ფეხბურთი

1:59 | 3.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

რომს "არწივები" დაეპატრონენ

იტალიის დედაქალაქ რომში დღეს „არწივები“ დაფრინავენ - „ლაციომ“ დერბი დელა კაპიტალე „რომას“ პირწმინდად მოუგო და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში დაბრუნდა.

სიმონე ინძაგის გუნდმა ვიზავი ცალსახად დაჯაბნა და მიუხედავად იმისა, რომ „რომას“ საგოლე შანსები ჰქონდა, „ლაციომ“ სრულიად დამსახურებულად იმარჯვა. „არწივებმა“ დასაწყისშივე გაიტანეს და მოპოვებული უპირატესობა მერე კიდევ უფრო გაზარდეს. ანგარიში ფელიპე კაისედომ გახსნა, რომელმაც ახლო მანძილიდან მოახერხა მეტოქის კარის აღება. ნომინალურმა მასპინძლებმა უპირატესობა 73-ე წუთზე გაზარდეს. კორეა საჯარიმოში ფაციომ წააქცია და პენალტი ჩირო იმმობილემ ზუსტად დაარტყა. წერტილი კი საჯარიმოს მისადგომებიდან დანილო კატალდიმ დასვა.

3:0 და „ლაციომ“ მოძულე მეტოქესთან ისეთი გამარჯვება მოიპოვა, კარგა ხანს, რომ არ დაივიწყებს. ინძაგის შეგირდებმა ოთხეულთან ჩამორჩენა 6 ქულამდე შეამცირა, ხოლო „რომამ“ „ინტერთან“ გატოლების შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა.

სამაგიეროდ, „ინტერს“ „მილანმა“ გადაასწრო და სატურნირო ცხრილის მესამე საფეხურზე მოკალათდა. ჯენარო გატუზოს გუნდი მეორე წრეში უბრალოდ შეუდარებელია და ჩინებულ შედეგებს აჩვენებს. „როსონერიმ“ მორიგი და რაც მთავარია, უმნიშვნელოვანესი გამარჯვება „სასუოლოსთან“ მოიპოვა. მართალია მინიმუმალური ანგარიშით, მაგრამ სამი ქულა მოიპოვა და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრის ძალზე დიდი შანსი გაუჩნდა.

25-ე ტურის მეორე სათამაშო დღე კი, „ემპოლისა“ და „პარმას“ დრამატული და ჩინებული მატჩით გაიხსნა. გუნდებმა ერთმანეთს სამ-სამი გოლი გაუტანეს და ქულები გაინაწილეს. ლევან მჭედლიძე კი, ტოსკანელთა განაცხადში ამჯერადაც არ ყოფილა.

„ლაციო“ – „რომა“ 3:0 (1:0)

რომი, „სტადიო ოლიმპიკო“

„ლაციო“ (3-5-2): სტრაკოშა; ბასტოსი, აჩერბი, რადუ; მარუშიჩი, მილენკოვიჩ-სავიჩი, ლუის ალბერტო (პაროლო 70), ლულიჩი; კორეა (კატალდი 78), კაისედო (იმმობილე 64)

მწვრთნელი: სიმონე ინძაგი

„რომა“ (4-3-3): ოლსენი; ფლორენცი, ფაციო, ჟუან ჟესუსი, კოლაროვი; კრისტანტე, დე როსი (პასტორე 66), პელეგრინი; ძანიოლო (პეროტი 62), ჯეკო, ელ შაარავი (შიკი 82)

მწვრთნელი: ეუსები დი ფრანჩესკო

გოლები: 1:0 კაისედო (12), 2:0 იმმობილე (73, პენ), 3:0 კატალდი (89)

გაფრთხილება: ლულიჩი (55), მილინკოვიჩ-სავიჩი (77), კატალდი (90), რადუ (90) - ჟუან ჟესუსი (5), ფაციო (72), ჯეკო (90), კოლაროვი (90, 90)

გაძევება: კოლაროვი (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 6 (4) – 8 (4) ბურთის ფლობა: 46%-54% კუთხურები: 5:7 თამაშგარე: 2:0

მსაჯი: პაოლო მაცოლენი

„ემპოლი“ – „პარმა“ 3:3 (1:2)

გოლები: 0:1 ჟერვინიო (13), 1:1 დელ’ორკო (18), 1:2 რიგონი (45), 2:2 კაპუტო (59, პენ), 2:3 ბრუნო ალვეში (82), 3:3 სილვესტრე (90)

„მილანი“ – „სასუოლო“ 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 ლიროლა (35, ა.გ)

თეგებისერია A
0.142468