კალათბურთი

23:55 | 19.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძის 11 ქულა და 7 მოხსნა ლიდერ “ფენერბაჰჩესთან”

გოგა ბითაძის “ბუდუჩნოსტმა” ევროლიგის ერთპიროვნულ ლიდერ “ფენერბაჰჩეს” სტამბულში დიდი ბრძოლა გაუმართა და მიუხედავად იმისა, რომ ტრავმირებული ამერიკელი ლიდერი ნორის კოული არ ჰყავდა, მხოლოდ 9 ქულით – 67:76 დამარცხდა.

საინტერესოა, რომ შეხვედრის დასრულებამდე 06:24 წუთით ადრე, 19 წლის ქართველმა ცენტრმა პოდგორიცელები 66:64 დააწინაურა, დარჩენილ დროში კი სტუმრებმა მხოლოდ 1 (!) ქულა ჩააგდეს და მორიგ წაგებას ვერ გადაურჩნენ.
ბითაძე სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 17:42 წუთში 11 ქულა, 7 მოხსნა (5 შეტევაში), 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. გოგამ 6-დან 3 ორქულიანი და 7-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
ქართველი ლეგიონერისთვის ეს პირველი ევროლიგური შეხვედრა იყო, რომელშიც თუნდაც 1 დაფარება ვერ მიითვალა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 15-ს გაუტოლდა.
ქულების მხრივ, სტუმართაგან, ბითაძეს მხოლოდ ამერიკელმა ეარლ კლარკმა (20) აჯობა, “ფენერბაჰჩეს” კი სერბმა ნიკოლა კალინიჩმა (14), ჩეხმა იან ვესელიმ (13), ბერძენმა კოსტას სლუკასმა (11) და თურქმა აჰმეტ დუვერიოღლუმ (11) ულიდერეს.
“ბუდუჩნოსტმა” 27 ტურში 6 გამარჯვება შერჩა და სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა მე-15 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 21 მარტს, შინ, სტამბულის კიდევ ერთ წარმომადგენელ “ანადოლუ ეფესთან” ჩაატარებს.

Loading...
0.144259