ფეხბურთი

1:45 | 2.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერისთვის" ოთხეულთან კითხვის ნიშანი გაჩნდა

იტალიის სერია A-ს 25-ე ტური სარდიანიაზე, „კალიარისა“ და „ინტერის“ მატჩით დაიწყო. ორივე გუნდისთვის მეტად მნიშვნელოვანი თამაში იყო - კუნძულელები ელიტაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვიან, ხოლო „ნერაძური“ წარმატებელი მატჩების ფონზე, ჩემპიონთა ლიგის საზგურის დაკარგვის საფრთხის ქვეშ დადგა.

ცნობისთვის, „ინტერმა“ ზედიზედ მეხუთე თამაში ჩაატარა მაურო იკარდის გარეშე, რომელსაც გუნდის ხელმძღვანელობასთან და გულშემატკივრებთან არასტაბილური ურთიერთობა აქვს. მატჩი კი, დაძაბული და საინტერესო გამოდგა. სამი გოლი გავიდა და სამივე პირველი ტაიმის დასკვნით ნაწილში. სარდინიელები ლუკა ჩეპიტელიმ 31-ე წუთზე თავური დარტყმით დააწინაურა, რასაც მალევე ლაუტარო მარტინესის გოლი მოჰყვა. არგენტინელმა რაჯა ნაინგოლანის კარგი გადაცემის შემდეგ დასწრებაზე დიდებულად ითამაშა. მიუხედავად ამისა, ტაიმი მაინც მასპინძლებმა მოიგეს. დარიო სრნას ფლანგურ გადაცემას ლეონარდო პავოლეტი გამოეხმაურა და ჩინებული დარტყმით მეორედ დაამწუხრა სამირ ჰანდანოვიჩი.

მეორე ნახევარში მილანელები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწიეს. ლუჩანო სპალეტის გუნდმა სარდინია უქულოდ დატოვა და გართულებული სიტუაცია კიდევ უფრო გაირთულა.

„ინტერი“ მესამე ადგილს ინარჩუნებს, მაგრამ შაბათს „მილანი“ თუ მოიგებს, გადაასწრებს, ხოლო „რომას“ შანსი აქვს ქულებით გაუტოლდეს. მოკლედ, „ნერაძურის“ რამდენიმე ტურის წინ თითქოს ჩემპიონთა ლიგის საგზური განაღდებული ჰქონდა, მაგრამ დარჩენილ ტურებში მაქსიმუმისთვის მოუწევს გარჯა.

„კალიარი“ – „ინტერი“ 2:1 (2:1)

გოლები: 1:0 ჩეპიტელი (31), 1:1 მარტინესი (38), 2:1 პავოლეტი (43)

თეგებისერია A
0.115028