ფეხბურთი

9:05 | 15.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

სარი: „სიამოვნებით შევხვდებოდი „ნაპოლის“ ფინალში“

„ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ, კიევის „დინამოსთან“ ევროპა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩის შემდეგ (5:0), ჟურნალისტებს უთხრა, რომ კმაყოფილია თავისი შეგირდების გარჯით და ფინალში „ნაპოლისთან“ შეხვედრას ისურვებდა.

„ეს შესანიშნავი 90 წუთი იყო. „სტემფორდ ბრიჯზე“ გამარჯვების კვალად (3:0), მნიშვნელოვანი გახლდათ განწყობა არ დაგვეკარგა. ადრეულმა გოლმა მეტოქე რთულ ვითარებაში ჩააგდო. დიდებული პირველი ტაიმი გამოგვივიდა, შესვენების შემდეგ კი საქმე აუღელვებლად მივიყვანეთ სასურველ შედეგამდე.

ჟირუ? ფრანგმა ჩინებული მატჩი ჩაატარა. ბოლო დროს მინდორზე მის ყოველ გამოსვლას დიდი სარგებელი მოაქვს ჩვენი გუნდისთვის. მიხარია, რომ ჰეთ თრიქის შესრულება შეძლო. ამ ტურნირში მას უკვე 9 გოლი დაუგროვდა.

ნაპოლი? მათთან ფინალში შეხვედრას ვისურვებდი. ჯერ ერთი, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ გადამწყვეტ მატჩამდე მივაღწიეთ. მეორეც, „ნაპოლის“ გამო გამიხარდებოდა. ამ გუნდთან და ქალაქთან ბევრი კარგი მოგონება მაკავშირებს.

დღეისათვის კიევის „დინამოს“ მთავარი პრობლემა მათ ფიზიკურ მომზადებაშია. რამდენიმე წელიწადში ისინი მნიშვნელოვნად გაძლიერდებიან. ამჟამად კი ძალიან პერსპექტიული ახალგაზრდა გუნდი ჰყავთ.“ - ციტირებს სარის სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.

0.269443