ფეხბურთი

2:35 | 6.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნამდვილი ფეხბურთი - "აიაქსმა" მეფე ტახტიდან ჩამოაგდო! (+VIDEO)
"ტოტენჰემი" მეოთხედფინალში მშვიდად გავიდა

ეპოქა დასრულდა - ჩემპიონთა ლიგა უჩემპიონოდ გრძელდება და სეზონის ბოლოს აუცილებლად ახალი ჩემპიონი ეყოლება. რაც იწყება, ადრე თუ გვიან, აუცილებლად სრულდება და მადრიდის „რეალი“ ტურნირს უკვე დაემშვიდობა.

სამი კვირის წინ „სამეფო კლუბმა“ ამსტერდამში მოიგო, მაგრამ ძალიან ცუდად ითამაშა და „აიაქსმა“ იქ მხოლოდ იმიტომ წააგო, რომ საგოლე მომენტები ვერ გამოიყენა. სამაგიეროდ, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ჩავიდა და ის ფეხბურთი აჩვენა, ალბათ ძალიან დიდი ხანი რომ არავის დაავიწყდება.

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო ის თამაში, რის გამოც ფეხბურთი მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ სპორტის სახეობად მიიჩნევა. ერიკ ტენ ჰაგის გუნდმა „რეალი“ საკუთარი პუბლიკის წინაშე უბრალოდ დაჩაგრა და კუთხეში დააყენა. გოლების აღწერით თავს ნამდვილად არ შეგაწყენთ, უკვე ნახავდით, ან თუ არ გინახავთ, უმჯობესია ნახოთ.

ფაქტია, რომ მადრიდულმა გრანდმა მე-18 წუთისთვის გაუშვა ორი გოლი და მსგავსი რამ ჩემპიონთა ლიგაზე არასდროს დამართნია (საკუთარ მოედანზე). შედეგად, ამსტერდამში მოპოვებული უპირატესობა ქარს გაატანა. ბრწყინვალე იყო დუშან ტადიჩი, რომელმაც სერხიო რამოსის გარეშე დარჩენილი მადრიდელთა დაცვის ხაზი უბრალოდ აიკლო და რაც მოესურვებოდა, იმას აკეთებდა. სერბმა ორი საგოლე პასი გააკეთა, ჯერ ჰაკიმ ზიეჩს, მერე ნერეშს გაატანინა.

ტადიჩმა მესამე გოლი თავად გაიტანა. დიდებული კომბინაციის შედეგად ტიბო კურტუას კარის ცხრიანი გახვრიტა. სხვათა შორის, სანამ საგოლე კომბინაცია დაიწყებოდა, თითქოს ბურთმა პირითი ხაზი დატოვა, მაგრამ მსაჯმა და ვიდეორეფერმა გოლი ჩათვალეს, ბუნებრივია გადამოწმების შემდეგ და როგორც ჩანს, ბურთი ხაზს მაინც შეეხო. 0:3 და ეს უკვე კატასტროფას ნიშნავდა. „რეალს“ აუცილებლად სამი უპასუხო გოლი უნდა გაეტანა. თუმცა, ვერც სამი გაიტანა და ვერც კარი შეინახა მშრალად.

არადა, მარკო ასენსიომ ერთი გოლი გაქვითა, წინ 20 წუთი იყო და მასპინძლებს უნდა გაებრძოლათ, მაგრამ ზუსტად ორ წუთში ლასე შონემ ჯარიმა ბრწყინვალედ შეასრულა - 1:4. თამაშიც ასე დასრულდა. „აიაქსი“ მეოთხედფინალშია და „აიაქსმა“ საოცარი ფეხბურთი ითამაშა, ისეთი თანამედროვეობაში რომ იშვიათად ვხედავთ.

ცნობისთვის, „რეალი“ ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალური ეტაპიდან 2009-2010 წლების შემდეგ პირველად გამოეთიშა, ხოლო „აიაქსი“ მეოთხედფინალში 2002-2003 წლების სეზონის მერე პირველად გავიდა. „სამეფო კლუბმა“ ჩემპიონთა ლიგის ბოლო ორი საშინაო მატჩი სამბურთიანი სხვაობით წააგო (0:3 ცსკა-სთან და 1:4 „აიაქსთან“), რაც აქამდე არასდროს მომოხდარა. „აიაქსი“ მეორე გუნდი გახდა „ოდენსეს“ შემდეგ (1994-1995), რომელმაც „რეალი“ პლეი-ოფიდან გააგდო მას მერე, რაც პირველი თამაში სახლში წააგო.

