ფეხბურთი

0:59 | 26.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ხოჭოლავას 90 წუთი და წიტაიშვილის დებიუტი უკრაინის პრემიერლიგაში

თითქმის სამთვიანი პაუზის შემდეგ უკრაინის პრემიერლიგა განახლდა. მე-19 ტურში დონეცკის „შახტარმა“ „ოლექსანდრიას“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. „მეშახტეთა“ რიგებში შეუცვლელად ითამაშა დაცვის ცენტრში დავით ხოჭოლავამ.

იქვე, კიევის „დინამომ“ ლუგანსკის „ზორია“ 5:0 გაანადგურა. კიეველთა რიგებში პრემიერლიგის ეგიდით დებიუტი ჰქონდა 18 წლის გიორგი წიტაიშვილს, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, მაგრამ ქართული ფესვები აქვს. ნიჭიერმა შემტევმა 70-ე წუთიდან ციგანკოვის ნაცვლად ითამაშა.

ცნობისთვის, წიტაიშვილის გადაბირება პირეოსის „ოლიმპიაკოსს“ სურს და ამის შესახებ უკრაინულ მედიაში დაიწერა.

„ზორიას“ რიგებში სათადარიგო იყო ზაურ მახარაძე, ხოლო მეორე ტაიმის სრულად ჩაატარა ლევან არველაძემ, რომელიც უკრაინის მოქალაქეა. „შახტარს“ 48 ქულა აქვს, პირველ ადგილზეა და კიევის „დინამოს“ 7 ქულით უსწრებს.

საბერძნეთის სუპერლიგის 22-ე ტურში ლაშა შერგელაშვილის „იანინა“ სტუმრად „პანეთოლიკოსთან“ 0:1 დამარცხდა. ქართველმა მარცხენა ფლანგზე შეუცვლელად ითამაშა. „იანინას“ კი, 20 ქულა აქვს და მე-13 ადგილზე იმყოფება.

0.117274