ფეხბურთი

3:55 | 8.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

სამწუხარო ამბავი: ემილიანო სალას გარდაცვალება დადასტურდა

ემილიანო სალას გარდაცვალების ამბავი ოფიციალურად დადასტურდა. ლა მანშის სრუტის ფსკერზე დალექილ თვითმფრინავში ნაპოვნი ცხედარი ამოცნობილია და ის სალას ეკუთვნის. აღნიშნული ინფორმაცია დორსეტის პოლიციამ ტვიტერის გვერდზე გაავრცელა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გვამის ამოცნობა შესაბამისი პროცედურების დაცვით მოხდა და ამის შესახებ თავდაპირველად ოჯახს აცნობეს. ამრიგად, ინფორმაცია, რომლის დადასტურება ფეხბურთის არცერთ გულშემატკივარს არ სურდა, სამწუხაროდ, დადასტურდა. ემილიანო სალას სიცოცხლე 28 წლის ასაკში ტრაგიკულად შეწყდა.

ჯერჯერობით ახალი ცნობა არ გავრცელებულა 59 წლის პილოტის, დევიდ იბოტსონის შესახებ, რომელიც ამ დრომდე დაკარგულია.

შეგახსენებთ, 21 იანვარს, ემილიანო სალა კერძო თვითმფრინავით ნანტიდან კარდიფში მიფრინავდა, თუმცა ლაინერმა კატასტროფა განიცადა. თვითმფრინავს ლა მანშის სრუტეში ორი კვირის შემდეგ მიაგნეს და სწორედ მის ნაწილებში იპოვეს სალას ცხედარი.

მიუხედავად უდიდესი ტრაგედიისა, ფრანგული „ნანტი“ უელსურ „კარდიფს“ გარდაცვლილი ფეხბურთელის სანაცვლოდ 15 მილიონ გირვანქა სტერლინგს სთხოვს და თუ თანხა 10 დღის განმავლობაში არ დაიფარება, საქმეში სასამართლოს ჩარევასაც გეგმავს.

სტატისტიკა
0.272116