ჭიდაობა

20:50 | 23.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჭიდაობაში ახალი არაფერია – დათუნაშვილს წასვლის მოთხოვნა ვერც ვეტერანებმა გადაათქმევინეს

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე თანამდებობაზე რჩება, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილის ულტიმატუმი კი ულტიმატუმად. ვაკის ფალავანთა კლუბში დღეს გამართულმა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომამ ვერაფერი შეცვალა. სახელოვანი ვეტერანი მოჭიდავეების მცდელობის მიუხედავად, ევროპის ორგზის ჩემპიონმა სპორტსმენმა უკან არ დაიხია და უკვე ლამის მთელ საჭიდაო სამყაროს ერთად გამოუცხადა, რომ ფედერაციის ამ ხელმძღვანელობასთან ერთად მუშაობის გაგრძელებას აღარ აპირებს.

პრეზიდიუმის სხდომა მას-მედიისთვის დახურული იყო და მისი შემაჯამებელი კომენტარები მხოლოდ დასრულების შემდეგ გაკეთდა. სხდომისშემდგომ ბრიფინგზე ფედერაციის ხელმძღვანელობიდან მხოლოდ ვიცეპრეზიდენტმა ედიშერ მაჩაიძემ მიიღო მონაწილეობა.

მაჩაიძემ ჟურნალისტებს აცნობა, რომ ზურაბ დათუნაშვილი კვლავ კატეგორიულად მოითხოვს უცხოეთში გაშვებას. Fედერაციის ვიცეპრეზიდენტისვე სიტყვებით, ამ საკითხთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში ქართული სპორტის უმაღლესი ინსტანციები იმსჯელებენ.

„საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია წინააღმდეგია, დააკმაყოფილოს დათუნაშვილის მოთხოვნა. მივმართავთ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტსა და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს, განიხილონ სიტუაცია. დათუნაშვილმა კი ამ პერიოდში კიდევ უკეთ მოიფიქროს, რა სურს. შამწუხაროდ მან ლეგენდარული ვეტერან სპორტსმენების რჩევები არ გაითვალისწინა” – გვითხრა ედიშერ მაჩაიძემ.

ბრიფინგზევე ითქვა, რომ პრეზიდიუმის წევრმა ლერი ხაბელოვმა, რომელიც ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტია, ასევე კიდევ ერთმა ტიტულოვანმა ვეტერანმა მოჭიდავემ დავით გობეჯიშვილმა დათუნაშვილს პირობა მისცეს, რომ თუ ის ვარჯიშს განაახლებდა, პირად კონტროლზე აიყვანენ მისი მზადების პროცესს და თითოეულ შეკრებასა თუ შეჯიბრებას პირადად დააკვირდებოდნენ, რათა დათუნაშვილის შესაძლო დაჩაგვრის რისკი მინიმუმამდე შეემცირებინათ.

ზურაბ დათუნაშვილი პრეზიდიუმის სხდომას თავიდან ბოლომდე დაესწრო. შემდეგ კი კომენტარიც გააკეთა:

„ვეტერანმა სპორტსმენებმა შერიგება შემომთავაზეს, რადგან ეს ჭიდაობის ოჯახია და მსგავსი დაპირისპირებები არ უნდა ხდებოდეს. დამპირდნენ, რომ შერიგების შემდეგ არ დავიჩაგრებოდი. მე კი მათ ვუპასუხე, რომ გეგა გეგეშიძესთან ერთად ვერ ვიქნები. თუ მათ ეს ადამიანი პრეზიდენტად უნდათ, კი ბატონო, ჰყავდეთ, ოღონდ მე ნუღარაფერს მთხოვენ" - განაცხადა დათუნაშვილმა.

და ბოლოს, გეგა გეგეშიძის კომენტარიც. ფედერაციის პრეზიდენტი ერთხანს მას-მედიასთან საუბარს არ აპირებდა, მაგრამ ბოლოს სხდომა მანაც შეაფასა.

„ზურაბ დათუნაშვილს პრეზიდიუმის წევრებმა – ჩვენი ქვეყნის საამაყო ვეტერანმა სპორტსმენებმა სთხოვეს, კარგად დაფიქრებულიყო. უთხრეს, რომ საქართველოს არ ჰყავს დასაკარგი მოჭიდავეები. ბოლო მომენტამდე ჰქონდათ იმედი, რომ სათანადოდ აწონ-დაწონიდა თავის გადაწყვეტილებას, მაგრამ სამწუხაროდ, დათუნაშვილმა არავის რჩევა არ გაითვალისწინა. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა ის, რისთვისაც სინამდვილეში იბრძვის. უნდა, რომ მიიღოს გათავისუფლების ფურცელი, რაც სხვა ქვეყნის სახელით გამოსვლის უფლებას მისცემს” – უთხრა worldsport.ge-ს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა.

გეგეშიძისვე სიტყვებით, ის ნანობს 11 იანვრის საქციელს, თუმცა დარწმუნებულია, რომ ანალოგიურ სიტუაციაში აღმოჩენის შემთხვევაში, ძალიან ბევრი ქართველი ზუსტად ისე მოიქცეოდა, როგორც თავად მოიქცა.

"სამწუხაროდ, თავი ვერ შევიკავე, ოღონდ გთხოვთ, ნუ მთხოვთ იმის დაკონკრეტებას, რამ დამაკარგვინა საკუთარ თავზე კონტროლი. უკვე რამდენიმეჯერ მოვიბოდიშე და პრეზიდიუმის სხდომაზეც არ მომრიდებია შეცდომის აღიარება. იქ იყო ზურაბ დათუნაშვილიც, რომელსაც დამიჯერეთ, ჩემზე ბევრი ბოდიში აქვს მოსახდელი. მინდა მას ვკითხო, თავად თუ ინანიებს რამეს?" - განაცხადა გეგა გეგეშიძემ.

გეგეშიძესა და დათუნაშვილს შორის ინციდენტი 11 იანვარს მოხდა, თბილისის სპორტის სასახლეში. ფედერაციის პრეზიდენტმა მოჭიდავეს ხელი დაარტყა, რის გამოც მასზე ძალადობის მუხლითაა საქმე აღძრული და გამოძიება მიმდინარეობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117866