ავტოსპორტი

22:11 | 17.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვალტერი ბოტასის კარიერის საუკეთესო რბოლა

ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის 2019 წლის სეზონი ვალტერი ბოტასის გამარჯვებით გაიხსნა. „მერსედესის“ ფინელმა მრბოლმა სტარტზევე შეძლო თანაგუნდელ ლუის ჰამილტონის ჩამოტოვება და ფინიშამდე დამაჯერებლად ლიდერობდა. როგორც ნარბოლევს განაცხადა, ეს იყო მის „ცხოვრებაში საუკეთესო რბოლა“.

ბოტასმა რბოლა მეორე პოზიციიდან დაიწყო, მაგრამ მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონს პირველივე მოსახვევში შეასწრო და საბოლოოდ, ის 20.80 წამით ჩამოიტოვა. ფინელმა მრბოლმა ჰამილტონზე 7 წრით გვიან შეასრულა პიტ სტოპი. ჰამილტონს რბოლის ბოლოს მაქს ფერსტაპენი წამოეწია, თუმცა ამან შეტევისგან თავი შეიკავა და მხოლოდ სწრაფი წრის დაფიქსირება სცადა. თუმცა ამ საქმეშიც ბოტასმა აჯობა, რომელმაც გამარჯვებისთვის დაწესებული 25 ქულის გარდა, უსწრაფესი წრის 1 ქულაც მიითვალა. ფინელი მრბოლისთვის, ეს აბუ დაბის 2017 წლის რბოლის შემდეგ, პირველი გამარჯვებაა.

როგორც აღმოჩნდა, ჰამილტონს დაზიანებული მანქანით მოუწია ასპარეზობამ - რბოლის შემდეგ გაირკვა, რომ უკანა მარცხენა ბორბლის წინ, მანქანის ძირის ნაწილი დაზიანებული იყო. შუა რბოლისას მან ეჭვიც გამოთქვა, რომ საბურავებს შეიძლება ფინიშამდე ვერ გაეძლო. მოკლედ, ჰამილტონს ავსტრალიაში ტრადიციად ექცა პოულიდან რბოლების ვერმოგება...

„არ ვიცი, რა მოხდა. სტარტი მართლაც კარგი გამოდგა. ეს აშკარად ჩემს კარიერაში საუკეთესო რბოლაა. მანქანა შესანიშნავად მუშაობდა, მისი მართვა სასიამოვნო იყო. ეს დღეს უნდა აღვნიშნო. ბედნიერი ვარ და მომდევნო რბოლას მოუთმენლად ველი“, - განაცხადა ბოტასმა, ვინც გასულ სეზონში ერთი რბოლის მოგებაც კი ვერ მოახერხა.

რაც შეეხება „ფერარის“ და მის პილოტებს, ამჯერად მათთვის კვარცხლბეკი მიუწვდომელი აღმოჩნდა. რბოლის მიწურულს, მათ ერთმანეთთან ბრძოლის შანსი მიეცათ, მაგრამ გუნდმა ახალწვეულ შარლ ლეკლერს სთხოვა, სებასტიან ფეტელისთვის არ შეეტია. საბოლოოდ, გამარჯვებულს ორივე თითქმის წუთით ჩამორჩა, რასაც ზამთრის ტესტების შემდეგ ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე.

ფერსტაპენმა თავისი მესამე ადგილი ბრძოლით მოიპოვა - ფეტელს შესანიშნავი მანევრით აუარა გვერდი და მალევე ჰამილტონსაც დაეწია, თუმცა ერთ მომენტში შეცდომა დაუშვა, ტრასის მიღმა გადავიდა და მისდა ბედად, ამით მანქანა არ დაუზიანდა. ჰოლანდიელმა „ჰონდას“ დაბრუნებიდან პირველი კვარცხლბეკი მოუპოვა.

დანარჩენებში საუკეთესო „ჰაასის“ კევინ მაგნუსენი იყო, რომელმაც რბოლა მეექვსეზე და გამარჯვებულის წრეზე დაასრულა, რომელმაც უკან მოიტოვა „რენოს“ ნიკო ჰულკენბერგი. კიმი რაიკონენმა „ალფა რომეოს“ სადებიუტო რბოლაშივე პირველი ქულა შესძინა. არ გაუმართლა დანიელ რიკარდოს, რომელსაც სტარტზევე დაშვებული შეცდომის გამო დაუზიანდა მანქანა. მართალია, რებოლა გააგრძელა, თუმცა მექანიკური პრობლემის გამო, შუა დისტანციაზე მაინც გაჩერდა. რბოლა ვერც კარლოს საინსმა დაასრულა, რომლის „მაკლარენზეც“ „რენოს“ ძრავი გამოვიდა მწყობრიდან.

ახალბედებს შორის საუკეთესო შედეგი „მაკლარენის“ ლანდო ნორისს აქვს, რომელიც მე-12 ადგილს დასჯერდა. ბოლო ორი ადგილი კი ერთ დროს ძლევამოსილი „უილიამსის“ პილოტებს - ახალბედა ჯორჯ რასელს და რობერტ კუბიცას ერგოთ. პირველი რბოლის შემდეგ, „უილიამსთან“ ერთად, უქულოდ კიდევ ერთი ტიტულოვანი გუნდი, „მაკლარენი“ დარჩა.

ავსტრალიის დიდი პრიზი

მელბურნი, ალბერტ პარკი, 307.574 კმ (5.303 კმ, 58 წრე)

  1. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 1:25:27.325
  2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 20.886
  3. 3. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 520
  4. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 57.109
  5. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 58.230
  6. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1:27.156
  7. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 1 წრე
  8. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 1 წრე
  9. ლანს სტროლი (კანადა, რეისინგ პოინტი) 1 წრე
  10. დანიილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) 1 წრე
  11. პიერ გასლი (საფრანგეთი, რედ ბული) 1 წრე
  12. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1 წრე
  13. სერხიო პერესი (მექსიკა, რეისინგ პოინტი) 1 წრე
  14. ალექსანდერ ალბონი (ტაილანდი, ტორო როსო) 1 წრე
  15. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 1 წრე
  16. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 2 წრე
  17. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, უილიამსი) 3 წრე
  18. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 29 წრე
  19. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რენო) 30 წრე
  20. კარლოს საინსი (ესპანეთი, მაკლარენი) 49 წრე

უსწრაფესი წრე: ვალტერი ბოტასი - 1:25.580 (57-ე წრე, 223,075 კმ/სთ)

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. ვალტერი ბოტასი - 26 ქულა; 2. ლუის ჰამილტონი - 18; 3. მაქს ფერსტაპენი - 15; 4. სებასტიან ფეტელი - 12; 5. შარლ ლეკლერი - 10; 6. კევინ მაგნუსენი - 8; 7. ნიკო ჰულკენბერგი - 6; 8. კიმი რაიკონენი - 4; 9. ლანს სტროლი - 2; 10. დანიილ კვიატი - 1

კონსტრუქტორთა თასი

1. მერსედესი - 44 ქულა; 2. ფერარი - 22; 3. რედ ბულ-ჰონდა - 15; 4. ჰაას-ფერარი - 8; 5. რენო - 6; 6. ალფა რომეო-ფერარი - 4; 7. რეისინგ პოინტი-მერსედესი - 2; 8. ტორო როსო-ჰონდა - 1; 9. მაკლარენ-რენო - 0; 10. უილიამს-მერსედესი - 0

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.198512