ფეხბურთი

20:32 | 23.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

პეტკოვიჩი: "საქართველოს შეუძლია სიურპრიზების შემოთავაზება"

შვეიცარიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ პეტკოვიჩმა საქართველოს ნაკრებთან (2:0) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. ბოსნიელი სპეციალისტი თავისი გუნდის თამაშით კმაყოფილი დარჩა და აღნიშნა, რომ ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც დაგეგმა.

გარდა ამისა, პეტკოვიჩი ფიქრობს, ყველა მატჩი განსხვავებულია და საქართველოს ნაკრებს ამ ჯგუფში სიურპირზების გაკეთება შეუძლია.

„პირველ რიგში ვიტყოდი, რომ ჩვენი თამაშით კმაყოფილი ვარ. ვიცოდით, რომ მეტოქე საკმაოდ ძლიერი გვყავდა დადებითი მხარებიით. თავიდან ცოტა გაგვიჭირდა, მაგრამ მეორე ტაიმში მოვუმატეთ, დაცვაშიც კარგად ვიდექით. ერთადერთი, რაც მინუსად მიმაჩნია, მომენტების გამოუყენებლობაა, შეგვეძლო მეტი გოლი გაგვეტანა და ამაზე მომავალში აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ.

ჩვენ ყველა მეტოქეს სერიოზულად ვუდგებით და პატივს ვცემთ. ეს მთავარი კომპონენტია, მაგრამ გამარჯვებისთვის კარგად მომზადებაა საჭირო და კონკრეტული თამაშებისთვის საჭირო ცვლილებების გაკეთება. ჩვენ ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელები გვყავს და ისინი თავდაჯერებას იღებენ, რაც დღესაც გამოჩნდა, განსაკუთრებით მეორე ტაიმში. რა თქმა უნდა, პირველი თამაშის მოგება ძალიან მნიშვნელოვანია, წნეხი ოდნავ მოგვეხსნება. ვნახოთ, რა იქნება შემდეგ მატჩებში, ახლა სახლში დავბრუნდებით და დანიასთან შემდეგი მატჩისთვის მშვიდად მოვემზადებით.

რა თქმა უნდა, მჯერა, რომ საქართველოს ნაკრებს შეუძლია ამ ჯგუფში ერთი-ორი სიურპრიზის გაკეთება. იმედი მაქვს, ეს ჩვენთან მეორე თამაშში არ მოხდება. გულწრფელად ვამბობ, რომ საქართველოს ნაკრებს შეუძლია დიდი წინააღმდეგობის გაწევა მეტოქეებისთვის, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ. პუბლიკაც თავიდანვე დავაწყნარეთ და ჩვენი თამაშით. თუმცა, სხვა მატჩები შესაძლოა სხვაგვარად წარიმართოს და ნამდვილად შეუძლია სიურპრიზების შემოთავაზება.

დღევანდელი თამაში? ყველაფერი დაახლოებით ისე წარიმართა როგორც ველოდი. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ერთი გუნდის თამაშს მეორე გუნდის თამაშიც განაპირობებს და თუ დღეს საქართველომ ვერ ითამაშა ისეთი ფეხბურთი, როგორიც გსურდათ, ეს პირველ რიგში ჩვენი დამსახურებაა“, - განაცხადა პეტკოვიჩმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურის შეხვედრას 26 მარტს, დუბლინში, ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

0.112289