ფეხბურთი

16:54 | 23.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგის ფინალი თბილისში ან სევილიაში - მასპინძელი მალე გაირკვევა

ევროპა ლიგის 2020-2021 წლების სეზონის ფინალი შესაძლოა თბილისში, „დინამო არენაზე“ გაიმართოს. როგორც უეფას ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, განაცხადების მიღება 2021 წლის უეფას ტურნირების ფინალების მასპინძლობისთვის ამოიწურა.

შედეგად, ევროპა ლიგის გადამწყვეტი მატჩის მასპინძლობაზე ორი ქალაქი აცხადებს პრეტენზიას - თბილისი და სევილია („რამონ სანჩეს პისხუანის“ სტადიონი).

უეფა საბოლოო გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 29 მაისს მიიღებს და სწორედ ამ დღეს გაირკვევა გაიმართება თუ არა „დინამო არენაზე“ 2021 წლის მაისში ევროპა ლიგის ფინალური შეხვედრა.

აქვე, ვთქვათ, რომ უეფას ტურნირების ფინალური მატჩების მასპინძლობაზე (2021 წელს) განაცხადი 9 საფეხბურთო ასოციაციიდან შევიდა.

ჩემპიონთა ლიგის 2020-2021 წლების სეზონის ფინალის მასპინძლობის კანდიდატები:

მიუნხენი, გერმანია („მიუნხენ არენა“)

სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი („სანქტ-პეტერბურგ სთედიუმი)

ევროპა ლიგის ფინალის მასპინძლობის კანდიდატები:

თბილისი, საქართველო („დინამო არენა“)

სევილია, ესპანეთი („რამონ სანჩეს პისხუანი“)

უეფას ევროპის სუპერთასის ფინალის მასპინძლობის კანდიდატები:

მინსკი, ბელარუსი („დინამო სთედიუმი“)

ჰელსინკი, ფინეთი („ოლიმპიური სტადიონი“)

ბელფასტი, ჩრდ. ირლანდია („ვინდსორ პარკი“)

ხარკოვი, უკრაინა („მეტალისტ სთედიუმი“)

ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობის კანდიდატი:

გიოტებორგი, შვედეთი, („ულევი“)

ნიშანდობლივია, რომ ევროპა ლიგის, ქალთა ჩემპიონთა ლიგისა და უეფას ევროპის სუპერთასის ფინალების მასპინძლები მიმდინარე წლის 29 მაისს დასახელდება, ხოლო ჩემპიონთა ლიგის - სექტემბერში.

ცნობისთვის, შეგახსენებთ, 2015 წლის უეფას ევროპის სუპერთასს თბილისმა უმასპინძლა და ამ ტურნირის ისტორიაში მაყურებელთა დასწრების რაოდენობის რეკორდიც დამყარდა. მაშინ "ბარსელონამ" "სევილიას" დამატებით დროში 5:4 მოუგო.

სტატისტიკა
0.393918