ფეხბურთი

2:31 | 17.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ვულვერჰემპტონმა“ „მანჩესტერი“ ასოციაციის თასიდან დაითხოვა

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ინგლისის ასოციაციის თასის მეოთხედფინალში, სტუმრად „ვულვერჰემპტონთან“ დამარცხდა (1:2) და გათამაშებას გამოეთიშა.

მასპინძელი „ვულვზი,“ 70-ე წუთზე დაწინაურდა, როცა რაულ ხიმენესი მეტოქის საჯარიმოში დატრიალდა და დაბალ კუთხეში დაარტყა. ექვს წუთში „მგლების“ უპირატესობა დიოგუ ჟოტამ გაამყარა. წამატებულ წუთებზე კი ერთი საპასუხო გოლი მარკუს რაშფორდმა გაიტანა.

მატჩის ბოლოს „მანჩესტერი,“ შესაძლოა, რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილიყო. უხეში ვარდნის შემდეგ, მსაჯმა ვიკტორ ლინდელოფს წითელი ბარათი უჩვენა. მაგრამ ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ, შვედს წითელი ყვითლით შეუცვალა.

ამისდაკვალად, ოლე გუნარ სოლსკიაერის გუნდმა ზედიზედ მეორე თამაში წააგო.

„ვულვზი“ ბოლოს ამ ტურნირის ნახევარფინალში 21 წლის წინათ ყოფილა, სადაც „არსენალთან“ დამარცხებულა. მათმა ქომაგებმა ლეგენდარული ბილი რაიტის დროინდელი, 50-იანი წლების გუნდიც გაიხსენეს, როცა „მგლები“ სრულიად ალბიონს შიშის ზარს სცემდნენ.

წლევანდელი ტურნირის ნახევარფინალში ასევე „უოტფორდი“ და „მანჩესტერ სიტი“ გავიდნენ. ბოლო მონაწილის ვინაობა კი კვირას, 17 მარტს, „მილუოლსა“ და „ბრაიტონს“ შორის შეხვედრაში გაირკვევა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119983