ფეხბურთი

15:02 | 22.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვაისი: "ჩვენ ქართული სტილი გვაქვს და ვეცდებით სწორედ ეს ვაჩვენოთ"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა შვეიცარიასთან მატჩის პრესკონფერენცია გამართა. სლოვაკმა სპეციალისტმა მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ შვეიცარია ფავორიტია, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს და საქართველოს ნაკრები მოედანზე მაქსიმუმისთვის გავა.

ვაისმა კომენტარი ყაზახეთის შოტლანდიასთან სენსაციურ გამარჯვებაზეც გააკეთა და თქვა, რომ ამ თამაშთან პარალელის გავლება არ შეიძლება, რადგან შოტლანდიისგან განსხვავებით შვეიცარია ჯგუფის მთავარი ფავორიტია.

„ჩაკვეტაძე ტრავმირებულია. სამწუხაროდ მის შესახებ სხვადასხვა სახის ინფორმაცია ვრცელდებოდა, მაგრამ ჩვენი გუნდის სამედიცინო შტაბი საქმის კურსშია და ამჯერად გიორგი ნაკრებს ვერ დაეხმარება. რაც შეეხება გიორგი ნავალოვსკის, მან ერთი კვირაა რაც სრულფასოვანი ვარჯიში დაიწყო და ნამდვილად ვერ გეტყვით იქნება თუ არა ძირითად შემადგენლობაში. ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ 100%-ით მზად არაა.

შვეიცარიის ნაკრებს ყველა პოზიციაზე ჰყავს 2 თანაბარი დონის ფეხბურთელი, აქედან გამომდინარე იმ სამი ფეხბურთელის შეცვლა ნამდვილად შეუძლიათ. ამ ნაკრების ფეხბურთელები საკმაოდ კარგ გუნდებში თამაშობენ და მწვრთნელს დიდი რესურსი გააჩნია. ჩვენ რამდენიმე სქემა დავსახეთ და ამის მიხედვით ვიმოქმედებთ ხვალინდელ შეხვედრაში.

პირველ რიგში ჩვენ გვინდა, რომ ეს არ იყოს გზა ერთა ლიგისთვის მოსამზადებლად. ჩვენი მიზანია თითოეულ შეხვედრაში მაქსიმუმისთვის დახარჯვა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. გვინდა, ამ შესარჩევ ციკლში საუკეთესო შედეგისთვის ვითამაშოთ. სამწუხაროა, რომ ტრავმის გამო რამდენიმე ფეხბურთელი გვაკლია, მაგრამ მეორეს მხრივ სასიამოვნოა, რომ დაგვიბრუნდნენ კაკაბაძე, ქვილითაია, ოქრიაშვილი, ანანიძე.

ხარაბაძე და არველაძე ტალანტები არიან. ქართულ ფეხბურთში ბევრი ტალანტია, მაგრამ ზოგიერთი იკარგება. ხარაბაძეს რაც შეეხება, ის შვეიცარიაში მუდმივად თამაშობს და ნამდვილად სწორ გზას ადგას, უნდა გააგრძელოს განვითარება. არველაძის თამაში კი პოლონეთში ვნახე, სადაც ბოლო პერიოდში ოთხი გოლი გაიტანა და ნამდვილად დაიმსახურა ეროვნულ ნაკრებში ყოფნა. ვნახოთ, შესაძლოა, ის მოედანზეც იყოს.

შვეიცარია ფავორიტია, თუმცა ეს არაფერს ნიშნავს. ჩვენ გვაინტერესებს ჩვნი თამაში, როგორ ვითამაშებთ ამ ძლიერი ნაკრების წინააღმდეგ, რომელიც ფიფას რეიტინგში მერვე ადგილზეა. ჩვენი მიზანია მაქსიმალურად ვაჩვენოთ ჩვენი რესურსი. ვფიქრობ, ყაზახეთი - შოტლანდიის მატჩთან პარალელი უადგილოა, რადგან შვეიცარია შესარჩევი ეტაპის ფავორიტია. ფაქტია, ჩვენ ყაზახეთს ორივე თამაში მოვუგეთ და ამ ნაკრებმა გუშინ საკმაოდ კარგი ფეხბურთი ითამაშა.

ჩემი აზრით, ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მოგებაში გულშემატკივარი მნიშვნელოვნად დაგვეხმარა. მთელი გუნდი გრძნობდა ამ მხარდაჭერას. 55 ათასი ადამიანის მხარდაჭერა ბევრს ნიშნავს ფეხბურთებისთვის. განსაკუთრებით, იმ ფეხბურთელებისთვის, რომლებიც ტრავმის შემდეგ ბრუნდებიან და შესაძლოა, ასეთ დროს 20-30%-საც კი ნიშნავს მათი სტადიონზე მოსვლა. ვფიქრობ, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული და იმ მზადებაზე, რომელსაც ფეხბურთელები თავიანთ კლუბებში გადიან. პირადად მე ძალიან მაინტერესებს როგორი რესურსი აქვს საქართველოს ნაკრებს და ალბათ ეს ხვალინდელ შეხვედრაში გამოჩნდება.

რუსული სტილი და ბრაზილიური იდეა? ჩვენ გვაქვს ქართული სტილი და სწორედ ამის ჩვენებას ვეცდებით ხვალ. თუმცა, პეტკოვიჩისგან ეს კომპლიმენტია და დიდი მადლობა ამისთვის“, - განაცხადა ვაისმა.

შეგახსენებთ, საქართველოსა და შვეიცარიის ნაკრებთა მატჩი 23 მარტს, 18:00 საათზე, „დინამო არენაზე“ გაიმართება.

Loading...
0.14245