ფეხბურთი

19:43 | 4.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

დაჩრდილული მომო სალაჰი

„ლივერპული“ ბოლო დროს ვეღარაა ისეთი ფეერიული და კარგი სანახავი, როგორც გასულ და მიმდინარე სეზონის პირველ ნაწილში. იურგენ კლოპის გუნდს ხშირი 0:0-ებიც შემოეჩია და გერმანელი ხან უამინდობას აბრალებს, ხანაც მეტოქის გაუთვალისწინებელ ტრავმიანობას.

მაგრამ, ყველამ და მათ შორის, კლოპმაც ხომ კარგად იცის, რომ ეს ჭეშმარიტება არაა. მაშინ, რა არის რეალური მიზეზი იმისა, რომ „ლივერპულმა“ 10ქულიანი ჰანდიკაპი გაანიავა და „სიტის“ უკვე ჩამორჩება?

ერთ-ერთი მოჰამედ სალაჰი! ეგვიპტელი „ლივერპულის“ მთავარ დასაყრდენ ძალად მიიჩნევა და ბუნებრივია მის თამაშზე ბევრი რამ პირდაპირაა დამოკიდებული. გასული სეზონი მომოს ბრწყინვალე ჰქონდა და ყველა ტურნირის ჩათვლით 44(!) გოლი გაიტანა (32 პრემიერლიგაში, 11 ჩემპიონთა ლიგაზე, 1 ინგლისის თასზე).

თუმცა, ამ სეზონში აფრიკელი ასეთი ეფექტური ვეღარაა. ამ დროისთვის სალაჰის ანგარიშზე 20 გოლია (17 პრემიერლიგაში, 3 ჩემპიონთა ლიგაზე) და შედარებისთვის, ზუსტად ერთი წლის წინ, მარტის დასაწყისში 32 გოლი იყო მის აქტივში.

შედეგიანობის მოკლებასთან ერთად სალაჰის პრობლემა დიდ გუნდებთან ცუდი თამაშია. ცნობისთვის, მომომ მიმდინარე სეზონში 16-ჯერ ითამაშა დიდი გუნდების წინააღმდეგ მხოლოდ 2 გოლი გაიტანა (16 თამაშში შედის პრემიერლიგის 5 დიდ გუნდთან მატჩები, "ევერტონთან" დერბი, ჩემპიონთა ლიგაზე „ნაპოლისთან“ და პსჟ-სთან ორ-ორი დაპირისპირება და „ბაიერნთან“ პირველი შეხვედრა). ის 2 გოლი, რომელიც ვახსენეთ, ეგვიპტელმა "არსენალსა" და "ნაპოლის" გაუტანა.

კიდევ უფრო სავალალო მდგომარეობა აქვს სალაჰს ხსენებულ 16 შეხვედრაში საგოლე გადაცემების მხრივ - ოდენ ერთი შედეგიანი პასი!

ბუნებრივია, გინდა, არ გინდა, გუნდის ლიდერის ასეთი თამაში „ლივერპულზეც“ აისახება. და, „წითლებს“ ნანატრი ჩემპიონობის მოპოვება თუ უნდათ, სეზონის დარჩენილ ნაწილში ისეთი სალაჰის დაბრუნება დასჭირდებათ, გასულ სეზონში რომ იყო, რომელმაც თანაგუნდელები ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე მიიყვანა. ვნახოთ, "ლივერპულსა" და სალაჰს საგაზაფხულო გამოცდები ეწყებათ...

0.128659