სხვა

13:55 | 19.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინის მარცხი ოძეკების ჯახში

იაპონიის ქალაქ ოსაკაში მიმდინარე საგაზაფხულო სუპერტურნირის 10 დღის თავზე ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილ ქართველ სუმოისტ ლევან გორგაძეს 6 მოგება აქვს და დადებითი ბალანსისთვისა (კაჩი-კოში) და შესაბამისად, კადობანისგან თავის დასაღწევად, დარჩენილი 5 ორთაბრძოლიდან ორის მოგება სჭირდება.

დღეს, ქართველმა სეკიტორმა რთული ორთაბრძოლა გადაიტანა და ოძეკების ჯახში გამარჯვებული მისი მეტოქე გამოვიდა. სასტარტო შეჯახების დროს, გოეიდო ოდნავ გვერდით გაიწია, ჩვენებურის მავაში მარცხენა ხელით დაიჭირა, ლევანს კი საპასუხო ჰიდარი-უვატეს დაფიქსირების საშუალება არ მისცა და დოჰიოზე უვატეჰინერით დასცა.
ტოჩინოშინს მორიგი გამოცდა ხვალ ელის, როდესაც კიდევ ერთ ოძეკი ტაკაიასუს გაეჯიბრება. ეს უკანასკნელი ჰარუ ბაშოზე მძლავრად ირჯება და ზურგს 8 მოგება უმაგრებს, ქართველი სუმოისტს კი ურთიერთშეხვედრებში 11:8-ს სჯაბნის.
ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში კვლავაც დაუმარცხებლად ასპარეზობს მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო. “თეთრმა ფენიქსმა” მიჯრით მე-10 გამარჯვება სეკივაკე ტამავაშისთან იზეიმა და უახლოეს მდევრებს – რიგით მაეგაშირებს იჩინოჯოსა და აოიამას თითო მოგებით უსწრებს. სამაგიეროდ, ლიდერთა ჯგუფს მოწყდა მე-2 მონღოლი იოკოძუნა კაკურიუ, რომელმაც ოსაკაში მე-2 მარცხი სეკივაკე ტაკაკეიშოსთან განიცადა.
რანგით მე-2 დივიზიონ ჯურიოში წარმატებული დღე ჰქონდა თეიმურაზ ჯუღელს იგივე გაგამარუს. ქართველმა გოლიათმა, რომელიც შეჯიბრს აღმოსავკლეთის მე-8 ნომრით შეხვდა, დასავლეთის მე-11 ნომერი ამინიშიკი ჰატაკიკომით დასცა და ეს, ჩვენებურისთვის ზედიზედ მე-4 წარმატება იყო.
გაგამარუს ტოჩინოშინის დარად, 6 მოგება და 4 მარცხი მოუგროვდა და კაჩი-კოშიმდე 2 გამარჯვებაღა აშორებს. მარტის სუპერტურნირის მე-11 დღეს, ქართველი სეკიტორის პირისპირ აღმოსავლეთის მე-12 რეიტინგოსანი მიტორიუ დადგება, რომელთანაც თეიმურაზს თანაბარი ბალანსი (2-2) გააჩნია.

0.114546