ისტორია

9:39 | 24.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

24 მარტი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1953 - დაიბადა ოთარ გაბელია. ზუგდიდის, სოხუმისა და თბილისის “დინამოს,” ქუთაისის “ტორპედოს” გოლკიპერი. საბჭოთა კავშირის უმაღლესი ლიგის მატჩებში ჩაატარა 300 მატჩი. 1981 წელს მოიპოვა თასების მფლობელთა თასი, 1979 წელს საკავშირო თასი (პენალტების სერიაში გადამწყვეტი ბურთი აუღო ვალერი გაზაევს). 1979 წელს დაასახელეს საბჭოთა კავშირის წლის საუკეთესო მეკარედ. 1977 წლის საკავშირო პირველობის ვერცხლის, 1981 წლის ბრინჯაოს მედლების მფლობელი. საკავშირო თასის გათამაშების ფინალისტი (1980). 1975 წელს, ქუთაისის “ტორპედოს” რიგებში გამოსვლისას მოიპოვა საკავშირო პირველობის პირველი ლიგის ბრინჯაოს მედალი. საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ნაკრებში ჩაატარა ერთი მატჩი. წვრთნიდა საქართველოს ნაკრებს, ზუგდიდის “ოდიშს,” გურჯაანის “ალაზანს,” ყვარლის “დურუჯს,” მარნეულის “ალგეთს,” თბილისის თსუ-ს, “მერანი-91”-ს, ბოლნისის “სიონს,” ქუთაისის “ტორპედოს.” საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი. ოთარ გაბელია ღირსების ორდენის კავალერია.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1903 - იტალიის ქალაქ კრემონეში დაარსდა ამავე სახელწოდების საფეხბურთო კლუბი. წლების განმავლობაში გამოდიოდა იტალიელთა საფეხბურთო პირველობის უპირველეს ლიგაში. სხვადასხვა დროს “კრემონეზეს” ღირსებას ჯანლუკა ვიალი, ჯუზეპე ფავალი, ენრიკო კიეზა იცავდნენ.

1913 - ჰოლანდიის საფეხბურთო ნაკრებმა პირველად შეძლო ინგლისის ეროვნული გუნდის დამარცხება.

1922 - დიდ ნაციონალურ დოღში (Grand National Aintres) წინაღობათა გადალახვის შეჯიბრებაზე სტარტი 32-მა ცხენმა აიღო და ფინიშამდე მხოლოდ სამი მათგანი მივიდა.

1927- კუბელმა მოჭადრაკე ხოსე რაულ კაპაბლანკამ 33 დღიანი გრანპრის ტურნირი მოიგო.

1936- ჰოკეის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი მატჩი ჩატარდა. სტენლის თასისთვის ბრძოლაში, “დეტროიტ რედ უინგზმა” “მონრეალ მარუნზს” 176 წუთიანი პაექრობის შემდეგ, მეექვსე ოვერტაიმში 1:0 მოუგო.

1975- მუჰამედ ალიმ სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის ჩაკ ვეპნერი თხუთმეტრაუნდიან ორთაბრძოლაში დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1979- ლეგენდარულმა ამერიკელმა კალათბურთელმა, მეჯიქ ჯონსონმა კარიერაში პირველი სამმაგი დუბლი შეასრულა (29 ქულა, 10 მოხსნა, 10 შედეგიანი პასი).

1984- რუსმა მოციგურავემ, იგორ მალკოვმა, 10 კმ-ზე რბოლაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (14:21.51).

1985- ფინელმა მოთხილამურე ქალმა სისკო კაინულაისენმა მსოფლიოს რეკორდი დაამყარა. მან დღე-ღამის განმავლობაში 330 კმ დაფარა.

1990- ამერიკელმა მოცურავე ტომ ჰანტერმა 50 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (21,81).

1993- ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბ “მინესოტა ტიმბერვულვზის” მოთამაშე მაიკ უილიამსმა, რეგულარული პირველობის მატჩებში ზედიზედ 97-ე საჯარიმო ტყორცნა ზუსტად გამოიყენა.

2006- ოსაკას ბაშოზე ქართველმა სუმოისტმა ლევან ცაგურიამ ტურნირის მეცამეტე დღეს ჰოკუტორი დაამარცხა.

