ავტოსპორტი

15:46 | 15.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

„მაკლარენ MCL34“ - კრიზისიდან თავის დაღწევის კიდევ ერთი იმედი

„მაკლარენი“ ფორმულა 1-ის მეორე ყველაზე წარმატებული და ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი გუნდია. მისგან ყოველთვის გამარჯვებისთვის ბრძოლას ელიან და მოითხოვენ. ბოლო წლებში „მოთხოვნა“ იმედმა შეცვალა, იმის იმედმა, რომ უოკინგელებს ახლა მაინც ვიხილავთ მოწინავეთა შორის. მაგრამ ეს იმედი არ მართლდება. ამაში დამნაშავე ხან „ჰონდას“ უმი ძრავია, ხან გუნდის მეტისმეტი თავდაჯერებულობა, ხან კი უიღბლობაც.

დღესაც, როცა გუნდმა თავის ტექნოლოგიურ ცენტრში, ახალი სარბოლო ავტომობილი - „რენოს“ ძრავით აღჭურვილი MCL34 წარადგინა, პირველი კითხვა იყო - შეძლებენ ნარინჯისფერები პელოტონის წინა რიგებში დაბრუნებას, თუ მათი დიდება წარსულს ჩაბარდა?

საინტერესო ფაქტი - გუნდმა გასული სეზონის ადრეულ ეტაპზევე გააცნობიერა, რომ შარშანდელი მანქანა არაფრის მაქნისი იყო და მისი სრულყოფა მეორე პლანზე გადადო. მთელი ყურადღება კი სწორედ MCL34-ის შექმნაზე გადაიტანა. რა გამოვიდა, ამის თქმა ძნელია. „მაკლარენის“ ხელმძღვანელობას ოპტიმიზმი არც ამჯერად აკლია. ამის სხვებსაც სჯერათ. მაგალითად, თამბაქოს მწარმოებელ გიგანტ „ბრიტიშ ამერიკენ ტობაკოს“, რომელსაც ფ1-ში ერთ დროს საკუთარი გუნდი ჰყავდა, ახლა კი „მაკლარენს“ დაუმეგობრდა და მასთან ერთად, თავისთვის ახალი იმიჯის შექმნას ეცდება.

„ბრიტიშ ამერიკენის“ გარდა, გუნდს სხვა ახალი სპონსორებიც ჰყავს: უალკოჰოლო ლუდის მწარმოებელი ესპანური კომპანია „ესტრელა გალიცია 0,0“, ტკბილეულის მწარმოებელი შვედური „ჰუსკი ჩოკოლატი“, ბრაზილიური ნავთობკომპანია „პეტრობრასი“ და კომპიუტერული ტექნიკის გიგანტი „დელი“.

„მაკლარენს“ ორი ახალი პილოტი ჰყავს - „რენოდან“ გადმოსული ესპანელი კარლოს საინსი და ბრიტანელი ახალბედა ლანდო ნორისი, რომელიც გასულ სეზონში ფორმულა 2-ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პილოტი იყო. მათ ესპანელი ფერნანდო ალონსო და ბელგიელი სტოფელ ვანდოორნი შეცვალეს. ალონსომ ერთწლიანი შვებულება აიღო და კვლავ „მაკლარენის“ წევრად რჩება - მასთან ერთად, მეორედ ეცდება ინდი 500-ის მოგებას. ამასთან, შესაძლოა გუნდმა სარეზერვო პილოტის პოზიციაზეც დაითანხმოს.

სიახლეებია გუნდის ხელმძღვანელობაშიც - ტექნკურ საკითხებს, „ტორო როსოდან“ გადმობირებული ჯეიმს კეი გაუძღვება, გუნდს შეფი კი „პორშეს“ მოტორსპორტული შტოს ყოფილი შეფი, ანდრეას ზიდლი ჩაუდგება სათავეში. ოღონდ, ეს მოგვიანებით, კერძოდ კი 1 მაისს მოხდება.

0.112631