ავტოსპორტი

18:43 | 24.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო თავართქილაძემ საერთაშორისო კარიერა გამარჯვებით დაიწყო

საქართველოს სამგზის ჩემპიონმა ფორმულა „ალფას“ კლასში, სანდრო თავართქილაძემ, აზიის ფორმულა „რენოს“ ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო. ქართველმა მრბოლმა, რომელიც ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდ „ბლექ არტს რეისინგთან“ ერთად ასპარეზობს, ჩემპიონატის პირველი ეტაპის მეორე რბოლა მოიგო.

ჩემპიონატის პირველ ეტაპს ჟუჰაის საერთაშორისო ტრეკმა უმასპინძლა. პრაქტიკებიც, კვალიფიკაციაც და რბოლებიც, წვიმის აკომპანიმენტით ჩატარდა, რაც თავართქილაძისთვის სერიოზულ გამოწვევად იქცა - 19 წლის ქართველს წვიმაში ადრე არასდროს უასპარეზია. და უნდა ითქვას, რომ ის ყველა სირთულეს შესანიშნავად გაუმკლავდა.

ძლიერ წვიმაში, სანდრომ კვალიფიკაცია მეექვსე ადგილზე დაასრულა. ამინდი არც პირველი რბოლის დროს შეცვლილა. სტარტზე შეფერხების მიუხედავად, სანდრომ უშეცდომოდ ჩაატარა რბოლა, ფინიშამდე სამი მეტოქეც ჩამოიტოვა და მეხუთე ადგილი დაიკავა. მაგრამ იმის გამო, რომ წინ გასულთაგან ერთ-ერთმა მეტოქემ, სტარტზე მანქანა ადრე დაძრა, ის წუთით დააჯარიმეს და თავართქილაძემ საბოლოოდ, მეოთხეზე გადაინაცვლა.

მეორე რბოლა მშრალ ტრასაზე გაიმართა. სანდრომ სტარტზევე შეძლო რამდენიმე მეტოქის ჩამოტოვება და ფინიშთან მეორე მივიდა. პირველი ადგილი მისმა ჰოლანდიელმა თანაგუნდელმა ჯოი ალდერსმა დაიკავა, ვინც ფორმულა „რენოს“ ფორმულა 3-დან დაუბრუნდა. მაგრამ მსაჯებმა მასაც ადრეული სტარტი დაუფიქსირეს და ერთი წუთით დასაჯეს. საბოლოოდ, გამარჯვება თავართქილაძეს დარჩა.

ჩემპიონატის მეორე ეტაპს ჩინეთის ნინგბოს ტრეკი, 25-26 მაისს უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.135902