ძიუდო

19:05 | 21.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველმა ძიუდოისტებმა დიუსელდორფის გრანდ სლემზე მეტოქეთა ვინაობა შეიტყვეს

22 თებერვალს გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში სტარტს აიღებს 2019 წლის გრანდ სლემი ძიუდოში. დღეს, ტურნირის წილისყრა შედგა და მეტოქეთა ვინაობა საქართველოს ნაკრების წევრებმაც შეიტყვეს.

60 კგ-მდე წონით კატეგორიაში ლუხუმ ჩხვიმიანი პირველ წრეში ისვენებს, მეორეში ძალებს სირიელ მოჰამად აკაშისთან მოსინჯავს, შემდეგ კი, სავარაუდოდ, აზერბაიჯანელი დავუდ მამადოსოი ელის. ამავე წონაში ჯაბა პაპინაშვილი მე-2 რაუნდში საფრანგეთის ნაკრების წევრ ვალიდ ხიარს გაეჯიბრება.
66 კგ-ში გიორგი გუგულაშვილი სერბ სტრაჰინია ბუნჩიჩს დაუპირისპირდება, 73-ში კი ისევ 2 წარმომადგენელი გვეყოლება. ლაშა შავდათუაშვილი პირველ ნომრადაა განთესილი და ჩეხ იაკუბ იეჩმინეკსა და კვიპროსელ ხარილაოს ჰაჯიადამუს შორის გამარჯვებულს ელის. აშკარად არ გაუმართლა ფრიდონ გიგანს, რომელიც პირველივე წრეში 2016 წლის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულსა და ორგზის მსოფლიოს ჩემპიონ (2013, 2015) იაპონელ შოჰეი ონოს გაეჯიბრება.
81 კგ-მდე წონით კატეგორიაში ბექა დონღვანი ძალებს აზერბაიჯანელ ფაგან გულუზადასთან მოსინჯავს, ხოლო გიორგი კაციაშვილის მოწინააღმდეგე სლოვაკეთის წარმომადგენელი ფილიპ სტანცელი იქნება.
90 კგ-ში უაღრესად პირველივე რაუნდში საინტერესო შერკინება მივიღეთ: მსოფლიოსა (2014) და ევროპის სამზგის (2013, 2014, 2015) ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი ევროპის მოქმედ ჩემპიონ რუს მიხაილ იგოლნიკოვს გაეჯიბრება. თუკი ავთომ იყოჩაღა, მე-2 წრეში სავარაუდოდ ძველ კონკურენტ – 2013 წლის მსოფლიოს ჩემპიონ ლოიკ პიეტრის (საფრანგეთი) დაუპირისპირდება.
100 კგ-მდე წონით კატეგორიაში უმთავრეს ფავორიტად საქართველოს ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი მოიაზრება, რომელიც მე-2 რაუნდში გერმანელ ფილიპ გალანდისა და ბულგარელ დანიელ დიჩევს შორის გამარჯვებულს გაეჯიბრება. რაც შეეხება ლაშა ტაველურს, მას ლატვიელ იევგენის ბოროდავკოსთან პაექრობა ელის.
მძიმე წონაში (+100 კგ.) ონისე ბუღაძე ყირგიზ იური კრაკოვეცკის დაუპირისპირდება და თუკი იმარჯვა, იაპონელ ჰისაიოში ჰარასავა ელის. ლევან მატიაშვილი ბრძოლაში მე-2 რაუნდიდან ჩაებმება, მისი მეტოქე კი ბრაზილიელი რაფაელ სილვა იქნება.
დიუსელდორფის გრანდ სლემს ASS Dome უმასპინძლებს, რომელიც 6 500 მაყურებელს იტევს. 22 თებერვალს ტატამზე ვაჟთა ტურნირის 60 და 66 კგ-მდე წონითი კატეგორიის წარმომადგენლებს ვიხილავთ, 23-ში – 73 და 81 კგ-ს, ხოლო 24-ში – 90, 100 და +100 კგ-ს. დილის სესია სამივე შემთხვევაში თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება, საღამოს სესია კი სტარტს 20:00 საათზე აიღებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113412