რაგბი

21:55 | 13.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ბორჯღალოსნების" მზადება ესპანელი "ლომებისთვის“

ბორჯღალოსნები 2019 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე მატჩისთვის „შევარდენზე“ ემზადებიან და დღეს გულშემატკივრებისა და ჟურნალისტებისთვის ღია ვარჯიში გამართეს. ჩვენი გუნდი 17 თებერვალს „ავჭალაზე“ ესპანეთს ეთამაშება. წლის პირველი საშინაო შეხვედრა 18 საათზე იწყება და ბილეთები ონლაინ ბმულზე - www.TKT.GE/Rugby, ასევე „ავჭალის“ სტადიონის სალაროებში იყიდება (ყოველ დღე 11-იდან 19 საათამდე).

დღევანდელი წვრთნა 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა. ტრადიციულად, თავდაპირველად ხაზი და შერკინება ცალ-ცალკე ვარჯიშობდა, მერე კი ორ გუნდად დაიყვნენ და სხვადასხვა სათამაშო სიტუაციები და კომბინაციები დაამუშავეს. რამდენიმე ეპიზოდში ბურთი ისე კარგად გათამაშდა, რომ ტრიბუნებზე შეკრებილმა ქომაგებმა ბიჭები ტაშით დააჯილდოვეს.

პრინციპული მეტოქე

იყო დრო, ესპანელი „ლომები“ ბორჯღალოსნებისთვის უხერხულ მეტოქედ ითვლებოდნენ. მათ 2000 წლიდან თითქმის ყოველ წელს ვეთამაშებით, 2014 წელს კი ორჯერ შვხვდით.

19 წლის წინ, პირველი შეხვედრა მეტოქემ მადრიდში 36:32 მოიგო; 2004 წელს ტარაგონაში მათთან ფრეს დავჯერდით (6:6); 2007 წელს მადრიდში ესპანეთმა ყველაზე დიდი სხვაობით, 31:17 იმარჯვა; სულ ბოლოს „ლომებმა“ 2012 წელს, ასევე მადრიდში მოიგეს - მილთონ ჰეიგის სადებიუტო შეხვედრაში 25:18.

დანარჩენ 15 შემთხვევაში გამარჯვება ბორჯღალოსნებს დარჩათ და აქედან 10-ჯერ საქართველოში ჩატარებულ ყველა შეხვედრაში. მეტოქეს ყველაზე დიდი სხვაობით 2011 წელს ვძლიეთ 60:0 და მაშინ ერთ თამაშში ყველაზე ბევრი, 9 ლელო გავიტანეთ. 2013 წელს „ლომებთან“ ყველაზე მეტი, 61 ქულა ავიღეთ და 61:18 დავამარცხეთ, ხოლო მომავალი ჯახის ადგილას, „ავჭალაზე“, ერთადერთხელ ვეთამაშეთ და 2014 წლის „თბილისის თასზე“ 23:13 მოვიგეთ.

მე-20, საიუბილეო შეხვედრის წინ, ესპანეთთან ბალანსი 15-3-ზეა (+ერთი ფრე), გავუტანეთ 80 ლელო და მივიღეთ 29, ხოლო ქულათა თანაფარდობა 590/280-ზეა. შარშან მათ „მიხეილ მესხზე“ შევხვდით და 23:10 დავამარცხეთ, თუმცა მეტოქემ თავი სწრაფი და გაშლილი რაგბით დაგვამახსოვრა.

2017/2018 წლების რაგბი ევროპის ჩემპიონატის შედეგების თანახმად, ესპანეთი მსოფლიო თასის საგზურის მოპოვებასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა ნატურალიზირებული მოთამაშეების გამო სკანდალში გაეხვა და საბოლოოდ იაპონიის საგზური რუსეთს დარჩა.

ამის ფონზე ესპანელებს საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცება სურთ და წლევანდელი რაგბი ევროპის პირველ ტურში მსოფლიო თასის მონაწილე რუსეთი 16:14 დაამარცხეს, 17 თებერვალს კი, ბორჯღალოსნების წინაშე წარსდგებიან. დღეისათვის რაგბი ევროპას საქართველო, ესპანეთი და ბელგია 4-4 ქულით ლიდერობენ.

სწრაფი რაგბის მოყვარულები

მეტოქის სწრაფი და გაშლილი რაგბისადმი ლტოლვის შესახებ კარგად იციან ბორჯღალოსანთა სამწვრთნელო შტაბში.

„როგორც ყოველთვის, ბრძოლისთვის ვემზადებით. ვცდილობთ შეტევასა და დაცვაში ის ტექნიკური ხარვეზი დავხვეწოთ, რომელიც რუმინეთთან მოგებულ მატჩში გვქონდა. ასევე ვეცდებით, რომ მაყურებელს უფრო ლამაზი რაგბი ვაჩვენოთ. ესპანეთი ღია და არეულ თამაშში საკმაოდ კომფორტულად გრძნობს თავს და ეცდება, რომ სწრაფი შეჯგუფებები ჰქონდეს. შესაბამისად, ვეცდებით, რომ ამის საშუალება არ მივცეთ“ - თქვა ბორჯღალოსანთა დაცვის მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა.

მეტოქის ბოლოდროინდელ პროგრესზე საუბრობს მეორეხაზელი ნოდარ ჭეიშვილი:

„ესპანეთი პროგრესირებადი გუნდია, რაც ბოლო წლებში ყველასთვის თვალნათელია. ყავს ძალიან კარგი 7-კაცა ნაკრები და ამის ხარჯზე ხელდახელ სწრაფი თამაში კარგად გამოსდით. განვიხილეთ მათი სუსტი და ძლიერი მხარეები და ვეცდებით შესაბამისი თამაში დავუპირისპიროთ. გულშემატკივარს ვთხოვ, რომ გვერდზე დაგვიდგეს. მათი თანადგომა ჩვენთვის უდიდესი მუხტია“.

მომავალი თამაშის მოლოდინებზე ისაუბრა კვაჭმა გიორგი ჭყოიძემ:

„ესპანეთის ნაკრებს სწრაფი რაქი აქვს, სწრაფ რაგბს თამაშობს და არ უყვარს შეჯახებები. ჩვენ ვეცდებით მათთან ახლო თამაშში, შერკინებებში მოვიპოვოთ უპირატესობა და ქომაგი გაშლილი რაგბით და გამარჯვებით გავახაროთ“.

მზადება ქრის პოლოქთან ერთად

ბორჯღალოსნების ვარჯიშის პროცესში ჩართული იყო ახალ ზელანდიელი, ყოფილი მსოფლიო დონის მსაჯი ქრის პოლოქი, რომელიც „მსოფლიო რაგბის“ კონსულტანტია და საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბს დეტალების დახვეწაში ეხმარება. მისი ჩართულობის მნიშვნელობაზე მაისაშვილმა განაცხადა:

„პოლოქთან დიდი ხანია ვთანამშრომლობთ. ის ივნისის ტესტებზეც ჩვენთან ერთად იყო და ნოემბრეშიც იყო საქართველოში ჩამოსული. ქრისი სამსაჯო კუთხით აკვირდება, თუ რა შეცდომები გვაქვს, რაც ძალიან მაგრად გვეხმარება. ჩვენ მის რჩევებს მოთამაშეებს გადავცემთ. რაგბის განვითარება მწვრთნელების, მსაჯებისა და მორაგბეების ერთობლივი ჩართულობის გარეშე ვერ მოხდება“.

www.rugby.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113073