ცალკეული ფეხბურთელები? დუშან ტადიჩი იარი ლიტმანენის მერე „აიაქსი“ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში 6 გოლი გაიტანა. გარდა ამისა, სერბი კრისტიან ერიკსენის (2011 წლის ნოემბერში მერე ასევე პირველია ჰოლანდიური გრანდის რიგებში, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ერთ მატჩში ორი საგოლე პასი შეასრულა.

მოკლედ, ამსტერდამის „აიაქსმა“ „სამეფო კლუბი“ ტახტიდან ჩამოაგდო. თანაც, ჩამოგდებაცაა და ჩამოგდებაც - ეს იყო ფეხბურთი!

დღის მეორე მატჩში როგორც მოსალოდნელი იყო ლონდონის „ტოტენჰენმა“ მეოთხედფინალის საგზური მშვიდად მოიპოვა. მაურისიო პოჩეტინოს გუნდს სამბურთიანი უპირატესობა არ გაუნიავებიათ და „სიგნალ იდუნა პარკზეც“ დაამარცხეს „დორტმუნდი“. „ყვითლებმა“, რომლებიც ჯგუფურ ეტაპზე ერთ-ერთ ყველაზე ფეერიულ ფეხბურთს აჩვენებდნენ, მერვედფინალი ისე დატოვეს, რომ 180 წუთში გოლიც ვერ გაიტანეს. „ტოტენჰემი“ კი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპზე 2010-2011 წლების სეზონის შემდეგ პირველად ითამაშებს.

ამრიგად, ორი მეოთხედფინალსტის ვინაობა ოფიციალურად ცნობილია - ამსტერდამის „აიაქსი“ და ლონდონის „ტოტენჰემი“.

„დორტმუნდი“ – „ტოტენჰემი“ 0:1 (0:0) VIDEO

დორტმუნდი, „სიგნალ იდუნა პარკი“

მაყურებელი: 66 099

„დორტმუნდი“ (4-1-4-1): ბიურკი; ვოლფი (ლარსენი 62), აკანჯი, ვაიგლი, დიალო; ვიტსელი; სანჩო, როისი (დელანი 74), გიოტცე, გერეირო (პულიშიჩი 62); პაკო ალკასერი

მწვრთნელი: ლუსიენ ფავრი

„ტოტენჰემი“ (3-4-1-2): ლორისი; ალდერვეირელდი, სანჩესი, ვერტონგენი; ორიე, ვინკსი (დაიერი 55), სისოკო, დევისი; ერიკსენი (როუზი 83); სონი (ლამელა 71), კეინი

მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

გოლი: 0:1 კეინი (49)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 12 (7) – 3 (1) ბურთის ფლობა: 62%-38% კუთხურები: 10:5 თამაშგარე: 4:2

მსაჯი: დანი მაკეილე (ჰოლანდია)

„რეალი“ – „აიაქსი“ 1:4 (0:2) VIDEO

მადრიდი, „სანტიაგო ბერნაბეუ“

მაყურებელი: 77 013

„რეალი“ (4-3-3): კურტუა; კარვახალი, ვარანი, ნაჩო, რეგილონი; მოდრიჩი, კაზემირო (ვალვერდე 87), კროოსი; ვასკესი (ბეილი 29), ბენზემა, ვინისიუსი (ასენსიო 35)

მწვრთნელი: სანტიაგო სოლარი

„აიაქსი“ (4-3-3): ონანა; მაზრაუი (ვოელტმანი 81), დე ლიხტი, ბლინდი, ტალიაფიკო; შონე (დე ვიტი 73), ვან დე ბეკი, დე იონგი; ზიეჩი, ტადიჩი, ნერეში (დოლბერგი 74)

მწვრთნელი: ერიკ ტენ ჰაგი

გოლები: 0:1 ზიეჩი (7), 0:2 ნერეში (18), 0:3 ტადიჩი (62), 1:3 ასენსიო (70), 1:4 შონე (72)

გაფრთხილება: კარვახალი (30), ნაჩო (90, 90) - მაზრაუი (26)

გაძევება: ნაჩო (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 17 (7) – 14 (8) ბურთის ფლობა: 57%-43% კუთხურები: 6:3 თამაშგარე: 1:7

მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)

Loading...
სტატისტიკა
0.269732