ფეხბურთი

5:04 | 31.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსისა" და "რომას" კოშმარი (+VIDEO)

2014 წლის შემდეგ პირველად, სცენარი შეიცვალა - იტალიაში „იუვენტუსის“ გარდა სხვა გუნდიც დაასრულებს სეზონს ტიტულით. „ბებერი ქალბატონი“ იტალიის თასს მეოთხედფინალიდან გამოეთიშა და ზედიზედ ოთხჯერ მოგებულ ტიტულს ვეღარ დაიცავს.

კოშმარული დღე ჰქონდა მასიმილიანო ალეგრის გუნდს. ტურინელებმა ოთხი დღის წინ, „ლაციოსთან“ საშინლად ითამაშეს, მაგრამ ბოლოს მაინც მოიგეს. ახლაც, „იუვეს“ თამაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა და პირველ ტაიმში კარში საერთოდ არ დაურტყამს. საერთოდ კი, ერთხელ გააკეთა ეს და რა თქმა უნდა, მისთვის უკადრებელი შედეგია. საპასუხოდ კი, ბერგამოელებმა, რომლებიც ბრწყინვალე ფორმაში არიან, მეტწილად კი დუვან ძაპატა მრისხანე მეტოქე არ დაინდეს.

„იუვენტუსის“ პრობლემები 27-ე წუთზე კიდევ უფრო გაღრმავდა - ტრავმის გამო მოედანი ჯორჯო კიელინიმ დატოვა. „იუვეს“ ლაზარეთში არიან ანდრეა ბარძალი და ლეონარდო ბონუჩიც. შედეგად, ალეგრიმ დანიელე რუგანის მატია დე შილიო შეუწყვილა და ბუნებრივია, ამან შედეგი ვერ გამოიღო. დე შილიომ ორი გოლი პირადად აჩუქა მეტოქეს. ვერ ითამაშა სათანადო დონეზე კიელინის ნაცვლად მოედანზე შესულმა ჟოაუ კანსელუმ, რომელმაც 37-ე წუთზე ბურთი დაკარგა და ამ შეტევას კასტანეს გოლი მოჰყვა. მალევე, დე შილიოს ძაპატა ადვილად გაუმკლავდა და - 2:0.

ტურინელებმა მეორე ტაიმში სიტუაცია ვერ შეცვალეს და 86-ე წუთზე მესამეც გაუშვეს. დე შილიო შჩესნის უგორებდა ბურთს, მაგრამ ეს მეტისმეტად უხეიროდ გააკეთა და ისე გამოვიდა, რომ ძაპატა მასთან პირისპირ დატოვა. კოლუმბიელი ბოლო დროს დაფრინავს და ახლაც ასე იყო. „ატალანტა“ ნახევარფინალშია, სადაც ფლორენციის „ფიორენტინას“ შეხვდება. „იუვენტუსი“ კი ერთ ტურნირს უკვე დაემშვიდობა.

ტურინელებმა 2015, 2016, 2017 და 2018 წლებში მიჯრით მოიგეს სკუდეტო და იტალიის თასი, ახლა ასე ვეღარ იქნება. „იუვემ“ მიმდინარე სეზონში მეორედ წააგო თუმცა, „მანჩესტერთან“ მარცხი რა სახსენებელია ამასთან, მაშინ „იუვეს“ დიდი უპირატესობა ჰქონდა და არ გაუმართლა, დღეს კი, წაგება ალალად დაიმსახურა. ალეგრის სხვა საფიქრალიც აქვს - გუნდის საშინელი თამაშის ხარისხი და დაცვის ცენტრში ტრავმები. არავინ იცის, ბონუჩი, ბარძალი და კიელინი (რომელიმე მაინც) ჩემპიონთა ლიგამდე გამოჯანმრთელებას თუ მოასწრებენ... ვნახოთ, „ატლეტიკოსთან“ პირველი მატჩი სამ კვირაშია.

წეღან „ფიორენტინა“ ვახსენეთ და მათი თამაშიც უნდა გამოვყოთ. „იებმა“ „რომას“ უმასპინძლეს და ისეთი დრე აყარეს, მტრისას. „ჯალოროსის“ ისტორიაში ეს დღე შავ ფურცლად დარჩება. აბა, ხუმრობა საქმე ხო არაა, იტალიის თასზე, „ფიორენტინასთან“ 1:7 გაცამტვერება?!

ფედერიკო კიეზა იყო ბრწყინვალე, რომელსაც რომაელებმა ვერაფერი მოუხერხეს და ჰეთ-თრიქი შეასრულა. თუმცა, ვის მოუხერხეს? - ვერც ვერავის. ბოლოს ჯოვანი სიმეონემ დუბლი შეასრულა და თავის გუნდს დაუვიწყარი გამარჯვება მოუტანა, ხოლო „რომას“ სირცხვილის ჩამოწმენდა მოუწევს. ეუსებიო დი ფრანჩესკომ ნამატჩევს თქვა, რომ გადადგომას არ აპირებს და ვნახოთ, გადააყენებენ თუ არა... ისე, „რომამ“ 7:1 აქამდე „მანჩესტერთან“ და „ბაიერნთანაც“ წააგო და ეს ანგარიში ამ გუნდისთვის ნამდვილად სულისშემძვრელად გამოიყურება.

იტალიის თასის მეოთხე ნახევარფინალისტი კი დღეს, „ინტერისა“ და „ლაციოს“ შეხვედრაში გაირკვევა და გამარჯვებული „მილანს“ შეხვდება. მეორე წყვლი უკვე ვიცით: „ფიორენტინა“ – „ატალანტა“.

„ატალანტა“ – „იუვენტუსი“ 3:0 (2:0) VIDEO

ბერგამო, „ატლეტი აძური“

„ატალანტა“ (3-4-1-2): ბერიშა; ტოლოი, ჯიმშიტი, პალომინო (მაზიელო 89); ჰატებური, ფროილერი, დე რუნი (გოსენსი 90), კასტანე; გომესი; ილიჩიჩი (პაშალიჩი 26), ძაპატა

მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი

„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; დე შილიო, რუგანი, კიელინი (კანსელუ 27), ალექს სანდრო; ბენტანკური, ხედირა (პიანიჩი 71), მატუიდი; ბერნარდესკი, რონალდუ, დიბალა (დუგლას კოშტა 62)

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

გოლები: 1:0 კასტანე (37), 2:0 ძაპატა (39), 3:0 ძაპატა (86)

გაფრთხილება: ჯიმშიტი (43), ფროილერი (45), ჰატებური (54) - პიანიჩი (79), მატუიდი (88)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 8 (6) – 5 (1) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 3:5 თამაშგარე: 0:2

მსაჯი: ფაბრიციო პასკუა

„ფიორენტინა“ – „რომა“ 7:1 (3:1) VIDEO

გოლები: 1:0 კიეზა (7), 2:0 კიეზა (18), 2:1 კოლაროვი (28), 3:1 მურიელი (33), 4:1 ბენასი (66), 5:1 კიეზა (74), 6:1 სიმეონე (79), 7:1 სიმეონე (89)

Loading...
სტატისტიკა
0.253991