კალათბურთი

16:10 | 11.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძე მოედანს დღეს დაუბრუნდება
ქართველი ცენტრის ტრავმა სერიოზული არ გამოდგა და ის ყოფილ თანაგუნდელებს დაუპირისპირდება

გოგა ბითაძის ტრავმა სერიოზული არ გამოდგა და წინასწარი ინფორმაციით, ის მოედანზე დაბრუნებას დღესვე, ადრიატიკის ლიგის 21-ე ტურის დასკვნით მატჩში მოახერხებს.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ქართველმა ცენტრმა მუხლი 8 მარტს, ბერძნულ “ოლიმპიაკოსთან” მატჩისთვის მზადებისას დაიზიანა და ევროლიგის 25-ე ტურის თამაშის გამოტოვება მოუხდა.
მონტენეგროული პრესის ცნობით, ბითაძე უკვე მწყობრშია და დიდი ალბათობით, დღეს, ყოფილი კლუბის – “მეგა ბემაქსის” წინააღმდეგ თამაშს მოაერხებს.
“ვფიქრობ, საკმაოდ დიდი შანსია, რომ გოგამ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღოს. მას მაგნიტო-რეზონანსული კვლევა ჩაუტარდა, რომელმაც აჩვენა, რომ ტრავმა სერიოზული არაა და ეს, ძალიან მნიშვნელოვანია”, - აღნიშნა პოდგორიცელთა მთავარმა მწვრთნელმა იასმინ რეპეშამ.
შეგახსენებთ, რომ გოგა “ბუდუჩნოსტში” სწორედ სერბული გუნდიდან გადაბარგდა, მის სანაცვლოდ კი, “მეგა ბემაქსმა” 22 წლის მონტენეგროელი ცენტრი ზორან ნიკოლიჩი მიიღო. შემთხვევითი არაა, ტურნირის ოფიციალური ვებგვერდის მიერ გამოქვეყნებულ მატჩის პოსტერზე სწორედ ბითაძე და ნიკოლიჩი არიან ასახულნი.
დღევანდელი შეხვედრა “მეგა ბემაქსის” “პინკი სპორტს ჰოლში” თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება და მას პოდგორიცელთათვის დიდი მნიშვნელობა აქვს. საქმე ის გახლავთ, რომ ადრიატიკის ლიგის მოქმედ ჩემპიონს რეგულარული სეზონის მე-2 ადგილზე დასრულებისა და ნახევარფინალში მოედნის უპირატესობის მიღების შანსი აქვს, რისთვისაც ორივე დარჩენილი მატჩის მოგება სჭირდება.
თუკი “ბუდუჩნოსტმა” დღეს იმარჯვა, სატურნირო ცხრილში 15 მოგებით ხორვატულ “ცედევიტას” გაუტოლდება და ყველაფერი ბოლო ტურში გადაწყდება, როდესაც პოდგორიცელები ზაგრების კიდევ ერთ წარმომადგენელ “ციბონას” მიიღებენ, “ცედევიტა” კი მონტენეგროს მოქმედ ჩემპიონ “მორნარს” დაუხვდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა ცედევიტელებს აქვთ, ამდენად, თანაბარი ბალანსის შემთხვევაში, პლეი-ოფში უპირატესობა მათ მხარეს იქნება. შეგახსენებთ, რომ რეგულარული სეზონის ჩემპიონობა უკვე განაღდებული აქვს “ცრვენა ზვეზდას”, რომელსაც დიდი ალბათობით, ნახევარფინალში ბელგრადისვე წარმომადგენელ “პარტიზანთან” ჭიდილი ელის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122406