ფეხბურთი

3:36 | 21.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ჩოლოს" მასტერკლასი! (+VIDEO)

უეფას ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალური ეტაპის პირველი ნაწილი დასრულდა. ბოლო სათამაშო დღის ცენტრალური მატჩი მადრიდში გაიმართა, სადაც „ატლეტიკომ“ „იუვენტუსი“ მიიღო, უშანსოდ დაამარცხა და მეოთხედფინალში ცალი ფეხითაა (თუ ორივეთი არა).

„ვანდა მეტროპოლიტანოზე“ ფანტასტიკური ატმოსფერო სუფევდა და იმთავითვე ნათელი იყო, რომ იტალიის ჩემპიონს ურთულესი წუთები ელოდა. ფინალი სწორედ ამ სტადიონზე შედგება და ალბათ არ არსებობს გუნდი, რომელიც უფრო მეტადაა მოტივირებული ფინალში გასასვლელად, ვიდრე „ატლეტიკო“.

შეხვედრაში ბევრი საგოლე მომენტი არ შექმნილა. ეს მეტწილად პირველ ტაიმზე ითქმის, როცა ყველაზე დასამახსოვრებელი ალბათ კრიშტიანუ რონალდუს შორეული ჯარიმა იყო. საერთოდ, პირველი ნახევარი ტურინელთა სცენარით წარიმართა და არაფერი მოასწავებდა იმას, რაც მოხდა.

თუმცა, ამბობენ, რომ მეორე ტაიმს მწვრთნელები იგებენო და ალბათ ასეცა. აი, იმას კი არ გაუვა წყალი, რომ მეორე ნახევარში დიეგო სიმეონემ მასიმილიანო ალეგრის ნამდვილი მასტერკლასი უჩვენა. „ჩოლოს“ დროულმა და ზუსტმა ცვლილებებმა თამაშის სურათი რადიკალურად შეცვალა. დიეგო კოშტა მეკარესთან პირისპირ დარჩა და როგორ ვერ გაიტანა, პასუხი თავად არ უნდა ჰქონდეს. მერე გრიზმანის დარტყმული შჩესნის დახმარებით ხარიხას მოხვდა.

ნათელი იყო, რომ „ატლეტიკო“ გაიტანდა. გაიტანა კიდეც 72-ე წუთზე. ალვარო მორატამ კიელინის აჯობა, თუმცა ვიდეორეფერმა გოლი გააუქმა. ესპანელი შემტევი თამაშის წესს ტურინელთა კაპიტანზე და ყოფილ თანაგუნდელზე არღვევდა. თუმცა, ზუსტად 5 წუთში ანგარიში მაინც გაიხსნა. მორატამ ისევ მოიგო საჯარიმოში საჰაერო ორთაბრძოლა და ხიმენესმა გაიტანა. იქამდე, ურუგვაელმა თითქოს ლეონარდო ბონუჩის ჩაარტყა, მაგრამ გოლი არ გაუქმებულა. გავიდა კიდევ ხუთი წუთი და მადრიდელებმა მეორედ გაიხარეს. ისევ ცენტრალური და ურუგვაელი მცველი - ამჯერად დიეგო გოდინი. სხვათა შორის, „ატლეტიკომ“ ორივე გოლი სტანდარტულის წყალობით გაიტანა და მეოთხედფინალისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა. სხვათა შორის, ჩემპიონთა ლიგის ერთ მატჩში ორმა ურუგვაელმა ფეხბურთელმა ერთი გუნდის მაისურით გოლი ისტორიაში პირველად გაიტანა.

კრიშტიანუ რონალდუს კი ბევრი უსტვინეს. მან ჟესტიკულაციით მატჩის დროს და თამაშის შემდეგ ჟურნალისტებთან თქვა, რომ ჩემპიონთა ლიგა ხუთჯერ მოიგო, „ატლეტიკომ“ - არცერთხელ. ფაქტია, კრიშტიანუსა და „იუვეს“ დღე არ იყო. საპასუხო მატჩი სამი კვირის მერე შედგება. იქამდე დროა, მაგრამ ამ გადმოსახედიდან „იუვენტუსს“, რომელიც ბევრისთვის ტურნირის მთავარი ფავორიტი იყო, საკუთარ თავზე გადახტომა მოუწევს.

ამ რაუნდის პირველი სერია კი შეგვიძლია ასე დავახასიათოთ - დიეგო სიმეონე!