2007- თბილისის ეროვნულ სტადიონზე გამართულ ერთა თასის გათამაშების მატჩში, საქართველოს რაგბისტთა ნაკრებმა რუსეთის ეროვნულ გუნდს მოუგო (31:12).

2007- ფეხბურთში, ევროპის 2008 წლის შესარჩევი ციკლის მატჩში, რომელიც გლაზგოს “ჰემპდენ პარკზე” შედგა, მასპინელთა ნაკრებმა საქართველოს ეროვნულ გუნდს მოუგო (2:1). ქართველთაგან გოლი შოთა არველაძემ გაიტანა.

2008- გერმანელმა სპეციალისტმა ოტო რეჰაგელმა საბერძნეთის საფეხბურთო ნაკრებთან კონტრაქტი ორი წლით გაახანგრძლივა.

2012- ჩოგბურთი. ასტანას (ყაზახეთი) საერთაშორისო ტურნირი ოქსანა კალაშნიკოვამ მოიგო წყვილებში.

ამ დღეს დაიბადნენ

1866- ჯეკ მაკალიფი. ამერიკელი მოკრივე. მჩატე წონაში მოპოვებული აქვს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული. შეყვანილია მოკრივეთა “დიდების დარბაზში”.

1885- ჩარლი დენიელზი. ამერიკელი მოცურავე. 1904 და 1908 წლების ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვა ოქროს ოთხი მედალი.

1900- სიუზან ლენგლენი. ინგლისელი ჩოგბურთელი ქალი. მოგებული აქვს უიმბლდონის ტურნირის ექვსი გათამაშება.

1925- ალექსეი პარამონოვი. საბჭოთა ფეხბურთელი. 1956 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. საბჭოთა კავშირის ოთხგზის ჩემპიონი. იყო საკავშირო ნაკრების მწვრთნელი.

1929- პეტრე მშვენიერაძე. ქართველი წყალბურთელი. თამაშობდა თბილისისა და მოსკოვის “დინამოში,” მოსკოვის ვვს-ში. იყო საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი (1950-63). და კაპიტანი (1953-63). 1956 წლის მელბურნის ოლიმპიური თამაშების მესამე და 1960 წლის რომის ოლიმპიადის მეორე პრიზიორი. ევროპის ჩემპიონატებზე მოპოვებული აქვს ვერცხლისა (1962) და ბრინჯაოს (1958) მედლები. საბჭოთა კავშირის ათგზის ჩემპიონია. პეტრე მშვენიერაძე მოსკოვში, 2003 წლის 3 ივნისს გარდაიცვალა.

1931- ტელმა კალამა. 100 მეტრზე ცურვაში 1948 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1931- ზაურ კალოევი. თბილისის “სპარტაკისა” და “დინამოს”, მოსკოვის “ლოკომოტივის” ცენტრფორვარდი. სსრკ უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 249 მატჩი, გაიტანა 116 გოლი. საბჭოთა კავშირის პირველობების მეორე (1953) და ორგზის მესამე (1959, 1962) პრიზიორი. საკავშირო თასის მფლობელი (1957) და ფინალისტი (1960). საკავშირო ჩემპიონატების ორგზის საუკეთესო ბომბარდირი (1959, 1960). 1960 წელს იყო საბჭოთა ნაკრების შემადგენლობაში, რომელმაც ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა. წვრთნიდა ცხინვალის “სპარტაკს”, ჭიათურის “მაღაროელს”, თბილისის ასკ-ს და მცხეთის “არმაზს”. სპორტის დამსახურებული ოსტატი. ღირსების ორდენის კავალერი.

1947- სტეფან რეშკო. საბჭოთა კავშირის ნაკრებისა და კიევის “დინამოს” მცველი. 1975 წელს მოიპოვა თასების თასი და ევროპის სუპერთასი. ოთხჯერ მოიგო საკავშირო პირველობა, ორჯერ – თასი.

