კალათბურთი

2:03 | 10.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის ბრწყინვალე მატჩი და "უნიკახას" გამარჯვება ბოლო წამზე (+VIDEO)

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მეოცე ტურში მორიგი გამარჯვება მოიპოვა გიორგი შერმადინის „უნიკახამ“, რომელმაც „მანრესა“ ძალზე დრამატულ ბრძოლაში 99:97 დაამარცხა.

მთელი მატჩი დაძაბული სცენარით მიმდინარეობდა და ლოგიკურიც იყო, რომ გამარჯვებულის ვინაობა ბოლო წამზე გაირკვა. მატჩის დასრულებამდე 6 წამი რჩებოდა, როდესაც „უნიკახა“ 97:94 იგებდა, მაგრამ სტუმრებმა სამქულიანი ჩააგდეს და ანგარიში გათანაბრდა. მალაგელებს შეტევისთვის 5 წამი რჩებოდათ და ხსენებული დრო ჩინებულად გამოიყენეს - კაილი ვლიტერმა ორქულიანი საფინალო სირენასთან ერთად მოათავსა კალათში და „უნიკახამ“ დრამატულ ბრძოლაში იმარჯვა. სხვათა შორის, ზედიზედ მეორედ მოიგეს ანდალუზიელებმა მსგავსი სცენარით. მოგეხსენებათ, წინა ტურში „რეალს“ ოვერტაიმში სწორედ ბოლო წამზე აჯობეს.

რაც შეეხება გიორგი შერმადინს - ჩვენებურის როლი დიდია ამ გამარჯვებაში. გიორგიმ 21:13 წუთი ითამაშა, მაგრამ ხსენებული დრო საკმარისი გამოდგა იმისთვის, რომ ორივე გუნდის რიგებში გამორჩეული ყოფილიყო. „შერმინატორმა“ საკუთარ გუნდს 19 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი შესძინა. ჩვენებურმა 8-დან 7 ორქულიანი და 8-დან 5 საჯარიმო ჩააგდო.

შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 27-ს გაუტოლდა და ეს „უნიკახას“ რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გამოდგა. ცნობისთვის ამ კუთხით მეორე შედეგი 17-ს გაუტოლდა (ვლიტერისა და ხაიმე ფერნანდესის).

შერმადინი მარგი ქმედების კოეფიციენტითა და ჩაგდებული ქულებით მხოლოდ „მანრესას“ წევრ რაიან ტულსონს ჩამორჩა, რომელმაც 30 ქულა დააგროვა და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 31-ს გაუტოლდა.

„უნიკახას“ 20 შეხვედრაში 13 გამარჯვების საპირწონედ 7 მარცხი აქვს და მეოთხე ადგილზე იმყოფება. მალაგელები მომდევნო ტურში 3 მარტს, სტუმრად „ბასკონიას“ გაეჯიბრებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123043