ფეხბურთი

18:13 | 24.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედომ" სეზონი ტრიუმფით დაიწყო

საქართველოში 2019 წლის საფეხბურთო სეზონი გაიხსნა და ქუთაისის „ტორპედო“ საქართველოს სუპერთასის მფლობელია. კახა ჩხეტიანის გუნდმა ეს ტიტული ზუსტად ერთი წლის წინ (ამავე დღეს) მოიპოვა და დღეს შენარჩუნება მოახერხა.

გორში, „თენგიზ ბურჯანაძეზე“ მოქმედი ჩემპიონი „საბურთალო“ და თასის გამარჯვებული „ტორპედო“ დაუპირისიპირდნენ ერთმანეთს. ბარემ აქვე გეტყვით, რომ საქართველოს სუპერთასის განახლებული თასი თამაშდებოდა, ახალი სახელი - სლავა მეტრეველის სახელობის. ამას თან ერთვოდა სეზონის მაჟორულ ნოტაზე დაწყება და თანაც, ტიტულს სხვა გემო აქვს.

საწადელს „ტორპედომ“ მიაღწია და დამსახურებულადაც. ალბათ, არ გადავაჭარბებთ, თუ ვიტყვით, რომ იმერლებმა დამსახურებულად იმარჯვეს. ყოველშემთხვევაში, თამაშის სცენარი მათი კარნახით მიდიოდა და გოლის გატანაც უფრო მეტჯერ შეეძლოთ.

უნდა ვთქვათ ისიც, რომ მატჩი უფრო დაძაბული იყო, ვიდრე სანახაობრივი. ბევრი საგოლე მომენტიც არ შექმნილა და არც ლამაზი ეპიზოდებით განებივრებულა მაყურებელი. პირველი საგოლე შანსი „ტორპედოს“ მეათე წუთზე ჰქონდა. ბუდუ ზივზივაძემ გრიგოლ დოლიძე დატოვა კარგ პოზიციაში და მისი დარტყმა ხარიხამ აისხლიტა. გადარჩა „საბურთალო“. პრინციპში პირველ ტაიმში ეს ერთადერთი რეალური საგოლე მომენტი იყო.

მეორე ნახევარი „საბურთალომ“ აქტიურად დაიწყო, თითქოს გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი უფრო გააქტიურდა, თუმცა ეს მოჩვენებითი გამოდგა. მალევე, ქუთათურებმა თამაშის სადავეების ხელთ ჩაგდება შეძლეს და მეორე ნახევარში პირველი ყველაზე რეალური საგოლე მომენტიც მათ შექმნეს. ბუდუ ზივზივაძე გავიდა ომარ მიგინეიშვილთან პირისპირ, მაგრამ მეკარემ დიდებულად ითამაშა და გადაარჩინა თანაგუნდელები.

„ტორპედომ“ მაინც გაიტანა. 70-ე წუთზე მათე ცინცაძემ ჯარიმა შეასრულა, საჯარიმოში ზიზვზივაძემ ქუსლით შეუცვალა ბურთს მიმართულება და მეკარის წინ მერაბ გიგაური მარტოდ-მარტო აღმოჩნდა. გიგაურმა შანსი არ გაანიავა და როგორც აღმოჩნდა, გამარჯვების გოლი გაიტანა. ჭიაბრიშვილმა ცვლილებებს მიმართა, მაგრამ ამას შედეგი არ გამოუღია. იმერლები სრულად აკონტროლებდნენ თამაშის ტემპს, რიტმს და მიმდინარეობას. საქართველოს ჩემპიონს რეალური საგოლე მომენტიც არ ჰქონია, საჯარიმოსთან მიახლოვებაც უძნელდებოდა.

შედეგად, 1:0 და „ტორპედომ“ სეზონი საქართველოს სუპერთასით დაიწყო. თანაც გაგრძელდა ოფიციალურ მატჩებში დაუმარცხებელი სერია, რომელიც სათავეს გასული წლის აგვისტოდან იღებს. ცნობისთვის, „ტორპედომ“ ისტორიაში მეორედ მოიგო აღნიშნული ჯილდო.

წინ კი ეროვნული ლიგის სტარტია. „საბურთალო“ 1-ელ მარტს ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლებს, ხოლო „ტორპედო“ 2 მარტს ბოლნისის „სიონს“ ქუთაისში დაუხვდება.

„საბურთალო“ – „ტორპედო“ 0:1 (0:0)

გორი, „თენგიზ ბურჯანაძე“

„საბურთალო“ (4-2-3-1): მიგინეიშვილი; ჩაბრაძე, მარგველაშვილი, კაკუბავა, ლაკვეხელიანი; ტერა (ალთუნაშვილი 72), გორგიაშვილი; ვაგნერი, დიასამიძე (გოშთელიანი 76), გი (გვარაძე 59); კოხრეიძე

მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

„ტორპედო“ (4-2-3-1): კვასხვაძე; გეგეჭკორი, აზაცკი, კობახიძე, სტიეპოვიჩი; გიგაური, ცინცაძე (ჩაჩუა 79); დოლიძე (წიქარიძე 65), ქავთარაძე, ქიმაძე; ზივზივაძე (კაპანაძე 86)

მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

გოლი: 0:1 გიგაური (70)

მსაჯი: გიორგი ყრუაშვილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128497