ფეხბურთი

17:00 | 16.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ათიანს დამსახურება უნდა...

არსებობენ ფეხბურთელები, რომლებიც კონკრეტულ ნომერთან ასოცირდებიან. აი, მაგალითად „მილანში“ 3 და 6 ნომრები შესაბამისად, პაოლო მალდინისა და ფრანკო ბარეზის პატივსაცემად გაუქმებულია.

სამაგიეროდ, „რომამ“ 10 ნომერი ხმარებიდან არ ამოიღო, მიუხედავად იმისა, რომ ფრანჩესკო ტოტი მასთან ასოცირდება და უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ჯალოროსის“ ახალ ათიანს დიდი მემკვიდრეობა გადაეცემა და შესაძლოა ტვირთადაც დააწვეს.

ამჟამად „რომაში“ 10 ნომერი თავისუფალია და ყველამ კარგად იცის, რომ შემთხვევით არავის გადასცემენ. ამასობაში, „ჯალოროსის“ ჰყავს ტალანტი, ნიკოლო ძანიოლოს სახით, რომელსაც ტოტის მემკვიდრედ მიიჩნევენ. უკვე გაჩნდა მოსაზრება, რომ თუ ვინმემ უნდა მოირგოს ტოტის შემდეგ „რომას“ 10-ნომრიანი მაისური, ეს ძანიოლოა.

თუმცა, „მგლების“ თავკაცი ეუსებიო დი ფრანჩესკო ხალხს ურჩევს, რომ 19 წლის ფეხბურთელს მშვიდად განვითარების შესაძლებლობა მისცენ:

„კლუბის ხელმძღვანელობას აქვს დავალება, რომ ბიჭი მიწაზე დატოვონ. ასეთ დროს ბალანსის დაცვა აუცილებელია, ძანიოლომ იცის, რომ სწავლა არასდროს უნდა შეწყვიტოს.

10 ნომერი მნიშვნელოვანი არაა, ის გავლენას არ ახდენს ფეხბურთელის გაუმჯობესებაზე. 10 ნომრის დამსახურებამდე ძალიან დიდი გზაა გასავლელი“, - განაცხადა დი ფრანჩესკომ.

შეგახსენებთ, ნიკოლო ძანიოლო „რომას“ ისტორიაში ტოტის შემდეგ ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც სერია A-ში 3 გოლის გატანა შეძლო. გარდა ამისა, ყველაზე ახალგაზრდა იტალიელი ფეხბურთელი გახდა, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე დუბლი შეუსრულებია.

0.115277