ავტოსპორტი

2:22 | 31.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლეკლერის პირველი პოული და „ფერარის“ საკვალიფიკაციო დუბლი

„ფერარის“ ახალწვეულმა, 21 წლის მონაკოელმა შარლ ლეკლერმა ბაჰრეინის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლაში საუკეთესო დრო დააფიქსირა, თანაგუნდელ სებასტიან ფეტელს 0.294 წამით აჯობა და კარიერაში პირველად დადგება სტარტის პოულ პოზიციაზე. „ფერარის“ ორივე პილოტი კი სასტარტო პირველ რიგს დაიკავებს.

მხოლოდ მათ შემდეგ არიან „მერსედესის“ ლუის ჰამილტონი და ვალტერი ბოტასი, რომლებიც მელბურნში დომინირებდნენ. მოქმედი ჩემპიონი ლეკლერს 0.324 წამით ჩამორჩა.

„მადლობა ბიჭებო, მანქანა საოცარი იყო. კარგი დასაწყისია. ვეცდები, ხვალ საქმე დავასრულო“, - გუნდს რადიოთი მადლობა გადაუხადა ლეკლერმა, რომელმაც წრე სახირის ტრეკის რეკორდულ დროში - წუთსა და 27.866 წამში გაიარა.

ლეკლერი ფორმულა ერთში შარშან მოვიდა, მას შემდეგ, რაც ფორმულა 2-ის ტიტული მოიპოვა. სადებიუტო სეზონი „ზაუბერში“ (ამჟამად ალფა რომეო) გაატარა და სწრაფად მიიქცია „ფერარის“ ყურადღება. მარანელოელები ახალბედებს იშვიათად იწვევენ, მაგრამ ლეკლერი გამონაკლისი გახდა. მან „წითლებში“ თვით მათი ბოლო ჩემპიონი, კიმი რაიკონენი შეცვალა, რომელმაც „ალფა რომეოში“ გადაინაცვლა.

ლეკლერი მეორე ყველაზე ახალგაზრდა მრბოლია, ვინც პოულ პოზიციის მოპოვება შეძლო. პოულის ყველაზე ახალგაზრდა მფლობელის წოდება კი ფეტელს ეკუთვნის, ვინც ეს მონცას 2008 წლის რბოლაში, „ტორო როსოს“ მანქანით შეძლო. მაშინ ის 21 წლის და 73 დღის იყო. ლეკლერი ფ1-ის ისტორიაში პირველი მონაკოელი მრბოლია, ვინც სტარტზე მოწინავე პოზიციას დაიკავებს.

„ფერარისთვის“ ეს პირველი პოულია იტალიის შარშანდელი რბოლის შემდეგ. მაშინაც გუნდმა სტარტზე წინა რიგი დაიკავა, თუმცა რბოლა ჰამილტონმა მოიგო. მელბურნში წითლებს სიჩქარე აკლდათ და ისე ჩანდა, რომ პროლემა სერიოზული იყო. თუმცა ინჟინრებმა ამის მიზეზს სწრაფად მიაგნეს და ბაჰრეინში გამოჩნდა, რომ ისინი ფავორიტებს შორის არიან.

„ბევრი ვიმუშავეთ იმისთვის, რომ პრობლემის მიზეზისთვის მიგვეგნო. ვფიქრობ, ეს შედეგი გუნდს თავდაჯერებას დაუბრუნებს. ეს გუნდისთვის და მისთვის (ლეკლერისთვის) შესანიშნავი შედეგია და ეს არ იქნება მისი ბოლო მიღწევა“, - განაცხადა „ფერარის“ შეფმა მატია ბინოტომ.

ფეტელი კვალიფიკაციის მესამე ეტაპზე, მხოლოდ ერთხელ გამოვიდა ტრასაზე. ამის მიზეზი ის იყო, რომ ტრაფიკის გამო, მეორე ეტაპზე ზედმეტი წრეების გავლამ მოუწია, რაზეც საბურავების რესურსი შეუმცირდა. ჰოდა, გერმანელმა მათ დასაზოგად, ბოლო ეტაპზე მხოლოდ ერთი სწრაფი წრის გავლა გადაწყვიტა.

„მათ წარმოუდგენელი ტემპი ჰქონდათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათი დამარცხება შეუძლებელია. ჩვენ ამაზე ვიმუშავებთ. ვნახოთ, რა იქნება“, - განაცხადა ჰამილტონმა, ვინც მხოლოდ 0.066 წამით აჯობა ბოტასს.

„ფერარის“ და „მერსედესის“ პილოტების უკან, ყველაზე სწრაფი მაქს ფერსტაპენია, რომელიც სტარტზე მეხუთე პოზიციას დაიკავებს. მას სულ რაღაც, 0.005 წამით ჩამორჩა კევინ მაგნუსენი. ათეულშია „მაკლარენის“ ორივე პილოტი - კარლოს საინსი და ლანდო ნორისი. როგორც ჩანს, ფ1-ის მეორე ყველაზე ტიტულივანი გუნდი, კრიზისიდან თავის დაღწევას ახერხებს, რასაც ვერ ვიტყვით ასევე ტიტულოვან „უილიამსზე“, რომლის პილოტებიც პელოტონის კუდში განლაგდებიან.

ბაჰრეინის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 1:27.866
  2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:28.160
  3. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:28.190
  4. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 1:28.256
  5. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:28.752
  6. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1:28.757
  7. კარლოს საინსი (ესპანეთი, მაკლარენი) 1:28.813
  8. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 1:29.022
  9. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:29.043
  10. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რენო) 1:29.488
  11. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1:29.015
  12. ალექსანდერ ალბონი (ტაილანდი, ტორო როსო) 1:29.513
  13. პიერ გასლი (საფრანგეთი, რედ ბული) 1:29.526
  14. სერხიო პერესი (მექსიკა, რეისინგ პოინტი) 1:29.756
  15. დანიილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) 1:29.854
  16. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 1:30.026
  17. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 1:30.034
  18. ლანს სტროლი (კანადა, რეისინგ პოინტი) 1:30.217
  19. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 1:31.759
  20. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, უილიამსი) 1:31.799
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.152897