„ატლეტიკო“ – „იუვენტუსი“ 2:0 (0:0) VIDEO

მადრიდი, „ვანდა მეტროპოლიტანო“

მაყურებელი: 67 193

„ატლეტიკო“ (4-4-2): ობლაკი; ხუანფრანი, ხიმენესი, გოდინი, ფილიპე ლუისი; კოკე (კორეა 67), ტომას პარტეი (ლემარი 61), როდრი, საულ ნიგეზი; გრიზმანი, დიეგო კოშტა (მორატა 58)

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; დე შილიო, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო; ბენტანკური, პიანიჩი (ემრე ჯანი 72), მატუიდი (კანსელუ 84); დიბალა (ბერნარდესკი 80), მანჯუკიჩი, რონალდუ

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

გოლები: 1:0 ხიმენესი (78), 2:0 გოდინი (83)

გაფრთხილება: დიეგო კოშტა (8), ტომას პარტეი (45), გრიზმანი (89) - ალექს სანდრო (55)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 9 (5) – 11 (3) ბურთის ფლობა: 38%-62% კუთხურები: 8:7 თამაშგარე: 1:0

მსაჯი: ფელიქს ცვაიერი (გერმანია)

დღის მეორე მატჩი გელზენკირხენში გაიმართა, სადაც „შალკემ“ მედგარი წინააღმდეგობა გაუწია „მანჩესტერ სიტის“, მაგრამ კლასი არ ეყო. ინგლისელები მასპინძელთა შეცდომის წყალობით მალევე დაწინაურდნენ, თუმცა ტაიმის ბოლოს „შალკემ“ ორი პენალტი შეასრულა. ორივე ნაბილ ბენტალებიმ და ორივე ზუსტად. შედეგად, „ხურამები“ არ ხუმრობდნენ - წინ გავიდნენ და ძალიან ახლოს იყვნენ ხმაურიან სენსაციასთან.

ამას ისიც დაერთო, რომ მოედნიდან ორი ყვითელი ბარათის გამო ნიკოლას ოტამენდი გააძევეს, რამაც „შალკეს“ შანსი ამ მატჩში ერთი-ორად გაზარდა. თუმცა, 85-ე წუთზე გელზენკირხენელთა აღზრდილმა ლეროი სანემ არაამქვეყნიური ჯარიმა გაიტანა და გაათანაბრა. გერმანელს გოლი რა თქმა უნდა, არ აღუნიშნავს. ბოლოს კი, ედერსონის პასით რაჰიმ სტერლინგმა იხეირა და „ქალაქელებს“ პირველი შეხვედრაში უდიდესი უპირატესობა მოუტანა. „ატლეტიკო“ ხომ ძალიან ახლოსაა მეოთხედფინალთან და „სიტი“ კიდევ უფრო კომფორტულ ვითარებაში იმყოფება.

„შალკე“ – „მანჩესტერ სიტი“ 2:3 (2:1) VIDEO

გელზენკირხენი, „ველტინს არენა“

მაყურებელი: 54 417

„შალკე“ (5-3-2): ფარმანი; კალიჯური, ბრუმა, ს. სანე, ნასტასიჩი, ოჩჟიპკა; სერდარი, ბენტალები, მაკკენი (სკჟიბსკი 77); უტი (ჰარიტი 88), მენდილი (ბურგშტალერი 65)

მწვრთნელი: დომენიკო ტედესკო

„მანჩესტერ სიტი“ (4-3-3): ედერსონი; უოლკერი, ფერნანდინიო, ოტამენდი, ლაპორტე; დე ბრუინი (ზინჩენკო 87), გუნდოგანი, დავიდ სილვა (კომპანი 70); სტერლინგი, აგუერო (ლ. სანე 78), ბერნარდო სილვა

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

გოლები: 0:1 აგუერო (18), 1:1 ბენტალები (38, პენ), 2:1 ბენტალები (45, პენ), 2:2 ლ. სანე (85), 2:3 სტერლინგი (90)

გაფრთხილება: უტი (41), ს. სანე (73), ბურგშტალერი (90) - ოტამენდი (37, 68), ფერნანდინიო (43), ედერსონი (90)

გაძევება: ოტამენდი (68)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 3 (2) – 12 (6) ბურთის ფლობა: 39%-61% კუთხურები: 2:9 თამაშგარე: 2:0

მსაჯი: კარლოს დელ სერო (ესპანეთი)

0.128579