ფეხბურთი

2:30 | 19.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტიტანები "ენფილდზე"

ჩემპიონთა ლიგაზე დღის ცენტრალური მატჩი „ენფილდ როუდზე“ შედგება. აფიშა ძალზე ხმაურიანია: „ლივერპული“ – „ბაიერნი“. ორივე გუნდი მიმდინარე გათამაშების ფავორიტთა შორისაა და ბუნებრივია, მერვედფინალურ ეტაპზე ასპარეზობის დასრულება დიდი წარუმატებლობა იქნება.

შედეგად, ორივე გუნდისგან მაქსიმუმს უნდა ველოდოთ. თუმცა, „ლივერპულიც“ და „ბაიერნიც“ შეხვედრა საკადრო პრობლემებით ხვდებიან. „წითლებს“ დაცვის ცენტრში აქვთ სერიოზული პრობლემები და იურგენ კლოპი იძულებულია ამ პოზიციაზე ჟოელ მატიპს ფაბინიო შეუწყვილოს. დეიან ლოვრენი და ჯო გომესი ტრავმირებულნი არიან, ხოლო ვირჯილ ვან დეიკი დისკვალიფიცირებულია.

დანაკლისი აქვს „ბაიერნსაც“ - ტომას მიულერი დისკვალიფიკაციას იხდის, ხოლო არიენ რობენი და ჟერომ ბოატენგი ტრავმირებულნი არიან.

იურგენ კლოპი („ლივერპულის“ მწვრთნელი): „ეს კიდევ ერთი თამაშია, რომელშიც ჩართული ვარ, არ მიწევს ბილეთების ყიდვა მის საყურებლად და ამის გამო ბედნიერი, ამაყი ვარ. მძიმე თამაში გველოდება, მეტოქე ძლიერი და გამოცდილია, მაგრამ ჩვენც ძლიერები ვართ. მინდორზე ატმოსფერო მაქსიმალურად უნდა გავზარდოთ, რომ ხალხი გავაბედნიეროთ. ჩვენ არა 100, არამედ 140%-ით უნდა დავიხარჯოთ“.

ნიკო კოვაჩი („ბაიერნის“ მწვრთნელი): „ასეთი მომენტების გამო ჩვენ ფეხბურთელები გავხდით. ჩვენ ყველაზე მძიმე მეტოქე გვერგო. 100%-ით დახარჯვა საკმარისი არ იქნება. თუ „ლივერპული“ 140%-ით ითამაშებს, ჩვენ იგივეს გაკეთება 150%-ით მოგვიწევს. არ წარმომიდგენია, რომ ეს თამაში გოლების დასრულდება. კინგსლი კომანი ახლა კარგადაა, მაგრამ ფრანკ რიბერისაც არ სძინავს“.

სავარაუდო შემადგენლობა:

„ლივერპული“ (4-3-3): ალისონი; ალექსანდერ-არნოლდი, ფაბინიო, მატიპი, რობერტსონი; ჰენდერსონი, მილნერი, ვეინალდუმი; სალაჰი, ფირმინო, მანე

„ბაიერნი“ (4-2-3-1): ნოიერი; კიმიხი, ზულე, ჰუმელსი, ალაბა; გორეცკა, ტიაგო ალკანტარა; გნაბრი, ხამესი, კომანი; ლევანდოვსკი

მსაჯი: ჯანლუკა როკი (იტალია)

ორივე გუნდს ჩემპიონთა ლიგა (თასი) 5-5-ჯერ აქვთ მოგებული. „ლივერპულმა“ ბოლოს 2005 წელს იჩემპიონა, ხოლო „ბაიერნმა“ 2013 წელს. ინგლისელები გასულ სეზონში „რეალთან“ ფინალში დამარცხდნენ, ხოლო გერმანელები ასევე „რეალთან“ ნახევარფინალში.

„ლივერპულმა“ ჯგუფური ეტაპი პსჟ-ს შემდეგ მეორე ადგილზე დაასრულა, ხოლო „ბაიერნი“ პირველ პოზიციაზე გავიდა.

ურთიერთშეხვედრები

მიუხედავად იმისა, რომ ორივე გუნდს უდიდესი ისტორია აქვს, ეს მხოლოდ მეექვსე თამაში იქნება ერთმანეთში. ბოლოს, ისინი 2001 წელს, ევროპის სუპერთასზე შეხვდნენ ერთმანეთს და ინგლისელებმა 3:2 გაიმარჯევს.

