ძიუდო

14:15 | 17.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ღვინიაშვილი ოქროს მედლისთვის იბრძოლებს!

ქართველი ძიუდოისტი ბექა ღვინიაშვილი (90 კგ.) რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში მიმდინარე გრანდ სლემის ფინალში გავიდა და საღამოს სესიაში ოქროს მედლის მოსაპოვებლად იბრძოლებს.

ღვინიაშვილმა საფინალო გზაზე 4 მეტოქე ჩამოიცილა და ოთხივეს მათგანს იპონით აჯობა. ბექამ პირველ წრეში რუს ჯაფარ კოსტოევს სძლია, შემდეგ კი, თურქ მიკაილ ოზერლერს (ექს-სლოვენიელი მიჰაელ ზგანკი, 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი), იაპონელ გოკი ტაჯიმასა და ბრაზილიელ რაფაელ მასედოს მოუგო.
გადამწყვეტ შერკინებაში ღვინიაშვილის მეტოქე ჰოლანდიელი ნოელ ვან ტ ენდი იქნება, რომელმაც დილის სესიაში ყირგიზ ერლან შეროვი, ქართველ უშანგი მარგიანი და სერბ ალეკსანდარ კუკოლი (ევროპის 2017 წლის ჩემპიონი) დაჯაბნა.
ცნობისთვის, მარგიანმა საწყის ორთაბრძოლაში რუსი იზმაილ ხამხოევი დააიპონა, რეპეშაჟში კი ჰოლანდიელ იესპერ სმინკთან, დამატებით დროში, იპონზე დაეცა.
სამწუხაროდ, თავი ვერაფრით გამოიჩინეს დღეს ტატამზე გასულმა სხვა ქართველმა ძიუდოისტებმა. 100 კგ-მდე წონით კატეგორიაში ონისე სანებლიძე ლატვიელ იევგენის ბოროდავკოსთან 8 წუთის თავზე ჰანსუკო-მაკეთი მოხსნეს, გიორგი ბერიაშვილი კი ლიტველი კაროლის ბაუზას ბარიერის გავლის შემდეგ, მონღოლ ოტგონბაატარ ლხაგვასურენთან იპონზე დავარდა.
მძიმე წონაში (+100 კგ.) უცნაური შერკინება ჩაატარა გელა ზაალიშვილმა. ქართველი ძიუდოისტი ერთი და იმავე არასწორი ჩავლებისთვის 3-ჯერ გააფრთხილეს და გამარჯვება მის მოწინააღმდეგე – იაპონელ ჰიოგა ოტას დარჩა.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ეკატერინბურგში მყოფი ქართული დელეგაციის აქტივში 2 ბრინჯაოს მედალია. კვარცხლბეკზე ასვლა ბაგრატ ნინიაშვილმა (66 კგ.) და ლუკა მაისურაძემ (81 კგ.) მოახერხეს.

0.162765