ჭიდაობა

15:53 | 12.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

გეგა გეგეშიძე: "თუ დათუნაშვილს სხვა ქვეყანაში უნდა წასვლა, მე ხელს ვერ შევუშლი"

თუ ზურაბ დათუნაშვილს სპორტი უნდა, მივიდეს და იჭიდაოს, თუმცა თუ სხვა ქვეყანაში უნდა წასვლა, მე ხელს ვერ შევუშლი, - ამის შესახებ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

გეგა გეგეშიძის თქმით, ზურაბ დათუნაშვილს პროვოკაცია დიდი ხნის წინ ჰქონდა დაგეგმილი, რათა მიზეზი ჰქონოდა და სხვა ქვეყანაში წასულიყო საჭიდაოდ.

„ადამიანს თუ წასვლა უნდა, ვერავის დავაკავებ. ჩვენ პირიქით, ვეუბნებით, რომ მოვიდეს, რადგან ქვეყანას დასაკარგი სპორტსმენები არ ჰყავს. ბოდიშიც მოვიხადე და მეტი რა გავაკეთო? მარტო მე მაქვს ბოდიში მოსახდელი? მაგინეს და ტუჩი გამიხეთქეს, თუმცა, რადგან მე პრეზიდენტი ვარ, ჩემგან ჩანს.

მას შარშან უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა ყაზახეთში წასვლა. ეს წასვლის საქმე ასე მარტივად არ ხდება. დათუნაშვილის მხრიდან წინასწარ იყო დაგეგმილი პროვოკაცია“, - განაცხადა გეგა გეგეშიძემ.

რაც შეეხება სასამართლო პროცესებს, გეგეშიძე თავს დამნაშავედ არ თვლის წარდგენილ ბრალში და იმედოვნებს, რომ სიმართლე გაირკვევა.

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე, სპორტის სასახლეში, 11 იანვარს, მასსა და ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს. საქალაქო სასამართლომ გეგეშიძე 5 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიც შეუნარჩუნა.

დღეს, დათუნაშვილისა და გეგეშიძის დაპირისპირების საქმეზე, წინასასამართლო სხდომაზე მხარეებმა მტკიცებულებები წარადგინეს.

ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ნუსხაში არის მოწმეთა ჩვენებები, მათ შორის დაზარალებულ ზურაბ დათუნაშვილის ჩვენება. ასევე მტკიცებულების სახით წარმოდგენილია ტელევიზიით გავრცელებული ფაქტის ამსახველი ვიდეოჩანაწერი.

დაცვის მხარემ პროკურატურის მტკიცებულებები სადავო გახადა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი განხილვა საქმის არსებითი განხილვის დროს პროცესზე მოხდება.

თავის მხრივ, საკუთარი მტკიცებულებები წარადგინეს გეგეშიძის ადვოკატებმა.

სასამართლომ როგორც დაცვის, ისე ბრალდების მტკიცებულებები დასაშვებად ცნო.

მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ საქმეზე არსებითი განხილვისთვის 20 მარტის, 15:00 საათი განსაზღვრა.

www.ipn.ge

0.148416