მანამდე, 1980-1981 წლების სეზონში, ჩემპიონთა თასის ნახევარფინალშიც გამარჯვებული „ლივერპული“ გამოვიდა. ინგლისში გოლი არ გასულა, ხოლო მიუნხენში მატჩი 1:1 დასრულდა და ინგლისელები ფინალში სტუმრად გატანილი გოლით გავიდნენ და საბოლოოდ ტურნირიც მოიგეს.

„ბაიერნმა“ 1971-1972 წლების სეზონში თასების თასის ნახევარფინალში მოიგო. „ენფილდზე“ გოლი არც მაშინ გასულა, ხოლო მიუნხენში მასპინძლებმა 3:1 მოიგეს.

სტატისტიკა

„ლივერპული“

2017-2018 წლების სეზონში „ლივერპული“ მერვედფინალში გავიდა და ეს იყო პირველი ბოლო 9 წლის განმავლობაში. „პორტუს 5:0 მოუგო სტუმრად, ხოლო შინ უგოლო ფრეს დასჯერდა. „წითლებს“ აღნიშნულ ეტაპზე აქამდე 6-ჯერ უთამაშიათ და დადებითი ბალანსი აქვთ - 5 მოგება, 1 წაგება. ერთადერთხელ, როდესაც „ლივერპულმა“ ეს ბარიერი ვერ გადალახა, 2005-2006 წლების სეზონში იყო. მაშინ ინგლისური გრანდი „ბენფიკასთან“ დამარცხდა.

„ლივერპული“ მერვედფინალში 6 თამაშია დაუმარცხებელია (5 მოგება, 1 ფრე). 2007 წელს, „ბარსელონასთან“ 0:1 მარცხის შემდეგ გოლიც არ გაუშვია. თუმცა, მაშინ „ბარსას“ ბარიერი მაინც დაძლია, რადგან სტუმრად 2:1 მოიგო.

„ლივერპული“ ბოლოს გერმანულ გუნდს 2017-2018 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში (ჯგუფურ ეტაპამდე) დაუპირისპირდა. მაშინ იურგენ კლოპის გუნდმა „ჰოფენჰაიმი“ (2:1, 4:2) დაამარცხა.

მერსისაიდელებს გერმანულ გუნდებთან ორმატჩიან დუელში დადებითი ბალანსი აქვთ: 14 მოგება, 2 წაგება. მას შემდეგ, რაც 2001-2002 წლების სეზონში „ლივერპულმა“ „ლევერკუზენთან“ მეოთხედფინალში 3:4 წააგო, გერმანული გუნდი ზედიზედ ოთხჯერ გამოთიშა ასპარეზობას.

„ლივერპულს“ გერმანული გუნდების წინააღმდეგ გერმანულ გუნდებთან ბოლო 6 თამაში მოგებული აქვს. მთლიანობაში კი, 17 საშინაო მატჩიდან 14 მოგებული აქვს. სამ ფრეს რაც შეეხება, ორჯერ „ბაიერნთან“ (0:0, 0:0) და ერთხელ „კიოლნთან“ 1965 წლის მარტში.

თუ მხედველობაში სტუმრად ჩატარებულ მატჩებსაც მივიღებთ, „ლივერპულს“ ბოლო სამი შეხვედრა გერმანელებთან მოგებული აქვს. 2002 წლიდან კი, საერთოდ წაუგებელია (6 მოგება, 2 ფრე). ბოლო 16 მატჩში კი ჩინებული სტატისტიკა აქვს - 10 მოგება, 5 ფრე, 1 წაგება.

„ლივერპულს“ ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 5 საშინაო მატჩი მოგებული აქვს. ჯგუფურ ეტაპზე პსჟ, „ცრვენა ზვეზდა“ და „ნაპოლი“ დაამარცხა. ბოლო 19 მატჩში კი საერთოდ არ წაუგია „ენფილდზე“ (14 მოგება, 5 ფრე). ბოლო წაგება 2014 წლის 22 ოქტომბრით თარიღდება („რეალთან“ 0:3).

„წითლებს“ ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო რვა მატჩიდან 5 აქვთ წაგებული და ყველა მატჩი ინგლისს მიღმა გაიმართა.

