ჭიდაობა

12:16 | 24.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბექა როყვა: „ნაკრების შემადგენლობას ევროპის ჩემპიონატამდე რამდენიმე დღით ადრე დავასახელებთ"

ჭიდაობაში 2019 წლის სეზონის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შეჯიბრებამდე - ევროპის ჩემპიონატამდე ორიოდ კვირა რჩება. წლეულს ევროპის ჩემპიონ-პრიზიორები რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გამოვლინდებიან და ტრადიციულად, საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებები ევროხალიჩაზე სრული შემადგენლობებით გავლენ. ევროპის ჩემპიონატისთვის ორივე ნაკრები აქტიურად ემზადება.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა დღეს დაასრულეს საწვრთნელი შეკრება დუშეთში და რუმინეთში გამგზავრებამდე, გეგმაში კიდევ ერთი შეკრება რჩებათ. ამის შესახებ „მსოფლიო სპორტს" ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბექა როყვამ უთხრა.

- როგორ ემზადება გუნდი ევროპის ჩემპიონატისთვის?

- პროცესი გეგმაზომიერად მიდის. იანვრის დასაწყისში გამართული საქართველოს ჩემპიონატის შემდეგ გამოიკვეთა ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა და მოსამზადებელ ციკლში ჩაება. დავიწყეთ ბაკურიანის შეკრებით, რომელზეც ტრადიციულად, ძირითადი ყურადღება ფიზიკური კონდიციების გაძლიერებას დავუთმეთ. შემდეგ იყო სარეიტინგო გრან პრი უნგრეთში და 15-დღიანი საწვრთნელი შეკრება დუშეთში.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ შეკრებაში საქართველოს გარდა ყაზახეთის ნაკრებმაც მიიღო მონაწილეობა...

- არა მარტო ყაზახებმა. დუშეთში იყო ბულგარეთის ნაკრებიც. ორივე გუნდი გაფართოებული შემადგენლობით ჩამოვიდა და საკმაოდ ნაყოფიერი ერთობლივი ვარჯიშებიც გაიმართა. ბულგარელები უკვე დაბრუნდნენ სამშობლოში. ყაზახები კი საქართველოში კიდევ ერთი კვირა დარჩებიან, ოღონდ ჩვენი და მათი ერთობლივი წვრთნები უკვე დასრულებულია. ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ დასკვნით შეკრებას საქართველოს ნაკრები მათ გარეშე გაივლის, ბორჯომში.

- ევროპის ჩემპიონატისთვის ნაკრების შემადგენლობა უკვე გამოკვეთილია?

- ბევრი რამ ნათელია, მაგრამ საბოლოო განაცხადის დასახელებამდე ჯერ დრო კიდევ გვაქვს. ბორჯომში ათდღიან შეკრებას გავივლით და ევროპირველობაზე წამსვლელ შემადგენლობას იქ დავასახელებთ, რუმინეთში გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე.

- ტრავმა ხომ არ აწუხებს ვინმეს?

- საბედნიეროდ, ამ მხრივ საგანგაშო არაფერია.

- როდის გაემგზავრებით ევროპის ჩემპიონატზე?

- ბუქარესტში 10 აპრილს ჩავალთ. 11-ში პირველი კენჭისყრა შედგება. მედლები კი 13-14 აპრილს გათამაშდება.

Loading...
0.147531