ფეხბურთი

10:28 | 30.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოდიონ იგალო: "ბარსელონას" უარი ვუთხარი, რადგან ვფიქრობ, რომ მეტს ვიმსახურებ"

ნიგერიის ნაკრების თავდამსხმელმა ოდიონ იგალომ კატალონიის „ბარსელონაში“ გადასვლაზე უარი თქვა. როგორც თავად 29 წლის ფეხბურთელი იხსენებს, „კამპ ნოუზე“ გადაბარგების შანსი იანვარში ჰქონდა, მაგრამ ეს ნაბიჯი არ გადადგა, რადგან მიაჩნია, რომ მეტი დაიმსახურა.

ნიგერიელ შემტევს კატალონური გრანდის მხრიდან დამოკიდებულება და კონტრაქტის ხანგრძლივობა არ მოეწონა. ამიტომ, ევროპის გამორჩეულ გუნდზე უარი თქვა და ჩინურ „შანხაი შენჰუაში“ გადავიდა.

„ჩემი აგენტი იანვარში მესაუბრა „ბარსელონას“ ინტერესის შესახებ. გამოცდილი თავდამსხმელი სჭირდებოდათ, რომელიც ლა ლიგასა და ესპანურ ფეხბურთსაც კარგად იცნობდა. უნდოდათ, რომ 6-თვიანი კონტრაქტი გაეფორმებინათ და თანაც, სათადარიგო სკამზე ყოფნისთვის.

შესანიშნავი იყო „ბარსელონას“ ინტერესი, ნებისმიერი სხვა ფეხბურთელი დუაყოვნებლივ დათანხმდებოდა ამ წინადადებას, მაგრამ მიუხედავად პატივისცემისა, მე 21 გოლი გავიტანე, მეორე ადგილზე გავედი ჩინეთის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში და მეტი დავიმსახურე, ვიდრე ასეთი სახის მოკლე კონტრაქტია. ეს ადვილი არჩევანი იყო, ვამჯობინე, რომ „შანხაიში“ უფრო გრძელვადიანი კონტრაქტით წავსულიყავი“, - თქვა იგალომ.

შეგახსენებთ, ზამთარში „ბარსელონამ“ „სასუოლოდან“ კევინ პრინს ბოატენგი დაიმატა. როგორც ჩანს, იგალო სწორედ ამ პერიოდს იხსენებს, სანამ „ბარსა“ ბოატენგს გაიფორმებდა.

აღსანიშნავია, რომ თავად ოდიონ იგალო მიმდინარე წლის თებერვალში ჩინური „ჩანგჩუნიდან“ „შანხაი შენჰუაში“ გადაბარგდა. თავის დროზე აფრიკელ ფეხბურთელს ესპანეთში „გრანადას“ ღირსება წარმატებით დაუცავს. ასევე თამაშობდა „უდინეზეში“, „ჩეზენასა“ და „უოტფორდში“.

0.121937