ფეხბურთი

21:29 | 31.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპული“ ისევ გადარჩა
„კარდიფის“ მწვრთნელი: „პრემიერლიგა მსოფლიოში საუკეთესო ლიგაა, მაგრამ ყველაზე უარესი მსაჯები ჰყავს“

კლოპი და „ლივერპული“ გადარჩნენ. კვირას „ტოტენჰემი“ რომ არ დაემარცხებინათ, ალბათ, საბოლოოდ უნდა ჩაექნიათ ტიტულისთვის ოცნებაზე ხელი. „ენფილდზე“ მატჩი ძალიან დრამატული გამოდგა. „წითლებმა“ მალევე გახსნეს ანგარიში. ფირმინომ შეაგდო რობერტსონის ფანტასტიკური პასის კვალად. მასპინძლებს კიდევ შეეძლოთ გატანა.

შესვენების შემდეგ კი „ტოტენჰემი“ გააქტიურდა, შეუტია და ლუკასმა საპასუხოც გაიტანა. აქ კი ანერვიულდნენ მასპინძლები. დაფაცურდნენ, თუმცა, რეალურად ნახევარმომენტების გარდა ვერაფერი შესთავაზეს მოწინააღმდეგეს. პირიქით, სტუმართაგან სისოკომ და ალიმ გაანიავეს ხელსაყრელი მომენტები.

კვანძი ბოლო წუთზე გაიხსნა. ლონდონელთა მეკარე ლორისმა სალაჰის ახლოდან დარტყმული კი მოიგერია, მაგრამ ბურთი ალდერვეირელდს მოხვდა და კარში შევარდა... „ლივერპულმა“ ურთულესი გამარჯვება მოიპოვა და ცხრილში პირველ ადგილზე დაბრუნდა.

ინგლისელებმა ძალიან ცუდი ქნეს, რომ ვიდეოარბიტრის სერვისი მიმდინარე სეზონშივე არ დანერგეს პრემიერლიგაში. მაშინ, როცა სხვა ქვეყნებში უკვე უვიდეოარბიტროდ ვეღარც წარმოუდგენიათ თამაში, ინგლისში მსაჯების საოცარი შეცდომები ისევ გრძელდება.

გასავარდნად თითქმის განწირული „კარდიფი“ მეორე ტაიმის დასაწყისში გატანილი გოლის წყალობით უგებდა „ჩელსის.“ დრო მიდიოდა და მასპინძელთა მწვრთნელი, ნილ უორნოკი იმედიანი თვალებით უცქერდა მინდორს. მაგრამ 84-ე წუთზე არბიტრმა პოუსონმა ასპილიკუეტას აშკარა თამაშგარე ვერ დაინახა და ანგარიში გათანაბრდა. ეს კიდევ არაფერი, შეცდომა ვის არ მოსვლია, მაგრამ ორიოდ წუთში სტუმარმა რიუდიგერმა მეკარესთან პირისპირ გაქცეული ზაჰორე საჯარიმოში წააქცია. უკანასკნელი იმედის ჯარიმა გახლდათ და პოუსონს, წესით პენალტიც უნდა დაენიშნა და რიუდიგერიც გაეძევებინა, მაგრამ მხოლოდ ყვითლით შემოიფარგლა. ბოლო წუთზე კი შეცვლაზე შესულმა ლოფტუს-ჩიკმა გამარჯვებისა გაიტანა, უნდა გენახათ ამ მომენტში უორნოკის სასოწარკვეთილი გამომეტყველება.

„ძალიან გულდაწყვეტილი ვარ. ბევრი ვიმუშავეთ, მოსაგებად გავედით მინდორზე და უსამართლოდ წაგვაგებინეს. ეს პირდაპირ კბილებში მუშტის მორტყმაა. როგორ ვერ დაინახეს ასეთი თამაშგარე. პრემიერლიგა მსოფლიოში საუკეთესო ლიგაა, მაგრამ ყველაზე უარესი მსაჯები ჰყავს.“ - უთხრა შემდეგ უორნოკმა ВВС-ის.

ინგლისი

პრემიერლიგა. 32-ე ტური. 31 მარტი

კარდიფი - ჩელსი 1:2

კადიფი. „კარდიფ სიტი.“ 32 657

1:0 კამარასა (46), 1:1 ასპილიკუეტა (84), 1:2 ლოფტუს-ჩიკი (90+1)

კარდიფი: ეთერიჯი, ბენეტი, მანგა, მორისონი, პალტიერი, არტერი (რელზი 80), გუნარსონი, მერფი (მენდეს-ლენგი 90), კამარასა, ჰოილეტი, ნიასი (ზაჰორე 87)

მწვრთნელი: ნილ უორნოკი

ჩელსი: კეპა, ასპილიკუეტა, ლუისი, რიუდიგერი, ალონსო, ჟორჟინიო (ლოფტუს-ჩიკი 64), კოვაჩიჩი, ბარკლი, ვილიანი, იგუაინი (ჟირუ 77), პედრო (აზარი 53)

მწვრთნელი: მაურიციო სარი

მსაჯი: კრეიგ პოუსონი

გაფრთხილება: არტერი (54), გუნარსონი (86); ჟორჟინიო (26), ასპილიკუეტა (61), რიუდიგერი (87)

ლივერპული - ტოტენჰემი 2:1

ლივერპული. „ენფილდი.“ 53 322

1:0 ფირმინო (16), 1:1 მოურა (70), 2:1 ალდერვეირელდი (90, საკ. კარში)

ლივერპული: ალისონი, რობერტსონი, მატიპი, ვან დეიკი, ალექსანდერ-არნოლდი, ჰენდერსონი (ფაბინიო 77), ვეინალდუმი, მილნერი (ორიჯი 77), სალაჰი (ლოვრენი 82), ფირმინო, მანე

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

ტოტენჰემი: ლორისი, ვერტონგენი, ალდერვეირელდი, სანჩესი (სონი 69), როუზი, ტრიპიერი, სისოკო, ერიკსენი (ლიორენტე 82), ალი, მოურა (დევისი 82), კეინი

მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

მსაჯი: მარტინ ატკინსონი

გაფრთხილება: მოურა (80)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119929