1948- დელიო ონისი. არგენტინელი ფორვარდი-ბომბარდირი. 1970-8-იან წლებში გამოდიოდა საფრანგეთში. “მონაკოს” რეკორდსმენი გატანილ გოლთა რაოდენობით (157 ბურთი 198 მატჩში). სულ საფრანგეთის პირველ დივიზიონში გამოსვლისას გაიტანა 299 გოლი (ეროვნული რეკორდი). ხუთჯერ გახდა საფრანგეთის პირველობის საუკეთესო ბომბარდირი. იყო ქვეყნის ჩემპიონი და თასის მფლობელი. 1980 წელს დაასახელეს საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო ლეგიონერად.

1949- რუდი კროლი. ჰოლანდიის ნაკრების, ამსტერდამის “აიაქსის”, “ნაპოლისა” და საფრანგეთის “კანის” ცენტრალური მცველი. ორჯერ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატების ფინალში (1974, 1978), ევროპის 1976 წლის პირველობის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. ჰოლანდიის ექვსგზის ჩემპიონი და თასის ოთხგზის მფლობელი. 1971, 1972 და 1973 წლებში ფლობდა ჩემპიონთა თასს, 1972 და 1973 წლებში ევროპის სუპერთასს, 1972-ში კი საკონტინენტთაშორისო თასს. წვრთნიდა რამდენიმე კლუბს, იყო ეგვიპტის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, აგრეთვე ჰოლანდიის ნაკრების დამრიგებლის ასისტენტი.

1949- ერვინ კრემერსი. გფრ-ის ნაკრების ფორვარდი. ევროპის 1972 წლის ჩემპიონი. იმავე წელს მოიპოვა გფრ-ის თასი.

1953 - ოთარ გაბელია. ზუგდიდის, სოხუმისა და თბილისის “დინამოს,” ქუთაისის “ტორპედოს” გოლკიპერი. საბჭოთა კავშირის უმაღლესი ლიგის მატჩებში ჩაატარა 300 მატჩი. 1981 წელს მოიპოვა თასების მფლობელთა თასი, 1979 წელს საკავშირო თასი (პენალტების სერიაში გადამწყვეტი ბურთი აუღო ვალერი გაზაევს). 1979 წელს დაასახელეს საბჭოთა კავშირის წლის საუკეთესო მეკარედ. 1977 წლის საკავშირო პირველობის ვერცხლის, 1981 წლის ბრინჯაოს მედლების მფლობელი. საკავშირო თასის გათამაშების ფინალისტი (1980). 1975 წელს, ქუთაისის “ტორპედოს” რიგებში გამოსვლისას მოიპოვა საკავშირო პირველობის პირველი ლიგის ბრინჯაოს მედალი. საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ნაკრებში ჩაატარა ერთი მატჩი. წვრთნიდა საქართველოს ნაკრებს, ზუგდიდის “ოდიშს,” გურჯაანის “ალაზანს,” ყვარლის “დურუჯს,” მარნეულის “ალგეთს,” თბილისის თსუ-ს, “მერანი-91”-ს, ბოლნისის “სიონს,” ქუთაისის “ტორპედოს.” საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი. ოთარ გაბელია ღირსების ორდენის კავალერია.

1963- ვადიმ ტიშჩენკო. საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ნაკრებისა და დნეპროპეტროვსკის “დნეპრის” ფეხბურთელი. სეულის 1988 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1972- კრისტოფ დიუგარი. საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრებისა და “ბორდოს” ფორვარდი. მსოფლიოს 1998 წლისა და ევროპის 2000 წლის ჩემპიონი.

1974 - სერგეი კლიუგინი. საბჭოთა კავშირის მძლეოსანი. სიმაღლეზე ხტომაში 2000 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1975- ლადისლავ ბენიშეკი. ჩეხეთის ჰოკეისტთა ნაკრებისა და პრაღის “სპარტას” მოთამაშე. 2000 წლის მსოფლიოს ჩემპიონი.

1990 - ლევან მჭედლიძე. საქართველოს ეროვნული ნაკრების, “ემპოლისა” და “პალერმოს” ფორვარდი. საქართველოს ნაკრების 22 მატჩში გაიტანა 2 გოლი. სერია A-ში გატანილი აქვს 2 გოლი.

ამ დღეს გარდაიცვალნენ

1946- ალექსანდრ ალიოხინი. ლეგენდარული რუსი მოჭადრაკე. გარდაიცვალა ემიგრაციაში (პორტუგალიაში).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112442