ავტოსპორტი

17:06 | 12.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

დამატებითი ქულა უსწრაფესი წრისთვის

საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA) დაამტკიცა ახალი წესი, რომელიც ფორმულა 1-ის 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან ამოქმედდება. ამ წესის მიხედვით, რბოლის უსწრაფესი წრის ავტორი 1 ქულას მიიღებს.

ფ1-ის და FIA-ს ხელმძღვანელობა თვლის, რომ დამატებითი ქულა სტიმული იქნება მრბოლებისთვის, რომლებიც რბოლების ბოლომდე თავგამოდებით იბრძოლებენ. უსწრაფესი წრის ქულა მრბოლის გარდა, მის გუნდსაც ჩაეწერება.

მაგრამ ამ ქულას მხოლოდ ის პილოტები მიიღებენ, რომლებიც რბოლას მოწინავე ათეულში დაასრულებენ. როგორც წესი, სწრაფ წრეს პელოტონის სათავეში მყოფი მრბოლები აფიქსირებენ, თუმცა არის შემთხვევები, როცა ამის შანსი, უკან მყოფებსაც აქვთ. თუ ასეც მოხდება, სწრაფი წრის ქულა დაიკარგება.

სწრაფი წრის ქულა ფ1-ში 1950-1959 წლებშიც გაიცემოდა, თუმცა შემდეგ ის გააუქმეს. ფ1-ის ტექნიკური დირექტორი როს ბრაუნი ამბობს, რომ უსწრაფესი წრისთვის ქულის მინიჭება ის სიახლეა, რომელსაც მხარი ფანებმა დაუჭირეს.

გასულ სეზონში, ყველაზე მეტი - 7 სწრაფი წრე „მერსედესის“ ვალტერი ბოტასს ჰქონდა, რომელმაც ამისთვის DHL-ის სწრაფი წრის პრიზი დაიმსახურა.

Loading...
0.125234