ფეხბურთი

22:22 | 13.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ჩემი მიზანი ქართული ფეხბურთის წარმატებაა" - ლევან კობიაშვილის შეხვედრა მედიასთან

საქართველოს ფეხბურთი ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ქართული მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და აქტუალურ საკითხებზე ისაუბრა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და თითქმის 2 საათის განმავლობაში გაგრძელდა. კობიაშვილის განცხადებით, ახლა უფრო მოტივირებულია, ვიდრე 2015 წელს, როდესაც ფეხბურთის ფედერაციის სათავეში პირველად მოვიდა.

რუსთავის აკადემია

„ბევრს უკვირს, რომ ფედერაციას საკუთარი აკადემიები აქვს, მაგრამ ეს პროექტი ჩვენამდე იყო დაწყებული. აღსანიშნავია, რომ უეფა აღნიშნულ პროექტს აღარ აფინანსებს, მაგრამ ჩვენთვის პრიორიტეტულია და რადგან უეფასგან აღარ ფინანსდება, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამაზე ხელი ავიღოთ. პირიქით, გვინდა, რომ რაც შეიძლება მასშტაბური სახე მიიღოს. მართალია, შესაძლოა ეს არ იყოს ისეთი დიდი, როგორც რუსთავის აკადემია, მაგრამ გვინდა, რომ მთელი საქართველო მოვიცვათ. ჩვენი მიზანია კახელ ბავშვებს კახეთში ფეხბურთზე სიარულის შესაძლებლობა ჰქონდეთ, იმერელს იმერეთში და ა.შ. მინდა გითხრათ, რომ ეს საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. მოგეხსენებათ, ეს ბავშვები იქ ცხოვრობენ, მათ საკვებს, სწავლა-განათლებას, უცხო ენების შესწავლას ჩვენ ვუზრუნველყოფთ. აკადემიების პროექტს ალექსანდრე იაშვილი ხელმძღვანელობს და ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელებიც ჩართულნი არიან. ეს ე.წ პირამიდის პრინციპია და პირველი საფეხური სწორედ აკადემიებია. რაც შეეხება რუსთავის აკადემიას, ამჯერად 150-200 ბავშვი ირიცხება და 3 გუნდი არსებობს. 2 გუნდი გვყავს ლაგოდეხში, ორიც ზუგდიდში“.

ქალთა ფეხბურთი

თავდაპირველად მინდა ვთქვა, რომ არავის აქვს ადამიანს აუკრძალოს იმის კეთება, რაც სიამოვნებას ანიჭებს. სიმართლე რომ გითხრათ, იდეალური ვითარება ახლაც არაა და ბევრი რამ გასაკეთებელია. როგორც იცით, ასაკობრივი ნაკრები ელიტ-რაუნდში გავიდა. ამ ეტაპზე რაც შეგვიძლია ყველაფერს გავაკეთებთ და ვეხმარებით, თუმცა ვიცით, რომ ბევრი პრობლემა არსებობს. განსაკუთრებით, ინფრასტრუქტურული თავლსაზრისით, მოედნის უქონლობაა“.

პრეზიდენტობის ვადა

„რა თქმა უნდა, ვადასტურებ, რომ 34 სუბიექტზე მეტის მომხრე ვიყავი, მაგრამ ამის გაზრდა ხელოვნურად არ უნდა ხდებოდეს. ის 4 წევრიც იმიტომ მოაკლდა, რომ თავის დროზე სწორედ ხელოვნურად იყო დამატებული. ვერანაირ ფაქტს ვერ მომიყვანთ, რომ ვინმეს განცხადების მიღებაზე უარი ვუთხარით. აქამდე, ერთადერთი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც „საბურთალომ“ მოგვმართა წევრობაზე, თუმცა სხვა გუნდებიდან სურვილი არ ყოფილა. სრულიად ლოგიკურია, საქართველოს ჩემპიონს ამბიცია გააჩნდეს, რომ იყოს ფედერაციის წევრი. კიდევ ვიმეორებ, მომხრე ვარ, სუბიექტების რაოდენობის გაზრდის, მაგრამ არა ხელოვნურად. ეს უნდა მოხდეს მათივე სურვილით და არა სხვა ნებისმიერი გზით.

ჩემი მთავარი პრინციპი გუნდური მუშაობაა. ფეხბურთელობისას, რასაც მივაღწიე სწორედ გუნდური მუშაობის უნარით და არა ცალკე, როგორც ლევან კობიაშვილმა. აქაც იგივე მიდგომა მაქვს. ჩემი მთავარი მიზანია, ჩვენი გუნდი იყოს წარმატებული და წარმატებული გახდეს ქართული ფეხბურთი. თორემ ცალკე ჩემი სახელი ჩემთვის მეორეხარისხოვანია. ამიტომაც, გუნდში ცვლილებები არ იქნება.

გულშემატკივრები უფრო მეტად მომთხოვნები უნდა გახდნენ საკუთარი გუნდების მიმართ. რატომღაც, საქართველოში ნებისმიერი გუნდის წარუმატებლობა ფედერაციას ბრალდება, მაგრამ ეს ასე არ უნდა იყოს. "ჰერტაში" როდესაც ვთამაშობდი, მეორე ბუნდესლიგაში გავარდა, მაგრამ ქომაგებს წარუმატებლობა გერმანიის ფეხბურთის ფედერაციისთვის არ დაუბრალებიათ.

დაპირება? არ მიყვარს დაპირებების გაცემა. ფაქტია, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ფეხბურთი წარმატებული იყოს. უეფას ტურნირები საქართველოში? როგორც იცით 2021 წელს ევროპა ლიგის ფინალის მასპინძლობისთვის ვიბრძვით და რაც ჩვენზე იქნება დამოკიდებული, ყველაფერს გავაკეთებთ. ზოგადად, ყოველთვის ვცდილობთ, რომ რისი მასპინძლობის შესაძლებლობა გვექნება, ყველაფერი წამოვიღოთ უეფადან, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ჩვენზე არაა დამოკიდებული“.

