ფეხბურთი

3:06 | 29.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

მილოშ ლაჩნი: "ყოველთვის მემახსოვრება საქართველოში გატარებული პერიოდი"

რამდენიმე დღის წინ ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილმა ფეხბურთელმა მარეკ ჰლინკამ საქართველოში გატარებული პერიოდი სლოვაკურ მედიასთან რბილად რომ ვთქვათ, არცთუ თბილად გაიხსენა. თანამემამულისგან რადიკალურად განსხვავებული პოზიცია აქვს მილოშ ლაჩნის.

სლოვაკი თავდამსხმელის სიტყვებს "ტორპედოს" ფეისბუქგვერდი ციტირებს და მას უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოში გატარებული პერიოდი ყოველთვის კარგად მემახსოვრება. დღიდან დღემდე, ეს ქვეყანა სულ უფრო მიყვარდებოდა. შემიყვარდა ქართული კულტურა, ქართველი ხალხი, ქუთაისი!

ქართველებთან საერთო ენის გამონახვა არ გამჭირვებია. მშვენიერ გუნდში მოვხვდი, სადაც გუნდელები თავს ქართველად მაგრძნობინებდნენ. არ დამავიწყდება მომენტი, როცა გუნდის კაპიტანმა მითხრა, "შენ უკვე ქართველი ხარ, მილოშ..."

"ტორპედოსთვის" ყოველთვის 100%-ით ვიხარჯებოდი. ეს ყველაფერი კი თასის ფინალში დამიფასდა, სადაც ორი გოლი გავიტანე და კლუბს ტიტულის მოპოვებაში დავეხმარე, მაგრამ წასვლა მომიწია. მე ვიცი, რომ კლუბს ჩემი შენარჩუნება სურდა და სხვადასხვა გზების გამონახვას ეცადა, თუმცა ყველა ადამიანი განსხვავებულია.

მადლობა მთავარ მწვრთნელ კახა ჩხეტიანს, რომელიც გუნდში ძალიან კარგ ატმოსფეროს ჰქმნიდა. ამ რამდენიმე თვეში "ტორპედო" და ქუთაისელი ფანები ძალიან შემიყვარდა. დიდი იმედი მაქვს, ფანების გულიც მოვიგე. ძალიან დიდი მადლობა ამ დაუვიწყარი დროისთვის. ადრე თუ გვიან, საქართველოს ვეწვევი და ჩვენ ისევ შევხვდებით ერთმანეთს!", - ამბობს ლაჩნი.

შეგახსენებთ, მილოშ ლაჩნი "ტორპედომ" გასულ ზაფხულს "ჟილინადან" დაიმატა. 30 წლის სლოვაკმა ქუთათურთა რიგებში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 22 მატჩში 5 გოლის გატანა შეძლო. მათ შორის, ორი ყველაზე მნიშვნელოვანი კი, საქართველოს თასის ფინალში მიითვალა და ტიტულის მოპოვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109733