ფეხბურთი

23:04 | 10.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: სოლსკიაერმა პირველად წააგო

პრემიერლიგის 30-ე ტურის, მეორე სათამაშო დღის გვიან მატჩში, „არსენალმა“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ 2:0 მოუგო და საჩემპიონთალიგო ოთხეულიდან ჩააცოცა. თამაშით „მეთოფეებს“ დიდად არ უჯობნიათ. პენალტიც, რომელიც ჯონათან მოსმა სტუმართა კარში დანიშნა, ერთობ საკამათო გახლდათ. მანკუნიანელებმა ორჯერ გაარტყეს ბურთი ძელს, ჯერ ლუკაკუმ ხარიხას და შემდეგ ფრედმა. ლუკაკუს რამდენიმე კარგი შესაძლებლობაც შეექმნა, მაგრამ ვერ ივარგა.

მთავარი ამბავი კი ის გახლდათ, რომ ოლე გუნარ სოლსკიერმა „მანჩესტერში“ დაბრუნების შემდეგ, პრემიერლიგაში პირველად წააგო. შარშან, 22 დეკემბერს, „კარდიფთან“ დაწყებული ზღაპარი 10 მარტს დამთავრდა „ემირეითსზე.“

სხვა მხრივ, „სიტის“ დევნა გრძელდება. „ლივერპულმა“ „ბარნლი“ დაამარცხა (4:2) და ლიდერს ისევ ერთი ქულით ჩამორჩება. თუმცა, ეს გამარჯვება იოლი არ ყოფილა. უკვე მე-6 წუთზე სტუმრებმა გახსნეს ანგარიში, მასპინძელთა მეკარის შეცდომის კვალად. მაგრამ, მერსისაიდელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ასეთმა დასაწყისმა არ დააბნია და ნელ-ნელა მინდვრის ბატონ-პატრონნი გახდნენ. მოწინააღმდეგეს უფრო მას შემდეგ გაუჭირდა, როცა „წითლებმა“ არაადამიანური სიჩქარეები ჩართეს. ათი წუთის ინტერვალში ლივერპულელებმა ორჯერ გაიტანეს, ჯერ ფირმინომ, მერე - მანემ. თუმცა, ორივე შემთხვევაში, სტუმრებმა უხეში შეცდომები დაუშვეს, ჯერ მეკარემ, შემდეგ მცველებმა.

მეორე ტაიმშიც იგივე გაგრძელდა, თუმცა კლოპის შეგირდები ტრადიციულად ბევრ მომენტებს ანიავებდნენ. მალევე ფირმინომ დუბლი გაიფორმა და 3:1-იც თითქოს კომფორტული ანგარიში ჩანდა. მაგრამ „ლივერპული“ რის „ლივერპულია,“ ბოლო წუთებზე ქომაგი არ ანერვიულოს. 91-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ისლანდიელმა იოჰან გუდმუნდსონმა ერთი ბურთი გაქვითა და ვითარებაც დაიძაბა. ბარნელებს მადა აღეძრათ, ფრე მოუნდათ, ისევ შეუტიეს და დაისაჯნენ. კონტრშეტევაზე მასპინძლებმა მეოთხე შაგდეს. ბოლის ავტორი სადიო მანე გახლდათ, რომელმაც ფირმინოს მსგავსად, დუბლი გაიფორმა.

„ბარნლის“ პირველი გოლი ბევრ ქვეყანაში არ ჩაითვლებოდა, - თქვა მერე იურგენ კლოპმა, ალბათ ვიდეოარბიტრს გულისხმობდა, - ახლა მნიშვნელოვანია აღდგენა მოვასწროთ და მიუნხენში მზად ჩავფრინდეთო. მოგეხსენებათ, 13 მარტს, „ლივერპული“ მიუნხენში, ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩს გამართავს „ბაიერნთან“ (პირველი შეხვედრა 0:0).

