ფეხბურთი

0:15 | 24.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

უფერულად, მაგრამ ლიდერთან გატოლებული "ბაიერნი"

გერმანიის ბუნდესლიგის 23-ე ტურის მეორე სათამაშო დღის შემდეგ სატურნირო ცხრილის სათავეში ორხელისუფლიანობაა. „ბაიერნი“ „დორტმუნდს“ წამოეწია, თუმცა ლუსიენ ფავრის გუნდს ამ ტურის მატჩი მარაგში აქვს და ბუნებრივია, ლიდერობის დაბრუნებასაც ეცდება.

თუმცა, იქამდე ფაქტი სახეზეა - „ბაიერნი“ უკვე აღარაა მდევარი. მართალია ნიკო კოვაჩის გუნდი „ალიანს არენაზე“ ბერლინის „ჰერტას“ ვაი-ვაგლახითა და დიდი წვალებით გაუსწორდა, მაგრამ მაინც დაამარცხა.

„რეკორდმაისტერი“ ამ შეხვედრაში საკუთარ თავს არ ჰგავდა და საგოლე მომენტების შექმნაც ძალიან უჭირდა. მეტიც, სანამ ანგარიში გაიხსნებოდა, „ჰერტას“ ჰქონდა სახიფათო ჩხვლეტები და რომ არა იღბალი, ვინ იცის, მოვლენები როგორ განვითარდებოდა. და მაინც, ძალა აღმართს ხნავს და ამ შემთხვევაში - კლასი. ხავი მარტინესის ერთადერთი ზუსტი დარტყმა, რომელიც მეორე ტაიმის შუაწელს ვიხილეთ, გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა მასპინძელთათვის. „ბაიერნმა“ მოიგო, 51 ქულა დააგროვა და „დორტმუნდს“ გაუთანაბრდა. ვნახოთ, რა პასუხი ექნება ამაზე „ბორუსიას“.

ტურის სხვა მატჩებს რაც შეეხება - ღრმა აუტსაიდერი „ნიურნბერგი“ ქულებს ვერ აგროვებს. მორიგი მარცხი ბავარიელებმა დიუსელდორფში განიცადეს. სტუმრებმა პრაქტიკულად მთელი თამაში კაცნაკლულელებმა ჩაატარეს (86 წუთი!) და რა გასაკვირია, რომ ქულაც ვერ მოიპოვეს. არადა, იბრძოლა „ნიურნბერგმა“ და ტაიმიც მოიგო, მაგრამ მეორე ნახევარში ორჯერ გაუშვა და ისევ წააგო.

„ფრაიბურგმა“ ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოიგო და თანაც მოგებასაც ხომ გააჩნია?! 5:1 „აუგსბურგთან“, რომელიც „ფრაის“ ერთ-ერთი მთავარი კონკურენტია. „მაინცმა“ „შალკე“ გაანადგურა. „ხუმარებმა“ შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგაზე იომეს და როგორც ჩანს, ძალები აღარ ეყოთ. არც ეს ყოფილა მოულოდნელობა, მიმდინარე სეზონმა ნათლად ცხადყო, რომ დომენიკო ტედესკოს გუნდს ორ ფრონტზე თანაბრად კარგად სათამაშოდ არც კლასი ჰყოფნის, არც ძალა და არც გამოცდილება. „მეშახტეებს“ წელს ადგილის შენარჩუნებისთვის მოუწევთ ფიქრი, თორემ ევროპა ლიგის ზონამდე ძალიან დიდი მანძილია და უკვე უტოპიასაც ჰგავს.

სამაგიეროდ, ევროპა ლიგის ზონაშია და უფრო მეტსაც უმიზნებს „ვოლფსბურგი“. „მგლები“ მიონხენგლადბახში „ბორუსიას“ ესტუმრნენ და ბევრისთვის მოულოდნელად 3:0 იმარჯვეს. „გლადბახმა“ პირველი წრე ბრწყინვალედ ჩაატარა და მეორე ადგილისკენაც იწევდა, მაგრამ ბოლო დროს სერიოზული ჩავარდნა აქვს და ახლა მეორე კი არა, ოთხეულში ადგილის შენარჩუნებისთვის სერიოზული ოფლის ღვრა მოუწევს - ყოველშემთხვევაში ამჟამინდელი კონტურები ასეთია.

„მაინცი“ – „შალკე“ 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 ონისივო (18), 2:0 მატეტა (73), 3:0 ონისივო (84)

„გლადბახი“ – „ვოლფსბურგი“ 0:3 (0:1)

გოლები: 0:1 გერჰარდტი (38), 0:2 მეჰმედი (68), 0:3 მეჰმედი (83)

„ბაიერნი“ – „ჰერტა“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ხავი მარტინესი (62)

„ფრაიბურგი“ – „აუგსბურგი“ 5:1 (3:0)

გოლები:1:0 პეტერსენი (9), 2:0 გრიფო (30), 3:0 პეტერსენი (43), 3:1 ხედირა (52), 4:1 ვალდშმიდტი (64), 5:1 ნიდერლეხნერი (85)

„დიუსელდორფი“ – „ნიურნბერგი“ 2:1 (0:1)

გოლები: 0:1 ლოუენი (41), 1:1 ევერტონი (62, ა.გ), 2:1 აიანი (83)

თეგებიბუნდესლიგა
0.112009