ფეხბურთი

16:10 | 4.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

სალვატორე სირიგუს რეკორდი და "ტორინოს" პოზიტიური სეზონი

იტალიური „ტორინო“ გასული საუკუნის შუაში ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი იყო, მაგრამ ის დრო წარსულში დარჩა. უკვე წლებია, „ხარებისთვის“ საუკეთესო შედეგი სერია A-ს სატურნირო ცხრილის შუაში მოქცევაა.

თუმცა, მიმდინარე სეზონში ტურინული გუნდი ჩინებულად თამაშობს, 41 ქულით მეშვიდე ადგილზეა. შანსი აქვს ევროპა ლიგის ზონაში მოხვდეს. რაც მთავარია, ვალტერ მაძარის შეგირდები იშვიათად აგებენ - 26 ტურში ოდენ 5 წაგება. ამაზე უკეთესი შედეგი მხოლოდ „იუვენტუსს“ (0), „ნაპოლისა“ და „მილანს“ (4-4) აქვთ. თანაც, ტურინელები სტუმრად თითქმის არ აგებენ. მიმდინარე სეზონში „ტორინო“ გასვლაზე ერთადერთხელ („რომასთან“ 2:3) დამარცხდა.

ეს 2019 წლის 19 იანვარს მოხდა და იმ მატჩის შემდეგ „ტორინოს“ გოლიც არ გაუშვია. სალვატორე სირიგუ კი გუნდის ისტორიაში შევიდა - 557-წუთიანი მშრალი სერია „ხარების“ არცერთ მეკარეს არ ჰქონია.

გამოცდილი კიპერის კარი ბოლოს სტეფან ელ შაარავიმ იანვარში დალაშქრა. მას შემდეგ სირიგუმ „ინტერთან“, „სპალთან“, „უდინეზესთან“, „ნაპოლისთან“, „ატალანტასთან“ და „კიევოსთან“ მოახერხა კარის მშრალად შენახვა.

ცნობისთვის, სალვატორემ „ტორინოს“ რეკორდი კი დაამყარა, მაგრამ ზოგადად სერია A-ს რეკორდი ძალიან შორსაა - იტალიის ელიტარულ ლიგაში 2015-2016 წლების სეზონში ჯანლუიჯი ბუფონმა საკუთარი კარი ხელუხლებლად ზედიზედ 974 წუთის განმავლობაში შეინახა და ეს რეკორდია.

0.126139