ფეხბურთი

21:15 | 5.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

რევოლუცია გერმანიის ნაკრებში: მიულერი, ჰუმელსი და ბოატენგი "ბუნდესნაკრებიდან" გარიცხეს

ჟერომ ბოატენგი, მატს ჰუმელსი და ტომას მიულერი გერმანიის ნაკრებში აღარ ითამაშებენ. ყოველშეთხვევაში მინიმუმ მანამდე, სანამ იოაჰიმ ლიოვი „ბუნდესნაკრების“ მთავარი მწვრთნელი იქნება.

ლიოვმა ამის შესახებ საზოგადოებას თავად ამცნო. მისი განცხადებით, 2019 წელს გერმანიის ნაკრების აღზევების დასაწყისი უნდა გამოდგეს და გუნდის გაახალგაზრდავება გადაწყვიტეს. შედეგად, მიულერი, ბოატენგი და ჰუმელსი მის გეგმებში აღარ ჯდება.

„2019 წელი უნდა იყოს გერმანიის ნაკრებისთვის ახალი ეპოქის დასაწყისი. ამ მოტივით ბოატენგი, ჰუმელსი და მიულერი გუნდში აღარ იქნებიან. მინდა, ურთიერთობა პირადად „ბაიერნის“ ფეხბურთელებთან გავარკვიო. ესენი არიან ფეხბურთელები, რომელთაც ჯერ კიდევ აქვთ საერთაშორისო დონე, მაგრამ გადავწყვიტე, რომ გუნდს ახალი სახე მივცე და დრო ახალგაზრდებს დავუთმო, რადგან ეს სჭირდებათ“, - განაცხადა ლიოვმა.

აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა დირექტორმა ოლივერ ბირჰოფმაც გააკეთა:

„ჩვენი ამოცანაა გადავწყვიტოთ რა არის გუნდისთვის უმჯობესი, რომ დავბრუნდეთ მსოფლიოს სათავეში. ტომასი, მატსი და ჟერომი გერმანული ფეხბურთისთვის აქამდე დიდი მნიშვნელობის მოთამაშეები იყვნენ და კლუბისთვის დახარჯვას გააგრძელებენ. მათი მადლობელი ვართ ეროვნულ ნაკრებში გატარებული პერიოდის გამო“, - დასძინა ბირჰოფმა.

30 წლის მატს ჰუმელსი გერმანიის ნაკრებში 2010 წლიდან თამაშობდა და 70 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა, ხოლო 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. 30 წლის ჟერომ ბოატენგმა „ბუნდესნაკრებში“ 2009 წლიდან 76 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონი ისიც გახდა.

29 წლის ტომას მიულერის სანაკრებო კარიერა 2010 წელს დაიწყო და დღემდე 100 მატჩში 38 გოლი გაიტანა, 5 წლის წინ მუნდიალის ოქროს მედალი მანაც დაისაკუთრა.

ცნობისთვის, გერმანიის ნაკრები, რომელიც მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე შერცხვა და ჯგუფში ჩარჩა (შვედეთთან, სამხრეთ კორეასთან და მექსიკასთან), მომდევნო მატჩს 20 მარტს, სერბეთის ნაკრებთან გამართავს და ეს თამაში ამხანაგური ხასიათის იქნება.

0.13526