„ბაიერნი“

„ბაიერნისთვის“ ეს ზედიზედ მე-15 მერვედფინალი იქნება (11 მოგება, 3 წაგება). ბოლო 7 მერვედფინალი მოგებული აქვს, ხოლო ბოლოს ამ ეტაპზე 2010-2011 წლების სეზონში „ინტერთან“ წააგო.

12 თვის წინ მიუნხენელებმა ამ ეტაპზე „ბეშიქთაში“ 5:0 დაამარცხეს შინ, ხოლო სტუმრად 3:1.

„ბაიერნი“ ბოლოს ინგლისურ გუნდს 2016-2017 წლების სეზონში დაუპირისპირდა და „არსენალი“ დაამარცხა.

გერმანულ გიგანტს ინგლისური გუნდების წინააღმდეგ ბოლო სამ მატჩში 15 გოლი აქვს გატანილი.

„ბაიერნს“ ინგლისური გუნდების წინააღმდეგ პლეი-ოფში დადებითი ბალანსი აქვს: 10 მოგება, 5 წაგება. ბოლო 5 დუელი მოგებული აქვს, ხოლო ბოლოს 2004-2005 წლების სეზონის მეოთხედფინალში „ჩელსისთან“ დამარცხდა (ორი მატჩის ჯამში 5:6).

„ბაიერნი“ ზედიზედ 7 სეზონია ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხედფინალში ან უფრო შორს გადის.

ზედიზედ ორი სეზონია „ბაიერნი“ „რეალთან“ მარცხდება. შარშან ნახევარფინალში ორი მატჩის ჯამში 3:4 წააგო. გარდა ამისა, „ბაიერნი“ ბოლო არაესპანური გუნდია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

ნიკო კოვაჩის გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე სტუმრად „ბენფიკა“ და აეკ-ი სტუმრად 2:0 დაამარცხა, ხოლო „აიაქსთან“ ფრე ითამაშა (3:3).

„ბაიერნს“ ზედიზედ რვა საგარეო მატჩი სტუმრად არ წაუგია (6 მოგება, 2 ფრე) და ყველა მატჩში მინიმუმ 2 გოლი გაჰქონდა. თავის მხრივ, ბოლო 15 საგარეო მატჩიდან „ბენფიკასთან“ საგარეო მატჩი იყო პირველი, როდესაც „რეკორდმაისტერმა“ სტუმრად მშრალი ანგარიშით მოიგო. მერე ასევე აეკ-ს აჯობა მშრალად, ხოლო „აიაქსისგან“ 3 გოლი გაუშვა.

გზაჯვარედინი

იურგენ კლოპი იმ „დორტმუნდის“ მწვრთნელი იყო, რომელსაც „ბაიერნმა“ 2013 წელს ფინალში აჰობა. თავის მხრივ კლოპმა „ბაიერნი“ „დორტმუნდის“ თავკაცის რანგში 2012 წელს გერმანიის თასის ფინალში 5:2 აჯობა, ხოლო ლევანდოვსკიმ ჰეთ-თრიქი შეასრულა. იმავე სეზონში „ყვითლები“ გერმანიის ჩემპიონები გახდნენ. გერმანიის სუპერთასზე კი „ბაიერნი“ 2008, 2013 და 2014 წლებში ჰყავს დამარცხებული.

კლოპის ბალანსი „ბაიერნის“ წინააღმდეგ „მაინცისა“ და „დორტმუნდის“ თავკაცის რანგში ასეთია: 9 მოგება, 4 ფრე, 10 წაგება.

შერდან შაქირი „ბაიერნის“ ფეხბურთელი იყო 2012 წლის ივლისიდან 2015 წლის იანვრამდე და ბუნდესლიგის 52 მატჩში 11 გოლი გაიტანა.

ჯეიმს მილნერმა „სიტის“ მაისურით 2013-2014 წლების სეზონში „ბაიერნს“ გოლი გაუტანა (3:2 მოგებულ მატჩში). ტომას მიულერმა კი თავი „ბაიერნის“ რიგებში გამოიჩინა.

ჯორჯინიო ვეინალდუმმა და ვირჯილ ვან დეიკმა ერთა ლიგაზე ჰოლანდიის ნაკრების რიგებში გერმანიას გაუტანეს, რომლის ღირსებას მანუელ ნოიერი, მატს ჰუმელსი, ჟერომ ბოატენგი, ჯოშუა კიმიხი და ტომას მიულერი იცავდნენ (2013 წლის 13 ოქტომბერს).

