ავტოსპორტი

17:35 | 3.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო თავართქილაძე ფორმულა „რენოს“ აზიის ჩემპიონატში იასპარეზებს

საქართველოს სამგზის ჩემპიონი ფორმულა „ალფას“ კლასში, 19 წლის სანდრო თავართქილაძე, ახალ სეზონში ფორმულა „რენოს“ აზიის სერიის საუკეთესო გუნდთან, „ბლექარტს რეისინგთან“ ერთად იასპარეზებს.

ქართველმა მრბოლმა გასულ კვირაში, ჟუჰაის საერთაშორისო ტრეკზე, სპეციალურ ტესტებში მიიღო მონაწილეობა, რის შემდეგაც, „ბლექარტსმა“ მასთან კონტრაქტი გააფორმა. ფორმულა „რენო 2.0“ სარბოლო ავტომობილით სამდღიანი ტესტების შემდეგ, გუნდი კმაყოფილი დარჩა ქართველი მრბოლის სწრაფი ადაპტაციის უნარით და სისწრაფით.

„ბლექარტს რეისინგი“ აზიის ფორმულა „რენოს“ ჩემპიონატში 2015 წლიდან მონაწილეობს და უკვე ოთხი ტიტული აქვს მოპოვებული. გუნდმა ახლახანს სასპონსორო კონტრაქტი გააფორმა სან-ფრანცისკოში ბაზირებულ კომპანია „ოლოისთან“, რომელიც მისი სპონსორი აზიის ფორმულა 3-ის ჩემპიონატშიც იქნება.

ჟუჰაის ტრეკზე (4.319 კმ) თავართქილაძემ სამდღიანი ტესტების საუკეთესო დრო - 1:34.166 დააფიქსირა და რაც მთავარია, გუნდი საკუთარი შესაძლებლობებით მოხიბლა. გუნდის შეფმა ბილ ო’ბრაიენმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ ქართველ მრბოლს, საკარიერო წინსვლაში სრული მხარდაჭერა გაუწიოს.

„ძალიან მიხარია, რომ ბლექარტს რეისინგთან ერთად, აზიის ფორმულა რენოს სერიაში ჩავერთვები. ეს ჩემთვის კარგი საშუალებაა იმისათვის, რომ საკუთარი შესაძლებლობები გამოვავლინო. გუნდი უნარების განვითარებაში ყველანაირად მეხმარება და მადლობელი ვარ იმისთვის, რომ ასეთ შანსს მაძლევს. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ კარგად გამოვიდე და ტიტულისთვის ვიბრძოლო“, - ამბობს ქართველი მრბოლი.

„ბლექარტს რეისინგის“ გუნდის ხელმძღვანელი ბილ ო’ბრაიენი: „სანდრომ ჩვენზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მართალია, ის სამშობლოში ფორმულა „ალფას“ ჩემპიონატში საუკეთესოა, მაგრამ ფორმულა „რენოში“ უფრო მძლავრი მანქანებიცაა და მათ გაცილებით მეტი ჩაჭიდებაც აქვთ. მაგრამ სანდრო სადღიანი ტესტებისას, ახალ მანქანას სწრაფად შეეგუა და დაგვიმტკიცა, რომ ფორმულა „რენოს“ აზიის სერიის 2019 წლის სეზონში საასპარეზოდ მზადაა. ჩვენ მას ამ სეზნში იღბალს და ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებთ და მზად ვართ, პროფესიონალი მრბოლის კარიერის განვითარებაშიც დავეხმაროთ“.

უკვე ცნობილია, რომ სანდროსთან ერთად, სანდროსთან ერთად, „ბლექარტს რეისინგში“ 19 წლის ჰოლანდიელი ჯოი ალდერსი იასპარეზებს. წლევანდელ სეზონში, აზიის ფორმულა „რენოს“ სერიაში ასევე ფინეთის ფორმულა „ფორდის“ ჩემპიონი, 18 წლის ელიას ნასკანენი გამოვა.

ცნობისათვის, ფორმულა „რენო“ ის პლატფორმაა, რომელიც ფორმულა 1-ის ვარსკვლავებს - ლუის ჰამილტონს, კიმი რაიკონენს, ფელიპე მასას, დანიელ რიკარდოს და სხვებს აქვთ გავლილი.

აზიის ფორმულა „რენოს“ სერიის კალენდარში სულ 6 ეტაპი და 12 რბოლაა - თითო ეტაპზე ორი რბოლა იმართება.

აზიის ფორმულა „რენოს“ 2019 წლის კალენდარი

23-24 მარტი - ჟუჰაი (ჩინეთი)

25-26 მაისი - ნინგბო (ჩინეთი)

15-16 ივნისი - ჟუჰაი (ჩინეთი)

13-14 ივლისი - ტიანძინი (ჩინეთი)

24-25 აგვისტო - სეპანგი (მალაიზია)

28-29 სექტემბერი - სეპანგი

0.144933