ფეხბურთი

21:39 | 21.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია: "ისეთი თავდაჯერებული ვართ, რომ წარმატების მიღწევის შანსი გვაქვს"

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ შვეიცარიასთან მატჩის წინ ისაუბრა. გამოცდილი ფეხბურთელის განცხადებით, ნაკრებში კარგი განწყობაა და გუნდი თავდაჯერებულია. კაშიას თქმით, შვეიცარია და ირლანდია ძლიერი მეტოქეები არიან, თუმცა საქართველოს ნაკრებს წარმატების მიღწევის შანსი აქვს.

გარდა ამისა, გურამმა ხაზი გაუსვა გულშემატკივართა ფაქტორს და იმედი გამოთქვა, რომ შვეიცარიასთან "დინამო არენა" ტრადიციულად გაივსება.

"ყველაზე მთავარი ისაა, რომ ნაკრებშიც და გულშემატკივრებშიც შევქმენით დადებითი განწყობა და ხალხს იმედი დავუბრუნეთ. მომავალ ორ თამაშში რთული მეტოქეები გვყავს, მაგრამ თავდაჯერებულები ვართ. მატჩებისთვის მოსამზადებლად ძალიან მოკლე პერიოდი გვაქვს, მაგრამ ახლა კონკრეტულად შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ სათამაშოდ ვემზადებით. საკვალიფიკაციო ტურნირის კარგად დაწყება, ძალიან მნიშვნელოვანია და ფეხბურთელებს გვსურს, რომ მომავალ ორ თამაშში დადებითი შედეგი ვაჩვენოთ.

ვფიქრობ, რომ ჩვენს ჯგუფში ურთიერთშეხვედრებში ძალიან ბევრი ქულა დაიკარგება, ამიტომ აღნიშნული ორი თამაშის შედეგი ჯგუფში ჯერჯერობით არაფერს გადაწყვეტს. საკმაოდ რთულ ჯგუფში ვართ, თუმცა მწვრთნელი, ფეხბურთელები და ალბათ გულშემატკივარიც ისეთი თავდაჯერებული ვართ, რომ წარმატების მიღწევის შანსი გვაქვს. თანამედროვე ფეხბურთში გულშემატკივარს უდიდესი როლი აქვს, ამიტომ თითოეულ ჩვენგანს დიდი იმედი გვაქვს, რომ 23 მარტს "დინამო არენა" კვლავ გაივსება. ეს ფაქტი მოთამაშეებს თავდაჯერებას და დამატებით ძალას გვაძლევს", - ციტირებს კაშიას სიტყვებს სფფ-ის ვებგვერდი.

შეგახსენებთ, საქართველოსა და შვეიცარიის ნაკრებთა მატჩი თბილისში, 23 მარტს, 18:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11067