ფეხბურთი

10:40 | 16.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ლიგიდან ევროპა ლიგამდე - ლევან ხარაბაძის ნახტომი
"სამუშაო ბევრი მაქვს, განსაკუთრებით დაცვაში თამაშის მხრივ"

დასკვნების გაკეთება ალბათ ჯერ ძალიან ადრეა და სამუშაოც ძალიან ბევრი აქვს. თუმცა, ცალსახაა, რომ საქართველოს ეროვნული ლიგიდან შვეიცარიის სუპერლიგაში გადასვლა და ძირითად შემადგენლობაში დაუყოვნებლივ მოხვედრა, ბევრისთვის სანატრელია.

ალბათ, სადაო არაა ის საკითხი, რომ ჩვენი ჩემპიონატიდან თუნდაც, საშუალო დონის ლიგაში ფეხბურთელებს სწრაფად დამკვიდრება ძალიან უჭირთ. არსებობს გამონაკლისები და ერთ-ერთი ასეთი ლევან ხარაბაძეა.

19 წლის მარცხენა მცველი, რომელიც თვეზე ოდნავ მეტია, რაც შვეიცარიულ „ციურიხში“ ჩაირიცხა. მიუხედავად არცთუ დიდი დროისა, ჩვენებურმა ლუდოვიკ მანინის გუნდის ძირითად შემადგენლობაში ფეხი უმალ მოიკიდა და ნელ-ნელა ევროპულ ფეხბურთს ალღოს უღებს. რა თქმა უნდა, ეს მაქსიმუმი არაა და განსაკუთრებული ეიფორიაც ზედმეტია, მაგრამ მაინც გამოსარჩევია ჩვენებურის ასეთი სტარტი.

ჯერ მხოლოდ სამი ოფიციალური თამაში ჩაატარა, მაგრამ ესეც საკმარისი გამოდგა, რომ ქართველი ქომაგისთვის იმედი ჩაესახა. დებიუტი „სენტ გალენთან“ შედგა და საგოლე პასი მიითვალა, მერე ციურიხის დერბიში, „გრასჰოპერსთან“ გოლის გასატანად მხოლოდ 7 წუთი დასჭირდა და იქვე დუბლის შესრულებაც შეეძლო. და, ბოლო თამაში ევროპა ლიგაზე, იტალიური „ნაპოლის“ წინააღმდეგ.

მართალია, ამჯერზე ლევანს თავი დიდად არ გამოუჩენია, მაგრამ არც ყველაზე ცუდად უთამაშია თანაგუნდელთა შორის. თანაც, ალბათ, ადვილი წარმოსადგენია სხვაობა ამ ყველაფერში - 3 თვით ადრე ბურთს ეროვნულ ლიგაში აგორებდე და მერე ხოსე კალეხონის, ლორენცო ინსინიესა და არაერთო ოსტატის წინააღმდეგ გიწევდეს თამაში. ლევანს თავისი პოტენციალი სრულად არ წარმოუჩენია და თამაშის ხარისხიც მოსამატებელი აქვს. ამას თავადაც ამჩნევს. როგორც თავად გვითხრა, დაცვით ფაზაში მოსამატებელი აქვს და ამავდროულად, ევროპულ სიჩქარეებთანაც უნდა გამონახოს საერთოდ ენა.

WORLDSPORT.GE ხარაბაძეს „ნაპოლისთან“ მატჩის შემდეგ დაუკავშირდა და შვეიცარიაში გატარებული პერიოდის შესახებ ვესაუბრეთ.

ადაპტაცია

კარგად მიმდინარეობს. რაც აქ ვარ, გამოცდილებას ვიღებ თითოეული თამაშისგან, ვარჯიშისგან. სამუშაო ძალიან ბევრი მაქვს და უნდა შევეჩვიო ევროპულ დონეზე თამაშს, აქ სულ სხვა სისწრაფეებია.

გასაუმჯობესებელი კომპონენტი

რამდენიმეა - როგორც უკვე ვთქვი, მაღალ სისწრაფეზე თამაში, ასევე დაცვაში თამაში. ვგულისხმობ ერთ-ერთზე თამაშს, პოზიციის შერჩევა ასე თუ ისე, არ მიჭირს.

მწვრთნელი - ლუდოვიკ მანინი, რომელიც თავის დროზე მარცხენა მცველი იყო

მანინი მიზიარებს თავის გამოცდილებას, ყველაფერს მასწავლის, რაც საჭიროა. რომელ მომენტში, როგორ უნდა მოვიქცე და ხელს ყველანაირად მიწყობს, რომ მაღალ დონეზე ვითამაშო.

ნახტომი - ეროვნული ლიგიდან ევროპა ლიგამდე

სიმართლე გითხრათ, ასე სწრაფად ამ ყველაფერს არ ველოდი. რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ ზოგადად, ფეხბურთის თამაში ადვილი არასდროსაა.

სტადიონი და ფანები

„ციურიხის“ სტადიონზე თამაში ძალიან მაგარია. შესანიშნავი გულშემატკივრები გვყავს და ბევრი ადამიანიც ესწრება მატჩებს. მათ მხარდაჭერას პირადად მეც ვგრძნობ.

ენობრივი ბარიერი

ლატვიელი მეკარე გვყავს (ანდრის ვანინსი - ავტ), რომელიც რუსულად კარგად საუბრობს, როგორც მე და მეხმარება კომუნიკაციაში. ამავდროულად ინგლისურ ენაში მომზადება უკვე დავიწყე.

სიახლოვე თანაგუნდელებთან

ყველასთან კარგად ვარ და ყველამ კარგად მიმიღო. გამორჩეულად მაინც ხსენებულ ვანინსთან, ბენჟამინ კოლოლისთან, სტეფენ ოდეისთან, ასან ჩისაისთან და უმარ ბანგურასთან დავახლოვდი.

გოლი ციურიხის დერბიში

გოლის შემდეგ 5-6 წუთი არ მჯეროდა, თითქოს თამაშზე აღარ ვფიქრობდი, მაგრამ სწრაფად გაიარა ეიფორიამ და თამაშზე მთლიანად გადავერთე. რა თქმა უნდა, გოლის გატანა ძალიან გამიხარდა.

„ნაპოლი“

„ნაპოლი“ ძალიან ძლიერია, ჩემი აზრით, ტოპ გუნდია. ძალიან სასიხარულო იყო, რომ მის წინააღმდეგ ვითამაშე. გამოცდილები მივიღე, რადგან ისეთი ფეხბურთელების წინააღმდეგ თამაში, როგორიც „ნაპოლის“ ჰყავს, დიდ გამოცდილებას იძლევა. ჩვენ ცუდად არ გვითამაშია, მაგრამ მეათე წუთზე დაშვებულმა უხეშმა შეცდომამ ცუდად იმოქმედა. ჩემს თამაშს რაც შეეხება, ვფიქრობ, შემეძლო გუნდისთვის უფრო მეტად სასარგებლო ვყოფილიყავი.

საქართველოს ნაკრები და მატჩი შვეიცარიასთან

რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდება თუ ამ მატჩისთვის ნაკრებში გამომიძახებენ. თუმცა, ეს ჩემი პრეროგატივა არაა, მწვრთნელის გადასაწყვეტია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114625