კალათბურთი

14:40 | 22.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

მამუკელაშვილმა სეზონის ბოლო მატჩში 8 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა

სანდრო მამუკელაშვილისთვის სეზონი დასრულდა. მარტის სიგიჟედ წოდებული NCAA-ის ტურნირის პირველ წრეში მისი “სეტონ ჰოლი” “უოფორდ ტერიერსთან” 68:84 დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა. შეგახსენებთ, რომ სეტონჰოლელმა “მეკობრეებმა” Big East-ის კონფერენციის ფინალში “ვილანოვასთან” წააგეს, თუმცა სტუდენტური ლიგის 64-გუნდიან “მარტის სიგიჟეში” მაინც მოხვდნენ.

პლეი ოფში წაგება გავარდას ნიშნავს. ამიტომაც, “სეტონ ჰოლს” 1/64 ფინალში “უოფორდთან” წაგება სეზონის დასრულებად დაუჯდათ. მამუკელაშვილმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 31 წუთში 8 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. სანდრომ 4-დან 2 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. ქართველმა ფორვარდმა ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 4-ჯერ დაჯარიმდა.

საუკეთესო შედეგი, ისევე როგორც ამ სეზონის უმეტეს შემთხვევაში, ჯუნიორმა მაილს პოუელმა დააფიქსირა. სეტონჰოლელთა ლიდერმა 27 ქულა მიითვალა. გამარჯვებულებს კი 24 ქულით ჯუნიორმა ფლეტჩერ მაკგიმ ულიდერა.

2018-2019 წლების სეზონში “სეტონ ჰოლმა” 34 მატჩი გამართა, საიდანაც 20 მოიგო. სანდროს საშუალო მაჩვენებლები კი შემდეგია: 29.4 წუთი, 8.9 ქულა, 7.8 მოხსნა, 1.6 პასი, 1.2 დაფარება. მამუკელაშვილმა ტრავმის გამო 1 მატჩი გამოტოვა, ხოლო დანარჩენ 33 მატჩში სასტარტო ხუთეულში იყო.

0.122543