ფეხბურთი

4:05 | 3.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

"იუვეს" შავი კვირა და დამშვიდობება ლეგენდასთან ნეაპოლში

ტურინის „იუვენტუსის“ შავი კვირა - შეგვიძლია ასე დავასათაუროთ, რადგან მართლაც ძნელია იმის გახსენება, ბოლოს როდის გაუშვა ტურინულმა გრანდმა ორ თამაშში 6 გოლი.

შუა კვირაში იტალიის თასზე „ატალანტასთან“ (0:3) გამანადგურებელ მარცხს „პარმასთან“ საშინაო, „იუვესთვის“ არადამახასიათებელი ფრე მოჰყვა. არადა, ტურინელთათვის ყველაფერი ჩინებულად მიდიოდა. სახიფათო მომენტებსაც ჰქმინდა და მის კართაც მეტოქე მოახლოვებას ნორმალურად ვერც ახერხებდა. კრიშტიანუ 36-ე წუთზე ანგარიში გახსნა და მეორე ტაიმში დანიელე რუგანიმ სხვაობა გააორმაგა. თითქოს ყველაფერი გადაწყდა, მაგრამ თურმე, სოწრედ მაშინ იწყებოდა ყველაზე საინტერესო.

„პარმა“ ორბურთიან ჩამორჩენას არ შეუშინდა და ორ წუთში დაცვაში გაჩენილი ნაპრალებით ბარილა კარგად ისარგებლა. და მაინც, პარმეზანელებს გოლის აღნიშვნა ნორმალურად დასრულებული არ ჰქონდათ, კრიშტიანუმ დუბლი რომ შეასრულა და საკუთარი გუნდი ისევ ორბურთიანი სხვაობით გაიყვანა წინ. აი, შემდეგ კი, ტურინელები დაცვაში მართლაც ბევრს სცოდავდნენ. უფრო სწორედ ორჯერ შესცოდეს და როჯერვე ფატალურად დასრულდა ეს ყოველივე. ჯერ ჟერვინიომ დაასწრო გოლის ავტორ რუგანის და ქუსლით მოხდენილი გოლი მიითვალა. მსაჯმა 4 წუთი დაამატა და არაფერი აკლდა საფინალო სასტვენს, ისევ მარცხენა ფლანგი რომ ჩავარდა. ინგლეზეს კასერესმა ბურთი ჩინებულად წაართვა და მარიო მანჯუკიჩს გადააწოდა, რომელიც იქამდე ჩინებულად ირჯებოდა და ერთ-ერთი საუკეთესოც იყო, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ხორვატიც შეცდა. მარიომ იმის მაგივრად, რომ ბურთი მოეშორებინა, დროის გაყვანა და მის შენარჩუნებაზე იფიქრა. შედეგად, საკუთარ საჯარიმოს მისადგომებთან უცნაური პასი მეტოქემ ჩაუჭრა და მესამე გოლიც დაიბადა. გოლი, რომელიც ისევ ჟერვინიომ მიითვალა. მცველები აქაც საშინლად გაისარჯნენ, მაგრამ დამზღვევიც არავინ იყო, თანაც, მანჯუკიჩის შეცდომა მართლაც ფატალური გახლდათ.

3:3 და ბევრი საფიქრალი მასიმილიანო ალეგრის. ლეონარდო ბონუჩისა და ჯორჯო კიელინის ტრავმების დაცვაში დიდი კითხვის ნიშანი გაჩნდა და ამასობაში ჩემპიონთა ლიგაც კარსაა მომდგარი. ვნახოთ, როგორ დააღწევს „იუვენტუსი“ დაცვაში თავს დამტყდარ უბედურებას თავს. სხვათა შორის, იტალიის ჩემპიონს უიღბლობაც დასჩემდა. ფეხბურთელები გაუთავებლად იღებენ ტრავმებს. ამჯერად დუგლას კოშტა და ფედერიკო ბერნარდესკი იძულებით შეცვალეს. ჯერ მათი მდგომარეობა უცნობია, მაგრამ ფაქტია „ატლეტიკოსთან“ მატჩისწინ გუნდში ტრავმების ეპიდემიაა. თორემ, სერია A-ს რა უჭირს, „ნაპოლისთან“ ორიქულით კი შემცირდა სხვაობა, მაგრამ ისევ სოლიდურია და „ბებერი ქალბატონი“ 9 ქულით უსწრებს კონკურენტს.

