ფეხბურთი

2:30 | 5.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

"თქვენ ირჩევთ" - თებერვლის თვის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი

“თქვენ ირჩევთ” – WORLDSPORT.GE-ს ტრადიციული, ყოველთვიური გამოკითხვა გრძელდება. შეგახსენებთ, ჩვენი ვებგვერდი აღნიშნულ გამოკითხვას 2016 წლის სექტემბრიდან მოყოლებული გთავაზობთ.

სანამ ნომინანტებზე ვიტყოდეთ, ის ვთქვათ, რომ იანვარში გამოკითხვა არ ჩაგვიტარებია, რადგან ქართველი ფეხბურთელების აბსოლუტური უმრაველობის გუნდები მხოლოდ სპარინგ მატჩებს ატარებდნენ. აქვე, წესებს შეგახსენებთ, რომელიც უცვლელია: ჩვენი მკითხველი თვის საუკეთესო ფეხბურთელს ირჩევს. გამოკითხვა, როგორც აქამდე, ჩვენს ვებგვერდზე მომდევნო სამი დღის განმავლობაში განთავსდება და ხმის მიცემა ნებისმიერ ადამიანს შეეძლება. თუმცა, მხოლოდ ერთხელ, ერთ სასურველ კანდიდატზე.

ბოლო ოთხი გამოკითხვის გამარჯვებული მიჯრით გახდა გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც სამჯერვე დიდი უპირატესობით მოიგო. გიორგი ამჯერად ნომინანტთა შორის არ იმყოფება, რადგან გასული თვე მისთვის წარუმატებელი გამოდგა და ტრავმის გამო არ უთამაშია. სანამ ნომინანტებზე გადავიდოდეთ, მანამდე შეგახსენებთ, "თქვენ ირჩევთ" ყველა გამარჯვებულს:

ჯანო ანანიძე (სექტემბერი 2016 წელი), ვაკო გვილია (ოქტომბერი), თორნიკე ოქრიაშვილი (ნოემბერი), ლევან მჭედლიძე (დეკემბერი), ლევან მჭედლიძე (იანვარი 2017 წელი), გიორგი მაკარიძე (თებერვალი), ჯანო ანანიძე (მარტი), გურამ კაშია (აპრილი), გრიგოლ დოლიძე (მაისი), სოლომონ კვირკველია (სექტემბერი), სოლომონ კვირკველია (ოქტომბერი), როინ კვასხვაძე (ნოემბერი), სოლომონ კვირკველია (დეკემბერი), გიორგი ჩაკვეტაძე (თებერვალი, 2018 წელი), ვაკო ყაზაიშვილი (მარტი), საბა ლობჟანიძე (აპრილი), გიორგი პაპუნაშვილი (მაისი), ვაკო ყაზაიშვილი (აგვისტო), გიორგი ჩაკვეტაძე (სექტემბერი), გიორგი ჩაკვეტაძე (ოქტომბერი), გიორგი ჩაკვეტაძე (ნოემბერი), გიორგი ჩაკვეტაძე (დეკემბერი).

ახლა კი, 2019 წლის პირველ ნომინაციაზე და თებერვლის თვის ნომინანტებზე გადავიდეთ. ხუთი ფეხბურთელი გამოვარჩიეთ და არჩევანი თქვენზეა. მაშ ასე, თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელს „თქვენ ირჩვეთ“...

გიორგი ლორია („მაგდებურგი“, გერმანია) - ლორიამ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოხვდა ჩვენს ნომინანტებში. ქართველი კიპერის წარუმატებელი პერიოდი უკან დარჩა და გერმანულ „მაგდებურგს“ ჩინებულად მოერგო. თებერვალში ჩვენებურმა გერმანიის II ბუნდესლიგაში 4 თამაში ჩაატარა, რომელთაგანაც მისმა გუნდმა 2 მოიგო და ორჯერ ფრეს დასჯერდა. გიორგიმ კარი მშრალად ერთხელ შეინახა და სამი გოლი გაუშვა.

ლევან ხარაბაძე („ციურიხი“, შვეიცარია) - ლევან ხარაბაძე ჩვენი გამოკითხვის დებიუტანტია. 19 წლის ჩვენებურს „ციურიხში“ ჩინებული დასაწყისი აქვს და დიდ იმედსაც იძლევა. თებერვალში ლევანმა 7 თამაში ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და ერთხელაც საგოლე პასი მიითვალა. გარდა ამისა, უნდა გამოვყოთ, რომ ორჯერ ევროპა ლიგაზე, „ნაპოლისთან“ მატჩებში მიიღო მონაწილეობა.

ვაკო გვილია („გორნიკი“, პოლონეთი) - გვილიაც ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოხვდა ნომინანტთა შორის. ქართველი ფეხბურთელი ნელ-ნელა პოლონური „გორნიკის“ ლიდერად ყალიბდება. ვაკომ თებერვალში ახალი გუნდის მაისურით სამჯერ ითამაშა, გოლი გაიტანა და საგოლე პასიც შეასრულა.

ლაშა დვალი („ფერენცვაროში“, უნგრეთი) - ლაშა დვალი ზამთარში პოლონეთის ჩემპიონატიდან უნგრეთში გადავიდა, თუმცატიტულოვან და ლიდერ „ფერნაცვაროშში“. ლაშას ახალი გუნდის ძირითად შემადგენლობაში ფეხის მოკიდება არ გასჭირვებია და თებერვალში მოედანზე 4-ჯერ გავიდა და მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური მცველია, სადებიუტო გოლის გატანა უკვე მოასწრო („დებრეცენთან“ შეხვედრაში).

ნიკა კაჭარავა („ანორთოსისი“, კვიპროსი) - ნიკა კაჭარავამ თებერვალში ერთი მატჩი ჩაატარა, მაგრამ მეტად ნაყოფიერი. „ერმისთან“ მოგებულ (3:2) შეხვედრაში ქართველი ფორვარდი მატჩის გმირი იყო. ჯერ საგოლე პასი გააკეთა, შემდეგ თერმეტმეტრიანი გამოიმუშავა, ხოლო ბოლოს, მსაჯის კომპენსირებულ დროში გოლი გაიტანა და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112661