სხვა

13:23 | 23.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინის ბედი ხვალ გაირკვევა, გაგამარუმ წოდებაში დაწინაურება გაინაღდა

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა იაპონიის ქალაქ ოსაკაში მიმდინარე საგაზაფხულო სუპერტურნირის ბოლოსწინა დღეს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იზეიმა.

დღეს, აღმოსავლეთის მე-2 ოძეკის წოდების მქონე ტოჩინოშინი დასავლეთის პირველ სეკივაკე ტამავაშის გაეჯიბრა და ოშიდაშით იმარჯვა. შედეგად, ჩვენებური თანაბარ ბალანსზე (7-7) გავიდა და ახლა, ყველაფერი ჰარუ ბაშოს დასკვნით დღეს გაირკვევა.
ხვალ, ქართველი სეკიტორი აღმოსავლეთის პირველ სეკივაკე ტაკაკეიშოს გაეჯიბრება და წარმატების შემთხვევაში, ოძეკის პრესტიჟულ ტიტულს შეინარჩუნებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი რეიტინგში დაქვეითება ელის.
იაპონელ ტაკაკეიშოს ოსაკაში უკვე 9 შერკინება აქვს მოგებული და პრინციპში, განსაკუთრებული მოტივაცია არ უნდა ჰქონდეს. ეს, ტოჩინოშინისთვის, რომელიც ხვალინდელ მოწინააღმდეგესთან ურთიერთშეხვედრებში 1:5 მარცხდება, გარკვეული უპირატესობაა.
ამასობაში, რანგით მე-2 დივიზიონ ჯურიოში დადებითი ბალანსი (კაჩი-კოში) და სატიტულო წინსვლა გაინაღდა თეიმურაზ ჯუღელმა იგივე გაგამარუმ.
ქართველმა გოლიათმა 14 შეხვედრაში მე-8 გამარჯვება (ოშიდაშით) დასავლეთის მე-12 ნომერ არავაშისთან იზეიმა. გაგამარუ ოსაკაში აღმოსავლეთის მე-8 რეიტინგით ირჯება, მომავალი სუპერტურნირისთვის კი კიდევ უფრო მაღალი განთესვა ექნება.
ჰარუ ბაშოს ბოლო დღეს ქართველი სეკიტორის მეტოქე დასავლეთის პირველი ნომერი ჩიომარუ იქნება, რომელიც ჩვენებურს ურთიერთშეხვედრებში 6:3 ამარცხებს.
დასასრულ, ისევ ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონს დავუბრუნდეთ, სადაც “იმპერატორის თასის” მფლობელის ვინაობა დასკვნით ტურში გაირკვევა.
მორიგ ტიტულთან ყველაზე ახლოს მონღოლი დიდი ჩემპიონი ჰაკუჰოა, რომელსაც 14-ვე გასული ორთაბრძოლა მოგებული აქვს და თუკი ხვალ იოკოძუნათა ჯახში თანამემამულე კაკურიუსაც აჯობა, პირველობა გარანტირებული აქვს.
თუკი ჰაკუჰომ წაიფორხილა, მისი დაწევის შანსი დასავლეთის მე-4 მაეგაშირა იჩინოჯოს აქვს, რომელსაც ზურგს 13 გამარჯვება უმაგრებს.

0.13933