ავტოსპორტი

1:30 | 1.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონი ლეკლერის გამარჯვებას დაეუფლა

დღეს, ბაჰრეინის სახირის ტრეკზე, ფორმულა 1-ის მომავალი ჩემპიონი ვიხილეთ. შარლ ლეკლერმა ბრწყინვალედ ჩაატარა რბოლა და რომ არა ტექნიკის დაზიანება, დამსახურებულ პირველ გამარჯვებას მოიპოვებდა. მაგრამ არაუშავს, როგორც ნარბოლევს ლუის ჰამილტონმა განაცხადა, მონაკოელს წინ ბევრი გამარჯვება აქვს!

მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა მოიგო, მანქანიდან გადმოსვლისთანავე მიეახლა ლეკლერს და დიდებული რბოლა უქო. თავად კი უხერხულობა ეტყობოდა, თუმცა რბოლები ასეა - ხან გაგიმართლებს, ხან - არა. ამჯერად ლეკლერს არ გაუმართლა, თუმცა მისი მთავარი გამართლება ისაა, რომ „ფერარიში“ ნიჭი დაუფასეს და ახალგაზრდობის მიუხედავად, გუნდში მიიწვიეს, რასაც მარანელოელები მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში აკეთებენ. „ფერარისთან“ ერთად, ლეკლერს კიდევ ბევრჯერ ექნება თავის გამოჩენის საშუალება.

რბოლის სტარტზე ის ოდნავ შეფერხდა და სებასტიან ფეტელს გასწრების შანსი მისცა, რაც მან კარგად გამოიყენა. უფრო მეტიც, ლეკლერს ვალტერი ბოტასმაც გაასწრო და ჰამილტონმაც შეუტია. თუმცა მონაკოელმა ჯერ ჩემპიონის შეტევა მოიგერია, მეორე წრეზე კი ბოტასს ხურდა დაუბრუნა და მე-6 წრეზე ფეტელსაც გაასწრო.

აქედან მოყოლებული, „ფერარის“ 21 წლის პილოტს რეალური მეტოქე არ ჰყოლია. ის დამაჯერებლად ლიდერობდა, მაგრამ ფინიშამდე 10 წრით ადრე, ძრავის პრობლემები დაეწყო, რის გამოც, ტემპი საგრძნობლად დააგდო. ამ დროს ჰამილტონს დიდი უპირატესობით უგებდა, მაგრამ ბრიტანელმა მას 48-ე წრეზე გაასწრო, 6 წრის შემდეგ კი ბოტასმაც ჩამოიტოვა.

უფრო მეტიც, გასწრება მაქს ფერსტაპენსაც შეეძლო, მაგრამ ამ შემთხვევაშიც, საქმეში იღბალი ჩაერია - „რენოს“ ორივე პილოტი ერთ წრეზე გამოეთიშა რბოლას და მათი მანქანების ევაკუაციამდე, პელოტონის გაძღოლა უსაფრთხოების ავტომობილს დაევალა. მანვე პელოტონი ფინიშამდე მიაცილა. ამგვარად, ლეკლერს დასამშვიდებლად, კვარცხლბეკზე მესამე საფეხურის დაკავება ერგო, თუმცა რეალურად, ეს მესამე ადგილი მისთვის მარცხის ტოლფასი იყო.

„შარლს ძალიან არ გაუმართლა, მან დიდებული რბოლა ჩაატარა. ბევრი გარჯა მოგვიწევს, რათა ეს ბიჭები კვლავ უკან მოვიტოვოთ“, - ნარბოლევს განაცხადა ჰამილტონმა, ვისთვისაც ეს კარიერაში მოპოვებული 74-ე გამარჯვებაა. შეგახსენბთ, რომ მოგებათა რეკორდი მიხაელ შუმახერს ეკუთვნის, ვისაც 91 გამარჯვება აქვს მოპოვებული.

„შარლს დღეს ძალიან არ გაუმართლა. ის უსწრაფესი იყო და რბოლაც უნდა მოეგო, მაგრამ შემდეგ მოულოდნლად სიტუაცია შეიცვალა“, - განაცხადა „მერსედესის“ შეფმა ტოტო ვოლფმა.

