტიტებმა” კიდევ ერთი მატჩი წააგოს, რომელიც “თსუ-ჰიუნდაისთან” აქვს გასამართი.

ეს რთული გზა რომ შედარებით შეემსუბუქებინა, “კაკტუსს” დღეს საკმაოდ მოტივირებული “მგზავრები” უნდა დაემარცხებინა, თუმცა ეს ვერ მოახერხა. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილ “მგზავრებს” შანსი აქვთ, რეგულარულ ჩემპიონატში მე-2 ადგილი დაიკავონ და ფინალამდე ნებისმიერ მეტოქესთან მოედნის უპირატესობა მოიპოვონ. თანაც, დღეს მისმა კონკურენტმა “დინამომ” “ბათუმთან” წააგო და “მგზავრებს” მოგების შემთხვევაში ერთპიროვნული მეორე ადგილი ელოდა. ბოძებული შანსი “მგზავრების” კალათბურთელებმა კარგად გამოიყენეს და ბოლომდე მებრძლი “კაკტუსი” საბოლოოდ მაინც გატეხეს – 94:85.

“მგზავრებში” საუკეთესო იყო ადრიან ბოუი, რომელმაც ევროპულ კალათბურთში მეტად იშვიათი სამმაგი დუბლი შეასრულა -19 ქულა, 13 პასი, 10 მოხსნა. ბომბარდირი 24 ქულით პრინს უილიამსი გახდა. 19 ქულა დააგროვა ჯეიკობ არმსტრონგმა, ხოლო ჯახა ჯინჭარაძემ ორმაგი დუბლი – 13 ქულა და 11 მოხსნა გაიფორმა. “კაკტუსში” 29 ქულა ჰქონდა დელანო სპენსერს, დომინიკ ელიოტის ანგარიშზე კი 18 ქულა და 10 მოხსნა დაგროვდა.

ერთი მნიშვნელოვანი ფაქტიც: “კაკტუსის” წაგებით სუპერლიგაში დარჩენა ოფიციალურად გაიფორმა “ბათუმმა”, რომელიც დარჩენილ 2 ტურში დაფიქსირებული შებისმიერი შედეგის მიუხედავად მე-8 ადგილს არ ჩამოსცდება. დარჩენის ზღვარზეა “ტიტებიც”, რომელსაც დარჩენილი 2 მატჩიდან ორივეს წაგების უფლება აქვს, თუმცა, როგორც ზემოთ ვთქვით, “კაკტუსთან” 17 ქულით არ უნდა დამარცხდეს.

მგზავრები – კაკტუსი
სტატისტიკა: 94:85 www.gbf.ge

0.112461