ჭიდაობა

20:25 | 3.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს "ბერძნულ-რომაული" ნაკრების 6 მედალი თურქეთიდან

სტამბულში დასრულდა ვები ემრესა და ამიდ ყაფლანის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. შეჯიბრების ბოლოს დღეს საქართველოს ნაკრებმა კიდევ 3 მედალი - 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო მოიპოვა.

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, ტურნირის ვიცე-ჩემპიონი დემურ ქავთარაძე (77 კგ.) გახდა, მესამე საპრიზო ადგილები კი საჩინო დავითაიამა (67 კგ.) და შალვა ხაჩიძემ (87 კგ) დაიკავეს.

შეგახსენებთ, რომ პირველ საფინალო დღეს ჩვენმა ნაკრებმა 1 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ჩემპიონი ოზურგეთელი ლევან ქავჟარაძე (63 კგ.) გახდა, ვინც ფინალში აზერბაინელი კამრან მამადოვი 7:1 დაამარცხა, ხოლო ბრინჯაოს მედლები ზურაბ მაჭარაშვილმა (55 კგ.) და გიორგი მელიამ (97 კგ.) მოიპოვეს.

საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 117 ქულით მესამე ადგილი დაიკავა. პირველ ადგილზე მასპინძელი თურქეთი გავიდა 205 ქულით, მეორეზე ირანი (149 ქულა).

"ვები ემრეს და ამიდ ყაფლანის" რიგით 37-ე საერთაშორისო ტურნირში, რომელიც UWW-ს ეგიდით გაიმართა, 11 ქვეყნის 200-ზე მეტმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130824