სანამ „იუვენტუსი“ ქულებს დაკარგავდა, იქამდე „ნაპოლიმ“ „სამპდორიას“ ძალიან ადვილად, 3:0 მოუგო. ნეაპოლელებმა პირველი ტაიმის შუაწელს ორწუთიან ინტერვალში ორჯერ გაიტანეს და თამაშის ბედიც იქვე გადაწყვიტეს. ამ შეხვედრაში ორი მნიშვნელოვანი რამ მოხდა: ფაბიო კვალიარელამ გოლი ვერ გაიტანა და გაბრიელ ბატისტუტას რეკორდი (ზედიზედ 11 მატჩში გოლი) წინა ტურში კი გაიმეორა, მაგრამ ვერ გააუმჯობესა.

და, მთავარი - ნეაპოლი მარეკ ჰამშიკს დაემშვიდობა. „ნაპოლის“ ლეგენდა გუნდ ტოვებს და კარიერას ჩინეთში გააგრძელებს. ტრანსფერის გაოფიციალურებას ორშაბათს ელოდებიან. ფაქტია, სლოვაკი ფანებს დაემშვიდობა. ჰამშიკმა „ნაპოლის“ 12 წელი მიუძღვნა და თვით დიეგო მარადონას ხელუხლებელი რეკორდებიც დაამხო. მოკლედ, „ნაპოლის“ ისტორიაში დღეს ერთი დიდი ეპოქა დასრულდა. ახლა „აძურის“ ტიფოზები თავს იმით თუ ინუგეშებენ, რომ „იუვენტუსმა“ როგორც იქნა წაიფორხილა და ქულათა სხვაობა ცხრამდე შემცირდა.

ტური კი, ემპოლიში, აუტსაიდერთა ჯახით გაიხსნა, სადაც ადგილობრივი გუნდი „კიევოს“ დაუპირისპირდა. „მფრინავმა ვირებმა“ პირველივე ტაიმში ორბურთიანი ჰანდიკაპი მოიპოვეს, მაგრამ მაინც ვერ მოიგეს. „ემპოლის“ ქულა კაპუტომ გადაურჩინა. ტოსკანელთა რიგებში ითამაშა ლევან მჭედლიძემ, თუმცა ოდენ 7 წუთით.

22-ე ტურის მთავარი მატჩი კი, დღეს გვიან ღამით რომში შედგება, სადაც „რომა“ „მილანს“ უმასპინძლებს.

„იუვენტუსი“ – „პარმა“ 3:3 (1:0)

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“

„იუვენტუსი (4-3-3): პერინი; კანსელუ, რუგანი, კასერესი, სპინაცოლა; ხედირა (ბენტანკური 79), პიანიჩი, მატუიდი; დუგლას კოშტა (ბერნარდესკი 46, ემრე ჯანი 87), მანჯუკიჩი, რონალდუ

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

„პარმა“ (4-3-3): სეპე; იაკოპონი, ბრუნო ალვეში, ბასტონი, გალიოლო; კუცკა (სპროკატი 86), სკოცარელა (სტულაცი 76), ბარილა; ჟერვინიო, ინგლეზე, ბიაბიანი (სილიგარდი 57)

მწვრთნელი: რობერტო დ’ავერსა

გოლები: 1:0 რონალდუ (36), 2:0 რუგანი (62), 2:1 ბარილა (64), 3:1 რონალდუ (66), 3:2 ჟერვინიო (74), 3:3 ჟერვინიო (90)

გაფრთხილება: ემრე ჯანი (90) - ბარილა (26), სკოცარელა (28)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 18 (9) – 11 (5) ბურთის ფლობა: 67%-33% კუთხურები: 11:4 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: პიერო ჯაკომელი

„ემპოლი“ – „კიევო“ 2:2 (1:2)

გოლები: 0:1 ჯაკერინი (31), 0:2 სტეპინსკი (45), 1:2 კაპუტო (45), 2:2 კაპუტო (52)

„ნაპოლი“ – „სამპდორია“ 3:0 (2:0)

გოლები: 1:0 მილიკი (25), 2:0 ინსინიე (26), 3:0 ვერდი (89, პენ)

თეგებისერია A
სტატისტიკა
0.227782