„ძალიან ძნელია, როცა მოგების ნცვლად, მხოლოდ მესამე ადგილით დაკმყოფილება გიწევს. მაგრამ რბოლებში ასე ხდება, ჩვენ კი შემდეგისთვის უფრო ძლიერები ვიქნებით“, - განაცხადა ლეკლერმა, ვინც კვარცხლბეკზე პირველად ავიდა და უსწრაფესი წრისთვის ერთი ქულაც დაიმსახურა.

ლეკლერის მსგავსად, არც ფეტელს გაუმართლა. როგორც ყოველთვის, მას ჰამილტონთან უშეღავათო ბრძოლა ჰქონდა. ბრიტანელმა პირველი პიტ სტოპისას შეძლო გერმანელის ჩამოტოვება. მაგრამ ფეტელმა მალე ბრძოლით დაიბრუნა პოზიცია. თუმცა დროებით - ჰამილტონმა მეორე პიტ სტოპის შემდეგ შეუტია. ფეტელმა პოზიცია დაიცვა და თავად ბოტასი ჩამოიტოვა, რომელსაც საბურავების შეცვლა დაუგვიანეს. მომდევნო წრეზე ჰამილტონმა ფეტელს ისევ შეუტია და დაძაბულ ბრძოლაში ჩამოიტოვა. კონტრშეტევის მცდელობისას კი ფეტელი დატრიალდა. ამით „ფერარის“ პილოტის პრობლემები არ დამთავრებულა - სწორზე მის მანქანას წინა ფრთის კვანძი მოსწყდა (დაშვებულმა საბურავმა დაუზიანა) და ფეტელს მის გამოსაცვლელად, ბოქსში შესვლამ მოუწია. საბოლოოდ, ფეტელი მეხუთე ადგილს დასჯერდა.

ბაჰრეინის დიდი პრიზი

სახირი, დისტანცია 308.238 კმ (5.412 კმ, 57 წრე)

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:34:21.295
  2. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 2.980
  3. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 6.131
  4. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 6.408
  5. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 36.068
  6. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 45.754
  7. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 47.470
  8. პიერ გასლი (საფრანგეთი, რედ ბული) 58.094
  9. ალექსანდერ ალბონი (ტაილანდი, ტორო როსო) 62.697
  10. სერხიო პერესი (მექსიკა, რეისინგ პოინტი) 63.696
  11. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 64.599
  12. დანიილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) 1 წრე
  13. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1 წრე
  14. ლანს სტროლი (კანადა, რეისინგ პოინტი) 1 წრე
  15. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 1 წრე
  16. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, უილიამსი) 2 წრე
  17. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) DNF 0
  18. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რენო) DNF 0
  19. კარლოს საინსი (ესპანეთი, მაკლარენი) DNF 0
  20. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) DNF 0

უსწრაფესი წრე: შარლ ლეკლერი - 1:33.411 (38-ე წრე, 208.575 კმ/სთ)

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. ვალტერი ბოტასი - 44 ქულა; 2. ლუის ჰამილტონი - 43; 3. მაქს ფერსტაპენი - 27; 4. შარლ ლეკლერი - 26; 5. სებასტიან ფეტელი - 22; 6. კიმი რაიკონენი - 10; 7-8. ლანდო ნორისი, კევინ მაგნუსენი - 8; 9. ნიკო ჰულკენბერგი - 6; 10. პიერ გასლი - 4; 11. ლანს სტროლი, ალექსანდერ ალბონი - 2; 13-13. დანიილ კვიატი, სერხიო პერესი - 1; 15. ანტონიო ჯოვინაცი, ჯორჯ რასელი, რობერტ კუბიცა, დანიელ რიკიარდო, კარლოს საინსი - 0

კონსტრუქტორთა ჩემპიონატი

1. მერსედესი - 87 ქულა; 2. ფერარი - 48; 3. რედ ბულ-ჰონდა - 31; 4. ალფა რომეო - 10; 5-6. ჰაას-ფერარი, მაკლარენ-რენო - 8; 7. რენო - 6; 8. რეისინგ პოინტ-მერსედესი, ტორო როსო-ჰონდა - 3; 10. უილიამს-მერსედესი - 0

0.114076