ბოლო პერიოდი

„ლივერპული“

„ლივერპულმა“ ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურის შემდეგ ზედიზედ 4 შეხვედრა მოიგო, მაგრამ მერე ზედიედ ორი წააგო - „სიტითან“ 1:2 და ასოციაციის თასის მესამე ეტაპზე „ვულვზთან“.

ამის შემდეგ იურგენ კლოპის გუნდმა ხუთიდან სამი მატჩი მოიგო და ორი ფრე ითამაშა. ამ კვირაში კი არ უთამაშია. ბოლოს 9 თებერვალს „ბორნმუთი“ 3:0 დაამარცხა.

სადიო მანემ ბოლო ოთხ შეხვედრაში გაიტანა, ხოლო „ენფილდზე“ უკანასკნელ 6 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი.

მიმდინარე სეზონში კლოპის გუნდს შინ მხოლოდ 1 მატჩი აქვს წაგებული (1:2 „ჩელსისთან“ ინგლისის ლიგის თასზე 26 სექტემბერს). დანარჩენი ბალანსი კი ასეთია: 14 მოგება, 2 ფრე.

ტრენტ-ალექსანდერ არნოლდმა „ბორნმუთის“ წინააღმდეგ ითამაშა და ეს იყო მისი პირველი მატჩი 12 იანვრის შემდეგ.

ჯო გომესი „ბარნლისთან“ 5 დეკემბერს დაშავდა და თებერვლის დასაწყისში ოპერაცია გაიკეთა.

დეიან ლოვრენი 7 იანვრის შემდეგ ლაზარეთშია.

ალექს ოქლეიდ-ჩემბერლენს გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის შემდეგ არ უთამაშია (24 აპრილი).

გასულ თვეში ენდრიუ რობერტსონმა გუნდთან ახალი, ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

9 იანვარს, მოჰამედ სალაჰი აფრიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მან თანაგუნდელ სადიო მანესა და პიერ-ემერიკ ობამეიანგს აჯობა.

„ბაიერნი“

ტომას მიულერი მეექვსე ტურის მატჩში გააძევეს და ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. შედეგად, ორივე შეხვედრას გამოტოვებს.

მატს ჰუმელსი, ხავი მარტინესი ა ხამეს როდრიგესი ჩემპიონთა ლიგაზე 50-ე მატჩის ჩასატარებლად ემზადებიან.

„ბაიერნმა“ ჯგუფური ეტაპის მეექვსე ტური შემდეგ 8 მატჩი მოიგო და 1 წააგო. ერთადერთი მარცხი 2 თებერვალს, „ლევერკუზენთან“ (1:3) განიცადა. პარასკევს კი „აუგსბურგი“ 3:2 დაამარცხა.

ლეონ გორეცკამ ამ შეხვედრაში ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი ავტოგოლი გაიტანა (მე-13 წამზე).

კინგსლი კომანმა „აუგსბურგთან“ დუბლი შეასრულა და ეს პირველად გააკეთა 2017 წლის 25 თებერვლის შემდეგ.

6 თებერვალს „ბაიერნმა“ „ჰერტა“ (3:2) დამატებით დროში დაამარცხა და გერმანიის თასის მეოთხედფინალში გავიდა, სადაც აპრილის დასაწყისში ქვედალიგელ „ჰაიდენჰაიმს“ შეხვდება.

სერჟ გნაბრიმ ბოლო სამ მატჩში 3 გოლი გაიტანა. ორი „ჰერტას“ წინააღმდეგ, ხოლო ერთიც სამი დღის მერე „შალკესთან“.

გორეცკამ 2019 წლის საწყის სამ მატჩში 4 გოლი გაიტანა.

მიუნხენურმა გუნდმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით სტუმრად 18 მატჩიდან 14 მოიგო (1 ფრე, 3 წაგება).

ლევანდოვსკიმ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 30 მატჩში 25 გოლი გაიტანა. „შტუტგარტთან“ 4:1 მოგებულ მატჩში კი პენალტი გააცუდა (27 იანვარს).

მანუელ ნოიერი ტრავმის შემდეგ გამოჯანმრთელდა და პარასკევს შეუცვლელად ითამაშა.

არიენ რობენს 27 ნოემბრის მერე არ უთამაშია.

კორენტინ ტოლისომ 15 სექტემბერს ოპერაცია გაიკეთა და საწვრთნელ პროცესს იანვრის ბოლოს დაუბრუნდა.

0.115103