პროფესიული ლიგა

„ჩემი აზრით, სწორი ნაბიჯი იქნება პროფესიული ლიგის შექმნა, რომელმაც წლების წინ მიზეზთა გამო ვერ გაამართლა. ეს მეთოდი ძალიან ბევრ წარმატებულ ქვეყანაშია დანერგილი, მათ შორის გერმანიაში. ჩვენ მივესალმებით ამ იდეას, მაგრამ ესეც არ უნდა შეიქმნეს ხელოვნურად. ინდივიდუალურად უნდა გაკეთდეს. მგონია, რომ ფეხბურთისთვის ეს სწორი ნაბიჯი იქნება“.

სტადიონები

„როგორ უნდა გააკეთო საქმე კარგად და ცუდად, ამის ნათელი მაგალითია ზუგდიდისა და ბათუმის სტადიონები. ზუგდიდში პროფესიონალების რჩევა ყურად არ იღეს, აზრს კომპეტენტურ პირებს არ დაეკითხნენ და შედეგიც სახეზეა. ბათუმს რაც შეეხება, გულს უხარია იმის ყურება, რაც ხდება. როგორი სწრაფი ტემპით მიმდინარეობს მშენებლობა. ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით ამ ეტაპზე რაც შეგვიძლია ყველაფერს ვაკეთებთ.

მიმდინარე წელს იგეგმება სამ ქალაქში ახალი, ბუნებრივი საფარის დაგება. ეს ქალაქებია ქუთაისი, საჩხერე და რუსთავი. როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ქუთაისის მერია აპირებს სტადიონის რეკონსტრუქციას. ფოთშიც თითქმის დასრულებულია სტადიონის მშენებლობა. ერთადერთი, სადაც პრობლემა დღემდე ვერ მოგვარდა სამტრედიაა. კრიტიკული უნდა ვიყო ამ შემთხვევაში, რადგან მათ არ შეასრულეს პირობა. რაც ჩვენზე იყო დამოკიდებული გავაკეთეთ, მაგრამ თვითონ ასე არ მოქცეულან. ახლა, პირობა მოგვცეს, რომ გასახდელებს გაარემონტებენ და ვიმედოვენ ამ დაპირებას მაინც შეასრულებენ“.

ასაკობრივი ნაკრებები

„რა თქმა უნდა, ასაკობრივი ნაკრებების შედეგებით უკმაყოფილო ვარ. თუმცა, ბოლო პერიოდში პრინციპულად ბევრი ცვლილება მოხდა. რაც მთავარია, ჩვენ ჩამოვაყალიბეთ თითქმის ყველა ასაკში ნაკრებები დაწყებული 15 წლიდან, დამთავრებული 21-წლამდე. შედეგებს რაც შეეხება, ნამდვილად არ ვარ კმაყოფილი“.

სპონსორები

„რა თქმა უნდა, გვსურს, რომ მეტი სპონსორი ჰყავდეს, როგორც ფედერაციას, ისე ეროვნულ ლიგას. ამჟამად, ასეთი სიტუაციაა, რომელიც სახეზეა. მინდა გითხრათ, რომ ორ სერიოზულ კომპანიასთან მოლაპარაკებებს ვმართავთ და ვნახოთ, როგორ დასრულდება ეს მოლაპარაკებები.

მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გუნდების კერძო მფლობელობაში გადასვლა და დღეს, ეროვნულ ლიგაში მოთამაშე გუნდების უმეტესობა სწორედ ასეთია. საფეხბურთო კლუბები ბიუჯეტზე დამოკიდებულნი არ უნდა იყვნენ“.

ქართველები ქართული პასპორტის გარეშე

„ჩვენ ყველა იმ ფეხბურთელზე გვაქვს ინფორმაცია, რომლებიც საქართველოს მიღმა თამაშობენ და ქართული პასპორტი არ აქვთ. მათ შორის წიტაიშვილზეც, ჩვენ შევხდით მამამისს, თუმცა, აქ მეორე მხარეც არის. მხოლოდ ჩვენს ნება-სურვილზე არაა დამოკიდებული ყველაფერი. ბოლო პერიოდში ორ ფეხბურთელზე, ბექა ვაჩიბერაძეზე და ზაურ მახარაძეზე ასეთი პრობლემა წარმოგვეშვა - როდესაც, მათ უკრაინის ასაკობრივ ნაკრებებში ითამაშეს, მხოლოდ იქაური პასპორტი ჰქონდათ და ფიფას რეგულაცია კრძალავს ასეთ დროს მათ სხვა ნაკრებებში თამაშს. ამ ფეხბურთელებს იმ დროსაც რომ ჰქონოდათ ქართული პასპორტი, მაშინ პრობლემა არ წარმოიშვებოდა. იგივე მდგომარეობაა ახლა წიტაიშვილზეც, აკაკი გოგიაზეც. ფიფაში დაგვიპრდნენ, რომ ამ რეგულაციებს გადახედავენ და ვნახოთ, როგორ განივთარდება მოვლენები. ისე კი, საზღვარგარეთ მოთამაშე ფეხბურთელებს ყოველთვის ვაკვირდებით, მაგრამ ზოგჯერ ასეთ პრობლემებს ვაწყდებით“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციია 15 თებერვალს, 29-ე საარჩევნო ყრილობას მართავს, რომელიც 12:00 საათზე დაიწყება და მას სასტუმრო ჰუალინგი უმასპინძლებს. ლევან კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102019