„ჩელსი“ ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად გააფთრებით იბრძვის, მაგრამ კვირა საღამო მათი ნამდვილად არ იყო. თამაში უნიკალური გამოდგებოდა, რომ არა აზარის მიერ კომპენსირებულ დროში გატანილი ბურთი. ამ გოლმა „არისტოკრატები“ მარცხისგან იხსნა. შეხვედრის სიუჟეტი კი ერთობ ნაცნობი გახლდათ. „ჩელსი“ ფაქტობრივად, მთელი მატჩის განმავლობაში აკონტროლებდა ბურთს, „ვულვზი“ კი საკუთარ საჯარიმოში შეკეტილიყო და ოსტატურად იცავდა თავს. მათი ერთადერთი გააზრებული კონტრშეტევაც გოლით დამთავრდა, რაულ ხიმენესმა გაიტანა.

ინგლისი

პრემიერლიგა. 30-ე ტური. 10 მარტი

ლივერპული - ბარნლი 4:2

ლივერპული. „ენფილდი.“ 53 310

0:1 ვესტვუდი (6), 1:1 ფირმინო (19), 2:1 მანე (29), 3:1 ფირმინო (67), 3:2 გუდმუნდსონი (91), 4:2 მანე (93)

ლივერპული: ალისონი, ვან დეიკი, რობერტსონი, მატიპი, ალეკსანდერ-არნოლდი (სტარიჯი 86), ფაბინიო, ვეინალდუმი (ჰენდერსონი 68), ლალანა (კეიტა 77), ფირმინო, მანე, სალაჰი

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

ბარნლი: ჰიტონი, ტეილორი, ტარკოვსკი, მი, ბარდსლი, კორკი, ჰენდრიკი (გუდმუნდსონი 79), ვესტვუდი, მაკნილი, ბარნსი (ვიდრა 87), ვუდი (კრაუჩი 79)

მწვრთნელი: შონ დაიჩი

მსაჯი: ანდრე მარინერი

გაფრთხილება: ალისონი (7), ფაბინიო (71)

ჩელსი - ვულვზი 1:1

ლონდონი. „სტემფორდ ბრიჯი.“ 40 692

0:1 ხიმენესი (56), 1:1 აზარი (90+2)

ჩელსი: კეპა, ასპილიკუეტა, დავიდ ლუისი, რიუდიგერი, ემერსონი, კანტე, ჟორჟინიო (ვილიანი 72), კოვაჩიჩი (ლოფტუს-ჩიკი 56) , აზარი, პედრო (ჰადსონ-ოდოი 61), იგუაინი

მწვრთნელი: მაურიციო სარი

ვულვზი: რუი პატრისიუ, დოჰერტი, საისი, კოადი, ბოლი, კასტრო, დენდონკერი, ნევეში, მოუტინიუ, ჟოტა (გიბს-უაითი 82), ხიმენესი (ტრაორე 89)

მწვრთნელი: ნუნუ ეშპირიტუ სანტუ

მსაჯი: მაიკლ ოლივერი

გაფრთხილება: რიუდიგერი (78); დოჰერტი (37), საისი (66), ბოლი (75), ჟოტა (80)

არსენალი - მანჩესტერი 2:0

ლონდონი. „ემირეითსი.“

1:0 ჯაკა (12), 2:0 ობამეიანგი (68, პენ)

არსენალი: ლენო, მეიტლენდ-ნაილსი, პაპასტატოპულოსი, კოშელნი, მონრეალი, კოლაშინაცი, ჯაკა, რემზი, იოზილი (აივობი 76) , ობამეიანგი (დენის სუარესი 80), ლაკაზეტი (ნკეიტა 86)

მწვრთნელი: უნაი ემერი

მანჩესტერი: დე ხეა, იანგი, ლინდელოფი, სმოლინგი, შოუ, მატიჩი (გრინვუდი 80), ფრედი, პოგბა, დალოტი (მარსიალი 71), ლუკაკუ, რაშფორდი

მწვრთნელი: ოლე გუნარ სოლსკიაერი

მსაჯი: ჯონათან მოსი

გაფრთხილება: პაპასტატოპულოსი (38), კოლაშინაცი (90); მატიჩი (68), პოგბა (76)

სტატისტიკა
0.259983